პოლონეთის პრემიერი: სამწუხაროდ, სანქციების ეფექტი საშუალოვადიან პერსპექტივაში, ერთ, ორ ან ხუთ წელიწადში დადგება - მოკლევადიან პერსპექტივაში კი სასაქონლო ფასების ზრდის გამო, რუსეთი უვნებელი გამოდის ამ მდგომარეობიდან

პოლონეთის პრემიერი: სამწუხაროდ, სანქციების ეფექტი საშუალოვადიან პერსპექტივაში, ერთ, ორ ან ხუთ წელიწადში დადგება - მოკლევადიან პერსპექტივაში კი სასაქონლო ფასების ზრდის გამო, რუსეთი უვნებელი გამოდის ამ მდგომარეობიდან

დღეს ჩემი მთავარი საზრუნავი დღეს უკრაინის მხარდაჭერაა საერთაშორისო დახმარების ორგანიზებითა და იარაღის მიწოდებით, ვინაიდან ჟანგიანი რუსული სატკეპნი უკრაინაში წსინსვლას განაგრძობს, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ გამოცემა Polska Times-თან ინტერვიუში.

„სევეროდონეცკი პრაქტიკულად რუსეთის ხელშია, ლისიჩანსკისთვის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. სამწუხაროდ, უკრაინიდან სიგნალები სულ უფრო პესიმისტური ხდება. დასავლეთის უამრავი ქვეყნიდან დახმარება ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა. დასავლეთიდან საარტილერიო სარაკეტო სისტემებისა და ჰაუბიცების მიწოდება ძალიან ნელა მიმდინარეობს. ძალიან ბევრი მათგანი ჯერ კიდევ განცხადებების დონეზეა. ეს ომი საარტილერიო ომია. უკრაინას სჭირდება არტილერია“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მატეუშ მორავეცკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე და აღნიშნა, რომ სანქციები ძლიერია, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში იმუშავებს.

„სანქციები რუსეთის ეკონომიკურ პოტენციალს მნიშვნელოვნად უთხრის ძირს და მისი იზოლაცია უნდა გამოიწვიოს. სამწუხაროდ, სანქციების ეფექტი საშუალოვადიან პერსპექტივაში, ერთ, ორ ან ხუთ წელიწადში დადგება. მოკლევადიან პერსპექტივაში კი სასაქონლო ფასების ზრდის გამო, რუსეთი უვნებელი გამოდის ამ მდგომარეობიდან, რადგან გაზისა და ნავთობის მიწოდებისთვის მყარ ვალუტას იღებს. ეს, რა თქმა უნდა, უზარმაზარი პრობლემაა, რადგან დასავლეთის სანქციების პირობებშიც კი, რუსეთმა შესაძლოა თავისი საქონელი სხვაგან გაყიდოს“, - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ.

კითხვაზე -არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ უკრაინის ომი ყველა ჩვენგანისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა? საზოგადოება, ასევე დასავლელი პოლიტიკოსები და ჩვენ მას ყოველდღიურობად მივიჩნევთ?- პოლონეთის პრემიერმა უპასუხა:

რაც შეეხება პოლონელებს და პოლონური მედიის უმეტესობას, ასეთ ფრაზას არ გამოვიყენებდი. თუმცა, მართალია, დასავლური საზოგადოებრივი აზრი ნელ-ნელა იღლება ამ თემით. სწორედ ამიტომ ჩვენ შევეცადეთ წარმოგვედგინა რუსების მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების მასშტაბები მრავალი აქტივობით, მათ შორის ფართომასშტაბური აქციით „შეაჩერე რუსეთი ახლავე“. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დასავლურმა საზოგადოებებმა უნდა გაიგონ, რომ ეს ომი ასევე მათი უსაფრთხოებისთვისაა. ვშიშობ, რომ მომდევნო თვეები უფრო მეტ გულგრილობას მოიტანს და ეს უაღრესად საშიში ფენომენია. სამწუხაროდ, პუტინსაც ამის იმედი აქვს.