პოდოლიაკი: ლისიჩანსკიდან და ლუგანსკის ოლქიდან დროებითი უკან დახევის საკითხი არა დონბასის დაკარგვის, არამედ დონბასის სწორი დაბრუნების საკითხია

პოდოლიაკი: ლისიჩანსკიდან და ლუგანსკის ოლქიდან დროებითი უკან დახევის საკითხი არა დონბასის დაკარგვის, არამედ დონბასის სწორი დაბრუნების საკითხია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ლისიჩანსკიდან გასვლა ტაქტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც შემდგომში უკრაინას დონბასის რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლების საშუალებას მისცემს.

მიხეილ პოდოლიაკის თქმით, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა უფრო პროფესიონალურად მოქმედებს, ვიდრე რუსეთის საოკუპაციო ძალების უმაღლესი ხელმძღვანელობა.

„რა თქმა უნდა, უკრაინაში მართვისა და კონტროლის ხარისხი, ოპერაციების დაგეგმვის ხარისხი გაცილებით მაღალია და შედარებითი პარიტეტის გათვალისწინებით, შეგვიძლია რუსები დავამარცხოთ. რუსეთის პრობლემა ის არის, რომ ის რაოდენობით და არა ხარისხით იბრძვის. ჩვენ ხარისხიანად ბრძოლა გვინდა. ჩვენ მინიმუმამდე ვამცირებთ დანაკარგებს და ლისიჩანსკიდან და ლუგანსკის ოლქიდან დროებითი უკან დახევის საკითხი არა დონბასის დაკარგვის, არამედ დონბასის სწორი დაბრუნების საკითხია“, - განმარტა პოდოლიაკმა.

4 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ჯარები ლისიჩანსკში თანამედროვე იარაღის მიწოდების ტაქტიკის წყალობით დაბრუნდებიან.