Black Sabbath - დასაწყისის დასასრული, თუ პირიქით?

Black Sabbath - დასაწყისის დასასრული, თუ პირიქით?

ამ ცოტა ხნის წინათ, აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით Deep Purple-ს ახალ ალბომთან დაკავშირებით. სულ რამოდენიმე დღის წინ კი მსოფლიო როკ საგანძური უძვირფასესი ალბომით შეივსო. Black Sabbath-ის ახალი ნამუშევრის - „13“ შესახებ,  მომავალში - ცივ გონებაზე, ალბათ უკეთ დაიწერება, მაგრამ ორიოდე მოსმენით მიღებული შთაბეჭდილების შესახებ აზრი რომ არ გამოგვეთქვა, სწორი ნამდვილად არ იქნებოდა.

ალბომის სახელწოდება სიმბოლურია და გარდა იმისა, რომ 2013 წელს უკავშირდება, ზოგადად Black Sabbath-თან დაკავშირებულ იდუმალებებსაც ფარავს, რადგან  მომავალ წელს რომ ჩაეწერათ, სავსებით შესაძლებელია, რომ მისთვის „14“ არც დაერქმიათ...

სამაგიეროდ იდუმალებით სულაც არაა მოცული Black Sabbath-ის წევრთა დამოკიდებულება ღვთის არსებობასთან დაკავშირებით. ალბომის ერთ-ერთ ცენტრალურ კომპოზიციაში God Is Dead, გადმოცემულია იმ ადამიანის უმწეო ხვედრი, რომელიც დაკარგავს რა რწმენას ახლობელ ადამიანებში და სიცოცხლეს გაიმწარებს კითხვით - არსებობს თუ არ არსებობს ღმერთი, საბოლოოდ რონი ჯეიმს დიოს პერიოდში ჩაწერილი Dehumanizer-ის Too Late-ის პერსონაჟის მსგავსად, წყვდიადში მხოლოდ საკუთარი სიჯიუტის წყალობით ჩაიკარგება. ამ ადამიანის ტანჯულ მდგომარეობას, ტონი აიომის სიღრმისეული სოლო ასახავს.

ეს სიმღერა სხვებზე ადრე გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში და მსმენელიც თავიდანვე მოუთმენლად დაგვადარაჯა რაღაც განსაკუთრებულის შესახვედრად. ალბომმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ერთგვარ ბომბად იქცა და ალბათ არ შეცდება ის, ვინც მას 21-ე საუკუნის უძლიერეს ჰარდ როკ ნამუშევრად შერაცხავს... 

„13“ -ის ტექსტები მთლიანად ოზი ოსბორნისა და ბასისტ გიზერ ბატლერის ქმნილებაა. მუსიკალური მხარის წარმოჩენაში კი ზემოთხსენებულ დუეტთან ერთად,  რა თქმა უნდა, უმთავრესი როლი გიტარისტ ტონი აიომის ენიჭება. უთანხმოების შედეგად ბილ უორდის შემცვლელად Rage Against the Machine-ის დრამერი ბრედ უილკი იქცა. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ Black Sabbath-ის ამჟამინდელი პროდიუსერი ცხრაგზის გრემის ნომინანტი რიკ რაბინია. მან კოლექტივთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2001 წელს დაიწყო, როდესაც ამავე შემადგენლობით ჯგუფი ახალ ალბომზე მუშაობას შეუდგა. „13“-სთვის მასალა დიდწილად მაშინვე მომზადდა, მაგრამ ოზი უეცრად სოლო ალბომის ჩასაწერად გაეშურა, ამას დაემატა ცნობილი სერიალი, Black Sabbath-ის წევრთა გზები ტრადიციულად დაიქსაქსა და ოფიციალური გაერთიანების შესახებ კოლექტივმა უკვე ათი წლის შემდეგ, 2011 წლის 11 ნოემბერს განაცხადა.

ამ ამბავმა Black Sabbath-ის  მოყვარულები უზომოდ გაახარა, რადგან ოზისთან ერთად ჩაწერილმა 1998 წლის საკონცერტო Reunion-მა მრავალი კითხვა პასუხის გარეშე დატოვა. მაშინ ხომ საოცარ ფორმაში მყოფი ჯგუფი, ორად-ორი ახალი სიმღერით - Psycho Man და Selling my Soul შემოიფარგლა. როკ-საზოგადოება კი მოუთმენლად ელოდა „ოზის ბლექ საბათის“ სრულყოფილ სტუდიურ ალბომს, რომელსაც საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა ჰარდ ენდ ჰევი მეტალ სცენაზე.

და ეს სიტყვა ითქვა! რიგით მეცხრამეტე ალბომმა ცხადყო, რომ  Black Sabbath კვლავაც ჰევი მეტალ სცენის ნოვატორი და იდეების გენერატორია. როდესაც მისი არაერთი მიმდევარი იდეების დროდადრო ამოწურვას ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვით „აკომპენსირებს“ და რეპერტუარს სტილისტურად „ამრავალფეროვნებს“,  Black Sabbath-მა ახალი ალბომით სასიამოვნო თავსატეხი გაუჩინა როკ მუსიკის გურმანებს. მაინც როგორ ახერხებს კოლექტივი მისსავე დატკეპნილ, თითქოს საკმაოდ შეზღუდულ მუსიკალურ არეალში ამდენი ოქროს თევზის დაჭერას, რაც გამოიხატება მელოდიურობაში, სითბოში, სიღრმეში და გნებავთ სიყვარულში?

ამ სიტყვების ცხადი გამოხმაურებაა გამხსნელი კომპოზიცია End Of Beginning. ტექსტუალურად ნაწარმოები God Is Dead-ის მსგავსად, ადამიანის დანიშნულებაზე, პოზიციაზე და მსოფლმხედველობაზე მოგვითხრობს გარშემომყოფ სამყაროში. პირველივე ნოტები ალბომის დიდ სიღრმეზე მიგვანიშნებენ, რადგან სიმღერა Black Sabbath-ის სადებიუტო ალბომის გამხსნელი კომპოზიციის მოტივებს გადმოგვცემს. თემა ტრადიციულ Black Sabbath-ურად თანდათანობით ვითარდება, სიმძლავრე და გამორჩეული ენერგეტიკა აიომი-ბატლერის განუმეორებელ ნატიფ ჟღერადობაში გარდაისახება, ოზის ვოკალის პარტია კი ისე ეხმიანება აიომის სხვადასხვა ხმაზედ დაკრულ სოლოებს, რომ მგრძნობიარე მსმენელს სადებიუტო ალბომ Black Sabbath-ის Technical Ecstasy-ურად წარმოსახვის საშუალებას ანიჭებს.

სხვათა შორის 1976 წლის ალბომის ხაზს გარკვეულწილად მესამე სიმღერა Loner-იც განავრცობს. შემდეგ კი მოდის სიმღერა - გამოცანა Zeitgeist, რაც გერმანულად „ჟამიერების სულს“ აღნიშნავს. ეს არაა Paranoid-ის Planet Caravan. უფრო შეგვიძლია შევადაროთ ალბათ Planet Caravan-ს, Sabbath Bloody Sabbath-ში რომ შესრულებულიყო. ამაზე ტონი აიომის აკუსტიკური გიტარის ფონზე დაკრული  უცნაური სოლოც მეტყველებს, რომლის მსგავსიც მხოლოდ 1973 წლის ალბომში,  ინსტრუმენტულ Fluff-ში მოიპოვება...

Age of Reason სიმღერა-თხრობა-მხილებაა მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროცესების თანამედროვე ზეობის პერიოდში მცხოვრები ადამიანისა. Black Sabbath მას სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. ამგვარ მიდგომას ამძაფრებს გუნდურ ფონზე აიომის მიერ დაკრული უნატიფესი სოლო. 

უცნაურია, მაგრამ მომდევნო სიმღერა Live Forever, ოზი ოსბორნის პერიოდის ყველაზე უღიმღამო ალბომ Never Say Die-ის (კარგი რომ გამოსულიყო) ხასიათის მატარებელია, თანაც Live Forever აზრობრივად ხომ Never Say Die-ის სინონიმია.

სიმბოლიკა ალბომში უხვადაა და მომავალში სხვა სიმღერების ტექსტების გაშიფვრისას, კიდევ უფრო აშკარად წარმოჩინდება. მომდევნო სიმღერა Damaged Soul,  ბრიტანული ბლუზ როკის მარადიული ფესვების საფუძვლიანობაზე მეტყველებს. აიომი - ბატლერის წამიერი ჩაღრმავება მათივე გასაოცარი რიტმ ენდ ბლუზური გაფრენის ფონზე ვითარდება. აიომის დიდებულ სოლოს აქ ოზის ჰარმონიკა გასდევს თანამგზავრად, რაც მსმენელს ძალაუნებურად სადებიუტო ალბომის The Wizard-ს მოაგონებს.  

ალბომის იდეური ღერძის დამაბოლოვებელი აკორდი კი Dear Father გახლავთ. ყველაზე მეტად ალბათ Master Of Reality-ის სულისკვეთების მატარებელი, დამტკბარი ოზის მისამღერის ფონზე, იგი უეცრად ლამაზად „ბიტლურ“ აკორდებში გადაიზრდება, შემდეგ კვლავ უბრუნდება „პირქუშ რეალობას“. თემის განმეორების შემდეგ კი დრამერი გადასვლებით დიდებულად წარმართავს ნაწარმოების ხასიათს. წამიერი მრავალხმიანობით დამშვენებული და ტონალობაში აღმავალი  ოზის მომდევნო მისამღერი თითქოს აიომის სოლოსთვის გვამზადებს, მაგრამ სინამდვილეში თემა კვლავ მეორდება, სიმღერა სოლოს გარეშე რჩება და საბოლოოდ მთავრდება სადებიუტო ალბომიდან ჯგუფის სახელწოდების მატარებელი ჰიმნის საწყისი ნოტებით - ქუხილისა და წვიმის ფონზე ზარების ხმით...

მაგრამ ესეც ხომ სიმბოლურია, თუკი ალბომ 13-ის პირველი სიმღერის სათაურსა და ტექსტს გადავავლებთ თვალს, სადაც ვკითხულობთ - დასაწყისის დასასრულია ეს, თუ დასასრულის დასაწყისი? ისედაც ბუნდოვანი კითხვა ამ წუთას Black Sabbath -ისა არ იყოს, მოდით ჩვენც უპასუხოდ დავტოვოთ და ვისურვოთ, რომ ლეგენდარულმა ჯგუფმა მომავალში მეოცე ალბომითაც დაგვასაჩუქროს.

ოფიციალური ალბომი Dear Father-ით მთავრდება და ქრონომეტრაჟით 54 წუთს მოიცავს. ოთხ ბრწყინვალე დამატებულ სიმღერასთან ერთად კი სიამოვნება საათსა და თხუთმეტ წუთამდე გრძელდება.