კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსთან, ანდრეი ერმაკთან დაკავშირებული ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღება მოითხოვა.
კონგრესმენ სპარცის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ერმაკის მისამართით, უკრაინაში განხორციელებულ ქმედებებზე და რუსეთთან მის სავარაუდო ურთიერთობაზე არაერთი სერიოზული ბრალდებაა გაჟღერებული. სპარცი აღნიშნავს, რომ კონგრესს ერმაკის შესახებ ეს ინფორმაცია სასწრაფოდ სჭირდება, რათა დაადასტუროს ან უარყოს გაჟღერებული სერიოზული ბრალდებები.
კონგრესმენი აღნიშნავს, რომ უკრაინის კონფლიქტში აშშ-ის ჩართულობის გათვალისწინებით, ამერიკელი ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულები არიან. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება უსაფრთხოების დახმარების გაზრდილი დონე და სიჩქარე, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია პრიორიტეტულად არ მიიჩნევს.
გარდა ამისა, წერილში კონგრესმენი სპარცი პრეზიდენტ ბაიდენის ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ ერმაკმა ოლეგ ტატაროვი თავის მოადგილედ დანიშნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ტატაროვი დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული პროკურორის დანიშვნას აჭიანურებს უკვე ერთ წელზე მეტია და პრეზიდენტმა ბაიდენმა ამის შესახებ კარგად იცის.
კონგრესმენის თქმით, აღნიშნული ქმედება სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის და ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დისფუნქციონირებას იწვევს.
„ტატაროვი NABU-ს მიერ 2020 წელს დანიშვნამდე გამოძიების ქვეშ იყო, სადაც მისი საქმე, სავარაუდოდ, არასათანადოდ გადაეცა ჩვეულებრივ პროკურორს და დაიხურა. ბატონი ტატაროვი ასევე იყო პოლიციის უმაღლესი თანამდებობის პირი ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის დროს და დევნიდა ევრომაიდანის მომიტინგეებს“, - აღნიშნავს კონგრესმენი.
„ვინაიდან პრეზიდენტი ზელენსკი ძალიან ბევრს მუშაობს დასავლეთთან და ჩვენს ქვეყანასთან ალიანსების დასამყარებლად, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ვაცნობოთ მას, მის გარშემო არსებული საკვანძო ადამიანების შესახებ არსებული შეშფოთების შესახებ. ეს ჩვენი ვალდებულებაა. მამაცი უკრაინელი ჯარისკაცებისა და ძლიერი უკრაინელი ხალხის წინაშე, რომლებიც ამ ბრძოლაში თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგისთვის იბრძვიან“, - აღნიშნავს კონგრესმენი ვიქტორია სპარცი.