ნუ შევეცდებით, წარმოვაჩინოთ ისე, რომ ვინმემ ვინმეზე იძალადა უმიზეზოდ. მანდატის დატოვების მოთხოვნა მტკნარი აბსურდია, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საელჩოში ანრი ოხანაშვილსა და ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს.
მისივე თქმით, არავისთვის ეს სასიამოვნო არ არის, თუმცა, ოხანაშვილს ისეთი მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს, რომ მას ნერვებმა უმტყუნა.
„როცა ვსაუბრობთ, რომ ვინმე ვინმეს თავს დაესხა, ასე ნუ წარმოვაჩენთ სიტუაციას და ნუ შევეცდებით, რომ მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია შევთავაზოთ. იქ მოხდა მძიმე პროვოკაცია, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია კონფლიქტი. ამ მძიმე შეურაცხყოფას მოჰყვა შელაპარაკება, შეგვიძლია დავარქვათ, რომ ნერვებმა უმტყუნა ადამიანს, ისეთი მძიმე იყო შეურაცხყოფა, რომელიც მიაყენეს. ეს არის და ეს, რაც მოხდა, ამის წარმოჩენა, რომ ვინმეს ვინმეს გაუფრთხილებლად მივარდა და მასზე იძალადა, არც ლოგიკურია და არც დამაჯერებელი,“ - განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები.
„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.