ტექნიკური მთავრობის არსი და წინა პირობები, პოლარიზაციის კიდევ უფრო გამწვავება დეპოლარიზაციის ნაცვლად, "ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად გასული" დეპუტატები და რუსულ-დასავლური ინტერესები - ეს არის თემები, რომელთა შესახებ პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე გვესაუბრა:
- საზოგადოებრივი და პოლიტელიტის შეთანხმების გარეშე ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება შეუძლებელია. არ ვიცი, ტექნიკური მთავრობის სხვა მაგალითი არსებობს თუ არა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ეს ტერმინიც კი არ მსმენია, თუმცა ორივე მხარეს თავისი არგუმენტები მოჰყავს. ძალიან გამოცდილმა ადამიანმა, კურტ ვოლკერმა, რომელიც ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (ჩEPA) ექსპერტი, აშშ-ის ყოფილი ელჩია ნატოში, აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებზე საუკეთესო პასუხი საქართველოსთვის ტექნიკური მთავრობის შექმნა კი არა, არაპარტიული, ტექნოკრატიული კომისიის შექმნაა, ოღონდ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, რათა შეიმუშაოს წინადადებები ევროკომისიის თითოეულ რეკომენდაციაზე. ვოლკერის თქმით, ტექნიკური მთავრობის შექმნა აბსურდია და ასეც არის. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ოპოზიციას უჭერს მხარს, როდესაც სვამენ კითხვას, როგორ უნდა დაკომპლექტდეს ტექნიკური მთავრობა, ასახელებენ ისეთ პირებს, რომლებიც მათი ინტერესების გამტარებლები არიან. არადა, ტექნიკური მთავრობის დედააზრი ისეთ პირთა ერთობლიობაა, რომლებიც ყველანაირი პოლიტიკური გემოვნების ადამიანის ინტერესს წარმოადგენენ და პროფესიონალებიც არიან, რადგან ესა თუ ის საქმე უნდა ჩაიბარონ... "შინ ევროპისკენ" აქციის ორგანიზატორები და მონაწილეთა ნაწილი რასაც ითხოვენ, იმის გაკეთება შეუძლებელია, რადგან საზოგადოებას, პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა აზრი აქვს. ამიტომაც ვოლკერმა შემოგვთავაზა ტექნოლოგიური კომისია, რომელიც შექმნის სქემას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ ამ ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ოღონდ მისი დაკომპლექტება შეიძლება პროფესიონალებით, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანებისთვის მისაღები იქნება, ანუ მხარეების შეთანხმების საფუძველზე. საბოლოოდ, პროექტი განსახილველად და დასამტკიცებლად სპეციალურ საპარლამენტო კომისიას უნდა წარედგინოს, რომელიც შედგება ყველა საპარლამენტო პარტიისგან და მხოლოდ ამ მიზნით შეიკრიბება. შეიძლება ითქვას, რანგი კი დაიწეოდა, მაგრამ ხარისხი გაუმჯობესდებოდა და პროექტიც უფრო საქმიანი იქნებოდა.
- კურტ ვოლკერის შეთავაზება მხარეებს არც კი განუხილავთ, არა?
- დიახ, იმიტომ, რომ ჩვენ არავის მოსმენა არ გვიყვარს. ოპოზიციას როცა უნდა დასავლური წრეებისკენ მიმართავს ყურადღებას და ამით აპელირებს, თუ არ სჭირდება, არც კი ახსენებს, თითქოს არც არსებობს. მიშელის დოკუმენტი გავიხსენოთ, დიდი ხნის განმავლობაში ხელს არ აწერდნენ, თუმცა, როცა დასჭირდათ, მთლიანად დასავლეთისკენ მიმართეს ვექტორი. ამიტომაც ჩაიარა უჩუმრად ვოლკერის რეკომენდაციამაც. თითქოს არც გაუგიათ. ასე რომ, ახლა პოლიტიკურ წრეებში ისეთი განწყობაა და პოლარიზაციაც ისეთი მწვავეა, ჯერჯერობით ვერაფერზე მოილაპარაკებენ. ისიც აშკარაა, რომ ტექნიკური მთავრობის იდეა და მისი "თავისიანებით" დაკომპლექტება სურთ. მეორე მხრივ, გვყავს მმართველი გუნდი, რომელიც ოპოზიციის არათანამიმდევრულობას ძალიან კარგად იყენებს.
- "ქართული ოცნება" სამმა დეპუტატმა დატოვა, "საზოგადოებისთვის ბევრად მეტი სიმართლის სათქმელად". დამაჯერებლად მიგაჩნიათ სუბარი-ყაველაშვილი-ხუნდაძის არგუმენტი?
- სათქმელი ნამდვილად არის და მათი ნაწილი ჩემთვის ცნობილია, მაქვს ინფორმაცია, თუ რა ტიპის შემოთავაზებები იყო გარკვეული დასავლური ძალებისგან ქართული მხარისთვის, იმაზეც მაქვს ინფორმაცია, თუ რა უპასუხა ქართულმა მხარემ, - ამ ნაბიჯს თუ გადავდგამთ და საქართველოში სამხედრო მოქმედებები გამწვავდება, როგორი იქნება თქვენი რეაქციაო, რაზეც მათ სიჩუმით უპასუხეს... ისიც ვიცი, როგორ იყო ზეწოლის ფორმები...
- ვისგან და რა სახის შემოთავაზებებს გულისხმობთ?
- ყველა დეტალის გამხელის უფლება არ მაქვს, მაგრამ უკრაინის ომის ბარიკადის ორივე მხარეს მდგომ პოლიტიკურ ბანაკებში არიან ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები, ვგულისხმობ როგორც რუსეთს, ასევე დასავლეთს, რომლებიც ადგილობრივ პოლიტიკოსებზე ზეწოლას ახდენენ. მარტის დასაწყისში ამის შესახებ საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელსაც ესაუბრნენ... აქ საყურადღებოა ერთი გარემოება - ეს არ იყო ერთი რომელიმე ქვეყნის გადაწყვეტილება. ეს რომ კოლექტიური დასავლეთის გადაწყვეტილება ყოფილიყო, ზეწოლას სხვა ფორმა ექნებოდა. საქართველოსა და მოლდოვის ჩართვა საომარ მოქმედებებში - ნამდვილად იყო ასეთი განწყობა, მაგრამ იმის თქმა არ შეიძლება, რომ ეს მთელი დასავლური ელიტის პოზიცია იყო. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია, უკრაინის პარალელურად, საქართველოს, მოლდოვასა და, დიდი ალბათობით, ყაზახეთზეც გავრცელებულიყო, მაგრამ თავისი ვერ გაიტანეს, არ აჰყვნენ... ცხადია, რუსი პოლიტიკოსი დარწმუნებული იყო, რომ ომის ახალი კერებით უკრაინასა და დანარჩენ სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანასაც მათ ორბიტაზე დააბრუნებდა.
- პატრუშევის კონკრეტული გეგმა რა იყო?
- ამ ქვეყნებში რუსული სამხედრო ძალების შესვლა, ბარემ დისკრედიტირებული ვართ საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში და ბარემ მოვასუფთაოთ პოსტსაბჭოთა სივრცეო. "მოსუფთავებაში" იგულისხმებოდა სამხედრო მოქმედებების ფონზე ამ ქვეყნებში ანტიდასავლური ძალების გააქტიურება და პროდასავლური ძალების ბოლომდე განდევნა, რათა რუსეთს ამ ქვეყნებზე საოცნებო კონტროლი აღედგინა. თავის მხრივ, დასავლური ძალების ინტერესი იყო კიდევ რამდენიმე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ, რათა ეს ქვეყანა მსოფლიოს თვალში კიდევ უფრო დისკრედიტირებული ყოფილიყო. ახალ-ახალი ომების პარალელურად, რუსეთის პოზიცია უფრო მეტად და სწრაფად შესუსტდებოდა, მთლიანობაში კი რუსეთზე შეტევა ბევრად მასშტაბური უნდა გამხდარიყო.
ამიტომ ოპოზიციის ყვირილი, რომ დასავლეთში ამით დაინტერესებული არავინ ყოფილა, მეორე მხრივ კი, მმართველი გუნდისგან იმაზე გაჩუმება, რომ ასეთი ფრაზა დასავლეთისგან მოისმინა, შეცდომად მიმაჩნია. მმართველ გუნდსაც და ოპოზიციასაც ქვეყნის წინაშე თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ. ამისთვის მთავარი პირობაა დეპოლარიზაცია, რისი წინა პირობაც არ ჩანს და არც ველოდები, რადგან უპირველესად გასათვალისწინებელია მხარეების, ამ შემთხვევაში, ოპოზიციის, კონკრეტულად კი "ნაციონალური მოძრაობის" ამოცანა, რომელიც სამი მთავარი პუნქტისგან შედგება: ხელისუფლების დისკრედიტაცია, მისი ჩამოშორება, ბოლოს კი ძალაუფლების ხელში ჩაგდება. შესაბამისად, დეპოლარიზაცია შეუძლებელია, რადგან თავიანთ გეგმებს არავითარ შემთხვევაში არ დათმობენ. ამიტომაც უგზავნიან დასავლეთს მუდმივად გზავნილს, ოპოზიციას ხელისუფლება ჩაგრავს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, მისი მთავარი ამოცანაა ხელისუფლების შენარჩუნება. მან თავად შექმნა ისეთი მოცემულობა, რომ ოპოზიციის მთავარი ძალა "ნაცმოძრაობაა". ეს შეცდომა მათი ხელისუფლებაში მოსვლიდანვე დაუშვეს, ისევე როგორც კოაბიტაციის მახინჯი ფორმა, "ნაციონალებისთვის" გარკვეული პრეფერენციების მიცემა, რათა დასავლურ წრეებში არ ეთქვათ, რომ ოპოზიციაში გადასულ გუნდს ჩაგრავდნენ. დღეს ამ შეცდომის შედეგს იმკის ხელისუფლება, რომელმაც ვერაფრით მოახერხა სხვა პოლიტიკურ ძალებთან საერთო ენის გამონახვა. ისინი კი მწირი რესურსებისა და სხვა პრობლემების გამო იძულებული არიან "ნაციონალების" დღის წესრიგით იმოქმედონ. ამიტომ ხელისუფლებას დეპოლარიზაცია არ გამოუვა, ოპოზიციას კი, რომლის ფლაგმანი "ნაცმოძრაობაა", არ სურს. დეპოლარიზაციის შესამცირებლად საჭიროა ორივე ძალის ინტერესების სხვა მიმართულებით გაშვება, რაც მხოლოდ მესამე, ავტორიტეტული, ძლიერი მუხტის მქონე ძალის გამოჩენის შემთხვევაშია შესაძლებელი, ასეთი კი არ ჩანს. რამდენი წელია ასე ვართ და კარგა ხანს ასე ვიქნებით, ამასობაში კი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, რადგან დაუსრულებელი პოლარიზაციისა და ზოგიერთი სხვა ფაქტორის გამო მოსახლეობაში დაძაბულობა მუდმივად მწვავდება.
- როგორ შეაფასებთ 3 ივლისს პარლამენტის წინ გამართულ აქციას, სადაც რეგიონებიდანაც ჩამოვიდა ხალხი. რა განასხვავებდა ამ შეკრებას 20 და 24 ივნისის აქციებისგან?
- რაც უფრო მეტად გაიგივდება ეს აქციები ოპოზიციასთან, საზოგადოებისთვის მეტად გაუცხოვდება. ის ადამიანები, რომლებმაც 20 და 24 ივნისის აქციებზე თავი მოიყარეს, ევროკავშირში გაწევრების მსურველები არიან და იქ თავიანთი მისწრაფება გამოხატეს. ამ ყველაფერმა კი ახლა უკვე პარტიული ფორმა მიიღო. მათ შორის ნამდვილად არიან ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც პოლიტიკოსებისგან მაქსიმალურ დისტანცირებას ცდილობენ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით, რადიკალურმა ოპოზიციამ მაინც მოახერხა პროცესების ხელში ჩაგდება და შექმნილი ვითარების სათავისოდ გამოყენება. გეგმა, რომელიც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს თავიანთ პროექტში ჰქონდათ ასახული, ვერ განხორციელდება. მათ სურთ საზოგადოებრივი კონსოლიდაცია პარტიული ელიტის, როგორც ოპოზიციის, ასევე, მმართველი გუნდის წინააღმდეგ და თავიანთი განწყობების მიწოდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამდე. საუბარი იყო ტექნიკურ მთავრობაზეც, მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი კოლეგები ტექნოლოგიური კომისიის შექმნას გვირჩევდნენ. ახალგაზრდების ემოციები გასაგებია - მაქსიმალისტები არიან, საზოგადოების შეკრებების მთავარი მუხტი - "შინ ევროპისკენ", ხალხში არ დაკარგულა, მაგრამ 3 ივლისის ღონისძიებაზე მთავარი აღარ არის. პოლიტიკოსების "დამსახურებით", ეს ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ისევ ვიღაცის გადადგომა-გათავისუფლებით და მსგავსი მოთხოვნებით გააუფერულეს. ლოგიკა სად არის?! ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტი უნდა შეასრულოთ, რაზეც ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთობლივად უნდა იმუშაოსო, შესაბამისად, ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც მრგვალი მაგიდის გარშემო გაერთიანებას ეწინააღმდეგება, ავტომატურად ეწინააღმდეგება დასავლეთის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს. ამიტომ საზოგადოებამ ოპოზიციას შეუძლია უთხრას, ხელს გვიშლითო! სწორედ ამიტომ მივიდა პირველ აქციაზე ამდენი ხალხი, ეგონათ, პოლიტიკური ელიტა ამ პროცესებისგან დისტანცირებული იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა... ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ხედავენ. "პალიტრანიუსის" გადაცემაში ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა თქვა, ამ შეკრებებს საზოგადოებრივი ორგანიზაციები გაუძღვებიან, რის მერეც ჩვენც ჩავერთვებითო, ასეც ხდება... ეს ყველაფერი ხალხს მოჰბეზრდა, მაგრამ რადიკალურ ოპოზიციას არ ესმის...