„თუ საქართველოში ვინმე ФСБ-ს ნარატივს ავრცელებს, ეს „მთავარი არხია“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, „მთავარი არხის“ მიერ, გიორგი ვაშაძის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას.
ირაკლი კობახიძის თქმით, „მთავარი არხი“ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ნარატივის პროპაგანდით ცდილობს, ქვეყანა ომში ჩაერთოს.
„გუშინ, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი ლიდერი გამოვიდა და ომში ჩართვისკენ პირდაპირ მოგვიწოდა. თენგო გოგოტიშვილმა პირდაპირ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო დღეს ომში უნდა ჩაერთოს, პირდაპირ მოგვიწოდა ომში ჩართვისკენ. „მთავარი არხი“ ჩართულია იმ პროპაგანდაში, რომელსაც ვიღაცები ФСБ-ს პროპაგანდას უწოდებენ. როდესაც ამ ტელევიზიის ლიდერი, როგორც ამერიკის ელჩმა თქვა, ФСБ-ს ნარატივით მოგვიწოდებს ომში ჩართვისკენ, ეს ნიშნავს, რომ „მთავარი არხი“ ФСБ-ს ნარატივის პროპაგანდისტია. გუშინ გოგოტიშვილმა მოგვიწოდა ომისკენ, იქამდე - ეკა გიგაურმა, ლომჯარიამ, მიშა მშვილდაძემ, ვახო სანაიამ, დავით უსუფაშვილმა, გიორგი მარგველაშვილმა და სხვებმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გიორგი ვაშაძის თქმით, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარისა და მიხეილ ყაველაშვილის მიერ მმართველი პარტიის დატოვება ФСБ-ს გეგმის ნაწილი იყო.