ჩავუშოღლუ: თურქეთი შვედეთსა და ფინეთს ნატოში არ დაუშვებს, თუ სტოკჰოლმი და ჰელსინკი თურქეთისთვის მიცემულ დაპირებებს არ შეასრულებენ

ჩავუშოღლუ: თურქეთი შვედეთსა და ფინეთს ნატოში არ დაუშვებს, თუ სტოკჰოლმი და ჰელსინკი თურქეთისთვის მიცემულ დაპირებებს არ შეასრულებენ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთსა და ფინეთს ნატოში არ დაუშვებს, თუ სტოკჰოლმი და ჰელსინკი თურქეთისთვის მიცემულ დაპირებებს არ შეასრულებენ.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, შვედეთი და ფინეთი ალიანსში ვერ გაწევრიანდებიან, თუ თურქეთის პარლამენტი მათი ნატოში გაწევრიანების განაცხადების რატიფიცირებას არ მოახდენს.

„შვედეთმა და ფინეთმა მემორანდუმი უნდა შეასრულონ. თუ ისინი მას არ შეასრულებენ, ჩვენ მათ ნატოში არ მივიღებთ“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მან გაიმეორა, რომ შვედეთმა, ფინეთმა და ნატოს მოკავშირეებმა პატივი უნდა სცენ თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს და დასძინა, რომ ორი სკანდინავიური ქვეყნის ლიდერები და მაღალი რანგის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ ისინი არანაირ მხარდაჭერას არ გაუწევენ ტერორისტულ ჯგუფებს.

30 ივნისს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა თურქეთისთვის მიცემული დაპირებები უნდა შეასრულონ, მათ შორის ოფიციალური სტოკჰოლმის დაპირება 73 „ტერორისტის“ ექსტრადირებაზე.

ერდოღანმა შვედეთსა და ფინეთს განუცხადა, რომ კვლავ შეუძლია დაბლოკოს მათი სწრაფვა ნატოში გაწევრიანებისკენ, თუ ისინი ანკარასთან ახალ შეთანხმებას არ განახორციელებენ.