ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ის იყო ადამიანი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსოფლიოს ახალ ლიდერად იქცა, უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაში, ასევე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ღიად აკრიტიკებდა პუტინის პოლიტიკას და დასავლეთს უკრაინის დასახმარებლად უფრო მეტად გააქტიურებისკენ მოუწოდებდა.
იყო პირველი ლიდერი, რომელიც ომის დროს უკრაინაში ჩავიდა და ამით დასავლეთის სხვა ქვეყნების პირველი პირებისთვის მუხტისა და მაგალითის მიმცემი გახდა.
მაშინ, როცა საერთაშორისო არენაზე ჯონსონის როლი და მნიშვნელობა უდიდესი იყო, საშინაო ფრონტზე არაერთი პრობლემა დაუგროვდა. მის გადადგომას წინ უძღოდა მთავრობიდან 60-მდე ადამიანის წასვლა. გადადგომების სერია სამშაბათს საღამოს დაიწყო.
პროტესტი მოჰყვა პრემიერ-მინისტრის ბოდიშს სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პარლამენტის წევრის, კრის პინჩერის სკანდალთან დაკავშირებით.
ვნახოთ ის ხუთი რამ, რასაც ბრიტანული გამოცემა BBC-ი ჯონსონის გადადგომის მიზეზებად ასახელებს.
კრის პინჩერის საქმე
დეპუტატი და "კონსერვატორების“ საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერი 29 ივნისს ერთ-ერთ ლონდონურ კლუბში იმყოფებოდა, სადაც მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, "ძალიან ბევრი ალკოჰოლი მიიღო და თავი შეირცხვინა.“
პინჩერი ორი მამაკაცის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, რასაც მოჰყვა სხვადასხვა დროს ჩადენილი სექსუალური შევიწროების ფაქტების გამოაშკარავების მთელი ჯაჭვი. თავდაპირველად დაუნინგ სტრიტზე განაცხადეს, რომ როდესაც ბორის ჯონსონმა პინჩერი თანამდებობაზე დანიშნა, არ იცოდა მისი "ამგვარი საქმეების" შესახებ. მოგვიანებით ჯონსონმა აღიარა, რომ რეალურად ყველაფერი იცოდა, თუმცა დაავიწყდა და ბოდიში მოიხადა მისი დანიშვნის გამო.
ბორის ჯონსონი კრის პინჩერთან ერთად
აღნიშნულის შემდეგ ბრიტანეთის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს. ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა საჯიდ ჯავადმა განაცხადა, რომ არსებულ მინისტრთა კაბინეტში მუშაობა აღარ შეეძლო
Partygate - ანუ პოლიტიკური სკანდალი, რომელიც "ლოქდაუნის" პერიოდს უკავშირდება
ბორის ჯონსონს ადანაშაულებდნენ "ლოქდაუნის" პერიოდში სხვადასხვა წვეულებების სტუმრობაში. პრემიერის კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ის დაესწრო ხალხმრავალ შეკრებას საკუთარ დაბადების დღეზე 2020 წლის ივნისში, მაშინ როცა ადამიანები კარანტინში იყვნენ და მკაცრად იყო გაწერილი სოციალური დისტანციისა და შეკრების წესები.
გარდა ამისა, ის დაადანაშაულეს დაუნინგ სთრითის ბაღში გამართული წვეულების გამო.
ბრიტანელი პოლიტიკოსის, სიუზან გრეის მოხსენებაში აღწერილია პოლიტიკური პერსონალის მიერ სოციალური შეკრებების მთელი სერია კარანტინის პერიოდში. "უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“, - წერს გრეი.
გადასახადების ზრდა
BBC-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში მკვეთრად გაიზარდა ინფლაცია. გამოცემა აღნიშნავს, რომ არსებობდა ბევრი პრობლემა, რომელიც ჯონსონის კონტროლს მიღმა იყო. მაგალითად, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია ნავთობისა და საკვების ფასის ზრდა. ამ ფონზე კი გაიზარდა გადასახადები. "ათწლეულების განმავლობაში ცხოვრების ყველაზე უარესი კრიზისის შუაგულში აღმოვჩნდით. მთავრობამ გადაწყვიტა გაუზარდოს გადასახადი მშრომელ ადამიანს“, - თქვა "ლეიბორისტების" ლიდერმა, კირ სტრამერმა.
ოუენ პატერსონის საქმე
2021 წლის ოქტომბერში თემთა პალატის კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია 30 დღით შეეჩერებინათ დეპუტატის უფლებამოსილება "კონსერვატორების" წარმომადგენლისთვის, ოუენ პატერსონისთვის.
კომიტეტში აცხადებდნენ, რომ პატერსონმა ლობისტური წესები დაარღვია და შეეცადა თავისი გავლენა გამოეყენებინა იმ კომპანიების სასარგებლოდ, რომლებიც მას ფულს უხდიდნენ. მაგრამ კონსერვატორებმა პრემიერ-მინისტრ ჯონსონის ხელმძღვანელობით, მხარი არ დაუჭირეს კომიტეტის წინადადებას და უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია დაბლოკეს. შექმნეს ახალი კომიტეტი იმისთვის, რომ შეემოწმებინათ, როგორ ჩატარდა გამოძიება.
პროტესტის შემდეგ პატერსონს მაინც მოუწია თანამდებობის დატოვება, მოგვიანებით კი ჯონსონმა აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა.
კონცენტრაციისა და იდეების ნაკლებობა
ბორის ჯონსონის კრიტიკოსები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ხელისუფლებაში იყო კონცენტრაციისა და იდეების ნაკლებობა. ჯონსონის ყოფილი მრჩეველი, დომინიკ ქამინგსი პრემიერის მთავარ კრიტიკოსად იქცა, მუდამ საუბრობდა ჯონსონის ექსცენტრიკულ ხასიათზე, რომ ის ხშირად იცვლიდა პოზიციას.
სხვები ეჭვქვეშ აყენებდნენ პრემიერ-მინისტრის ფილოსოფიას და ამბობდნენ, რომ დარწმუნებულნი არ იყვნენ, ჰქონდა თუ არა საერთოდ მას რაიმე ფილოსოფია.
კონსერვატორების წარმომადგენელმა და ყოფილმა მინისტრმა ჯერემი ჰანთმა ჯონსონი დაადანაშაულა "კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის ნაკლებობაში.“