კუნძულ ზმეინის გათავისუფლების გამო უკრაინელ სამხედროებს მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება ღამის ტრადიციული მიმართვისას გააკეთა და ქვეყანაში შექმნილი ვითარებაც შეაჯამა.
„უდავოა, რომ დღეს მთავარი სიტყვა არის ზმეინი. როგორც ჩანს, ზმეინის შესახებ მხოლოდ იმ დღეს იყო ამდენი საუბარი, როდესაც იქ რუსული გემი შევიდა. შემდეგ გემი სამუდამოდ წავიდა და ახლა კუნძული ისევ თავისუფალია. კუნძული ზმეინი სტრატეგიული წერტილია და მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში. ეს ჯერ კიდევ არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას, იმის გარანტიას, რომ მტერი არ დაბრუნდება, მაგრამ უკვე მნიშვნელოვნად ზღუდავს ოკუპანტების ქმედებებს. ჩვენ მათ ნაბიჯ-ნაბიჯ განვდევნით ჩვენი ზღვიდან, ჩვენი ხმელეთიდან და ჩვენი ციდან. დონბასში ვითარება კვლავ უმძიმესია, უკიდურესად მძიმე. ოკუპანტების საცეცხლე უპირატესობა ჯერ კიდევ უაღრესად ხელშესახებია - ისინი იყენებენ ყველაფერს თავიანთი რეზერვიდან, რათა დაარტყან ლუგანსკის ოლქს, დონეცკის ოლქს. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ასეთ პირობებში იცავს ჩვენს პოზიციებს. ეს არის ნამდვილი გმირობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.