ბოლო 24 საათის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის 30-ზე მეტმა მოხელემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.
5 ივლისს, სამთავრობო კრიზისის ფონზე, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა თანამდებობები დატოვეს.
მთავრობიდან წასული თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ მათ აღარ აქვთ ნდობა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიმართ.
თავის მხრივ, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზეზს ვერ ხედავს.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, კრისტოფერ პინჩერმა ნასვამ მდგომარეობაში ჩხუბი მოაწყო ლონდონის ერთ-ერთ კლუბში. არაერთი პოლიტიკოსი ამტკიცებდა, რომ ბორის ჯონსონმა პინჩერი საპარლამენტო ფრაქციის კოორდინატორის მოადგილედ დანიშნა, თუმცა იცოდა მისი წარსულის შესახებ. ჯონსონმა ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგა.