Quo vadis!

Quo vadis!

ნამდვილად არ ვაპირებდი ამ სტატიის დაწერას. ჯერ ერთი მოუცლელობის გამო. მეორეს ერთი კი, გარკვეული იმედგაცრუების გამო.

მიკიბულ-მოკიბულად ლაპარაკს არ ვარ ჩვეული და პირდაპირ გეტყვით: ქართველი ერის, ანუ თითოეული ჩვენთაგანის მართლაც და გმირული ძალისხმევით არჩეულმა საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ და მისმა თითქმის ცხრათვიანმა მმართველობამ  ბევრი კითხვა გამიჩინა.

შორს ვარ იმ აზრისაგან შევაფასო დღევანდელი ვითარება ოთარ ჩხეიძის მკვახე სიტყვებით: „ფუჭი იმედი სასოწარკვეთაზე უარესია“. არც მასეა ჯერ საქმე, მაგრამ სერიოზული სჯა-ბაასის დაწყება იმაზე თუ როგორ ართმევს თავს ჩვენი მთავრობა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ნამდვილად დროულია.

„კი, მაგრამ, ხომ დავუხანით მიწა გლეხებს? ხომ გავაიაფეთ ბენზინი და წამლები? ხომ დავიჭირეთ ვანო და ბაჩო? ხომ დავიბარეთ პროკურატურაში ბევრი სხვა მიშისტი მაღალჩინოსანი? ხომ წავართვით პრეზიდენტს მთავრობის ერთპიროვნული დათხოვნის უფლება? გვაცალეთ ბატონო გვაცალეთ!“ - იტყვიან ალბათ ჩვენი გულმოსული მეგობრები „ქართული ოცნებიდან“.

გაცლით ბატონო გაცლით, მაგრამ ამით დათვურ სამსახურს ხომ არ გაგიწევთ?

იქნებ უკეთესი იქნებოდა, ჩემო მეგობრებო და თანამებრძოლებო, შიგადაშიგ ცალი თვალით მაინც გადმოიხედოთ თქვენი „ოლიმპოდან“ და მოისმინოთ სამართლიანი კრიტიკა?

და არა მარტო მოისმინოთ, გაიზიაროთ კიდეც?

დიდ მადლობას მოგახსენებთ ბევრი კარგი საქმის კეთებისათვის.

მადლობა ჯანდაცვის სფეროს რეფორმირების სურვილისათვის და პირველი დამაიმედებელი ნაბიჯებისათვის ამ მიმართულებით.

მადლობა იმისათვის, რომ საწვავით ვაჭრობიდან, როგორც ადრე იყო, აღარ მიდის ფული ნაციონალების „ობშიაკში“, რაც ბენზინის ფასებს შესამჩნევად დაეტყო.

მადლობა იმისათვის, რომ მთავრობამ ქართველი გლეხისაკენ გაიხედა, ვაუჩერები დაურიგა და ხვნა-თესვაში წაეხმარა.

მადლობა იმისათვის, რომ გონივრულად, პოლიტიკური კატაკლიზმების გარეშე ჩამოართვით შლეგად ქცეულ პრეზიდენტს, პარლამენტის დათხოვნის შემდეგ საკუთარი მთავრობის თვითნებურად ფორმირების უფლება. ვანო მერაბიშვილს კი, რომელიც ამ მართლაც და აპოკალიპტიური სცენარით მოვლენების განვითარების შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უნდა ჩადგომოდა სათავეში, საკადრისი ადგილი მიუჩინეთ. 

ალბათ კიდევ ბევრი მადლობის სათქმელი საბაბიც გამოინახება, მაგრამ მოდით გულზე ხელი დავიდოთ ყველამ და ღვთის წინაშე ჩავეკითხოთ საკუთარ თავს: „განა ეს საკმარისია?“

არა, და კიდევ ერთხელ, არა!    

როგორ შეიძლება არ დაეთანხმო გურამ სანადირაძის სიტყვებს: „უკანასკნელი ოცდაორი წელია საქართველოში ხელისუფლების ცვლა მიმდინარეობს წინამორბედი ხელისუფლების უარყოფის ხარჯზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყოველი ახალი ხელისუფლება აგრძელებს იგივე კურსს, რისთვისაც კიცხავდა წინა ხელისუფლებას, ოღონდ აგრძელებს ბევრად უფრო ცუდად. შედეგად, უარესდება და უარესდება ქვეყნის მდგომარეობა“.

იქნებ, იმიტომაც ხდება საქართველოში ყოველივე ზემოთაღნიშნული ასე, რომ ხელისუფლებისადმი „კუდის ქიცინს“ ვართ გადაყოლილები, სულ იმას ვლამობთ, „ვაცალოთ“ მას და მხოლოდ მაშინ დავცემთ „ბუკსა და ნაღარას“ როდესაც უკვე გვიანაა?

იქნებ აჯობებს, რომ არ ვაცალოთ?

თითოეულმა ჩვენთაგანმა თავად უნდა განსაჯოს ეს. მე კი იმით დავიწყებ, რომ შევახსენებ მკითხველს ერთ, საქართველოში საკმაოდ  პოპულარულ, გამონათქვამს იმის თაობაზე, რომ ჩვენში დღეს ინტელექტუალური და მაღალპროფესიული ადამიანების დიდი დეფიციტი შეიმჩნევა.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთაღნიშნულ მოსაზრებას მთლიანობაში არ ვეთანხმები, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მასში რაციონალური მარცვალიც ურევია.

ნამდვილად შესამჩნევია ინტელექტუალური და მაღალპროფესიული ადამიანების სიმცირე ჩვენი საზოგადოების  იმ წარმომადგენელთა შორის, რომელთა ასაკი ოციდან ორმოც წლამდე მერყეობს.

ან, სხვანაირად როგორ იქნებოდა? ეს ხომ ძირითადად ის ახალგაზრდობაა, რომელსაც გასაგები მიზეზებით, 1980-ანი წლების მიწურულიდან დღემდე, საშუალო და უმაღლესი განათლების მინიმალურად მისაღებ დონის მიღებაც  კი არ შეეძლო საქართველოში. პრესტიჟული საზღვარგარეთული დიპლომების მქონე ახალგაზრდობის ხვედრითი წილი კი სამწუხაროდ მათ შორის მიზერულია.

მიშას „ბესპრედელის“ პერიოდში ნაცმოელ ფუნქციონერთა მიერ უცხოეთიდან ჩამოტანილი 3-4-თვიანი კურსების გავლის შედეგად მიღებული სერტიფიკატები კი, ასევე სამწუხაროდ, დანიშნულებისამებრ კი არა, სულ სხვა ადგილას თუ არის გამოსაყენებლად ვარგისი.

57 წლის განმავლობაში იმდენი მაქვს ნანახი, რამ უნდა გამაკვირვოს, მაგრამ მაინც ვერ ვფარავ განცვიფრებას. „დეჟა ვიუს“ განცდა მეუფლება, როდესაც 2012 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კვლავ, ზუსტად ისევე როგორც მიშას მმართველობისას, თვალს ვადევნებ „ცხვირმოუხოცავ“ ახალგაზრდა მაღალჩინოსანთა სიმრავლეს საჯარო  სამსახურში. პროკურატურა იქნება ეს თუ სამინისტროები.  პოლიცია იქნება ეს თუ სხვა სახელმწიფო უწყება.

ზემოთაღნიშნულ სამსახურებში ბევრი რომ ეცადო, სანთლითაც ვერ იპოვნი, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ორმოცდაათს გადაცილებულ ან სამოცს მიტანებულ ადამიანებს.

და ეს ის ასაკოვანი, მაგრამ მხნე ადამიანები არ არიან, უმოწყალოდ რომ „ჩარეცხა“ სააკაშვილის გარეწარმა ხელისუფლებამ მხოლოდ იმიტომ,  ხნოვანნი იყვნენ და აქედან გამომდინარე, A priori,  ვითომდა კორუმპირებულნი?   

სხვათა შორის, ბევრი იმ უსწავლელ ახალგაზრდა მაღალჩინოსანთაგან, გაუგებრობითა თუ ნაციონალურ მოძრაობასთან მიტმასნების წყალობით რომ მოხვდა ადრე თბილ ადგილზე, გულწრფელად ელოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საჯარო სამსახურში „ვარდისფერი“ მმართველობის წლებში პოლიტიკური ნიშნით თუ ასაკის გამო სამსახურიდან უკანონოდ „გამოყრილი“ პატიოსანი და ხნოვანი  პროფესიონალების მასიურად დაბრუნებას.  

და რა კარგი იქნებოდა ყველასთვის, რომ  ამ ადამიანებს, პენსიამდე დარჩენილი იმ ხუთიოდე თუ ათიოდე წლის განმავლობაში, საშუალება მისცემოდათ თავიანთი მდიდარი გამოცდილება გაეზიარებინათ ახალგაზრდებისათვის და შრომითი საქმიანობის დასასრულს, ცოდნასთან ერთად, სიყვარულით გადაეცათ საკუთარი თანამდებობები მომავალი თაობისათვის.

ასეა მთელ მსოფლიოში, მაგრამ არა დღევანდელ საქართველოში!

ჩვენ მიერ არჩეული „საოცნებო“ ხელისუფლების მიერ მართულ საქართველოში „ეიჯიზმის“ ზეობაა.

ეიჯიზმი განისაზღვრება, როგორც ზოგიერთ ახალგაზრდისა და ზრდასრული ადამიანების ღრმად დამალული შფოთვის გამოვლინება ხანშიშესული ადამიანებისადმი, რომელიც ეფუძნება მუდმივ სტერეოტიპიზაციასა და დისკრიმინაციას დაბერების, ასაკის მატების გამო. საზოგადოების ახალგაზრდებზე ფოკუსირებაც ეიჯიზმის ტიპიური გამოხატულებაა.

რაოდენ დასანანია ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვან წილად კვლავ უსწავლელ, ახალგაზრდა კადრებს ეყრდნობა და ძალიან ხშირად გამოხედვაც არ უნდა ხნოვანი პროფესიონალებისაკენ. ეს ხომ, ნებსით თუ უნებლიეთ, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ გაკვალული „ეიჯისტური გენოციდის“ გზით სიარულის გაგრძელებას ნიშნავს და მეტს არაფერს.

„დაკარგულ და უსარგებლო თაობად“ ქცეულა დღევანდელ საქართველოში უამრავი ადამიანი.

ისინი - ვისაც ჯერ პენსიის ასაკიც კი არ შესრულებიათ.

ისინი - ვისი ხმების წყალობითაც მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში.

ისინი - ვისაც იმედით ჰქონდათ სავსე გულები 2012 წლის არჩევნებამდე და გულწრფელად სჯეროდათ, რომ „სამართალი ბოლოს და ბოლოს პურს შეჭამდა“ ჩვენ სამშობლოში.

ისინი - ვისაც ეს  გულები ალბათ პენსიამდეც გაუსკდებათ.

აი ასეთი ყოფილა თურმე ჩვენში  სამართლიანობის აღდგენა!

მაშ, ვაცალოთ არა?

არა, არ უნდა ვაცალოთ!

აღარ უნდა ვაცალოთ!

აღარ უნდა ვაცალოთ, თუნდაც იმიტომ, რომ გვახსოვდეს ჩვენი ერის მამის - ილია ჭავჭავაძის უკვდავი სიტყვები - „მოყვარეს პირში უძრახე და მტერს პირს უკანაო“!

აღარ უნდა ვაცალოთ იმიტომაც, რომ  ღირსეული პასუხი გავცეთ ამ სტატიის სათაურად ქცეულ ცნობილ ლათინური გამოთქმაზე Qou vadis, რაც ნიშნავს: „ვიდრე ჰხვალ“ ანუ „საით მიდიხარ?“

ვინაიდან თუ მუდმივად ვაცლით ყველას, ბოლოს და ბოლოს მოუსავლეთის გზას დავადგებით, საიდანაც მობრუნება არ გვიწერია.