საგარეო საქმეთა სამინისტრო: თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე და განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში

საგარეო საქმეთა სამინისტრო: თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე და განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში

გაკვირვებული ვართ ქალბატონი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში, - ამის შესახებ ნათქვამიია საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებაში.

უწყების განმარტებით, სამწუხაროდ, ელჩმა ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება, ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა და ელჩთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩაითვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა.

„მოგეხსენებათ, საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც მოითხოვს საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას“, - აცხადებენ უწყებაში.

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობიდან გაწვევის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს 30 ივნისს მიმართა.