რუსეთის უკრაინაზე პირდაპირი თავდასხმის შემდეგ, ჩრდილო-ატლატინკურმა ალიანსმა არა მარტო გააცნობიერა, რომ დემოკრატიული სამყარო უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, არამედ მადრიდის სამიტზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო ალიანსის გაძლიერებისა და აგრესორის „მოთოკვისათვის".
სამიტის წინ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებდა, რომ შეხვედრა იმართება "უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისისას" და მას „ისტორიული მნიშვნელობის, ტრანსფორმაციის" სამიტად მოიხსენიებდა.
„მოველი, რომ მოკავშირეები მკაფიოდ განაცხადებენ, რომ რუსეთი პირდაპირ ემუქრება ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს ღირებულებებს, წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს", - აცხადებდა იგი.
მართლაც, ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ახალ სტრატეგიული კონცეფციაში რუსეთი აღარაა „სტრატეგიული პარტნიორი", როგორც ის ლისაბონის 2010 წლის დოკუმენტში იყო მოხსენიებული. ახლა, პირიქით, რუსეთი მოკავშირეებისთვის მთავარ საფრთხედ მოიხსენიება.
„ყველა სტრატეგიული მიმართულებებით ჩვენ სხვადასხვა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე ვდგავართ. რუსეთი ფედერაცია ნატოს წევრების, მშვიდობისა და ევროატლანტიკური რეგიონის სტაბილურობის ყველაზე სერიოზულ და პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს", - ვკითხულობთ კონცეფციის ტექსტში.
აღსანიშნავია, რომ აბზაცი გრძელდება ჩანაწერით ტერორიზმის საფრთხეების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ ტერორიზმი, მისი გამოვლინების ყველა ფორმით, ემუქრება როგორც მოსახლეობის უსაფრთხოებას, ასევე, საერთაშორისო სტაბილურობას.
შემდეგ კი კვლაკ ლაპარაკია რუსეთზე და მისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავებასა და ტერორიზმთან ბრძოლაზე.
რა კონკრეტული ზომების გატარებას აპირებს ალიანსი? მთავარი აქცენტი ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერებაზე კეთდება: 2023 წლისათვის მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობა 40 ათასიდან თითქმის 8-ჯერ 300 ათასამდე გაიზრდება.
როგორც სტოლტენბერგი აცხადებს, მათი უდიდესი ნაწილი მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე იქნება განლაგებული, მაგრამ, წვრთნებისათვის მოხდება მათი რეგულარული გადასროლა რუსეთის სიახლოვეს. მათ როტაციას მუდმივი ხასიათი ექნება, რაც პოტენციური სამხედრო თეატრის უკეთ შესწავლასაც გულისხმობს.
ნატო ასევე სამხედრო შეარაღებასა და სხვა საჭირო მასალებს რუსეთთან ახლოს დაასაწყობებს. ბალტიის ქვეყნებსა და რუსეთის მოსაზღვრე 5 სხვა წევრ ქვეყანაში სამხედრო ძალები გასამმაგდება და ბრიგადის დონემდე, 3-5 ათასამდე გაიზრდება.
თუ აქამდე ნატოს რუსეთის თავდასხმის მყისიერად მოსაგერიებლად პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში 4 სამხედრო დაჯგუფება ჰყავდა, რუსეთის აგრესიის შემდეგ მათი რაოდენობა გაორმაგდა და ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში განლაგდა.
გერმანია ლიტვისათვის, სადაც იგი ათასკაციან საბრძოლო დაჯგუფებას მეთაურობს, ბრიგადის გამოყას გეგმავს, თუმცა, 3 500 კაციანი კონტინგეტის დიდი ნაწილი გერმანიაში იქნება მუდმივ მზადყოფნაში.
დიდი ბრიტანეთი აპირებს ესტონეთში, მისი თავდაცვის გასაძლიერებლად 1700 მეომრის გაგზავნას. კანადა ლატვიაში, თავისი პასუხისმგებლობის ზონაში, 700 ჯარისკაცს გეგმავს.
რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, რომელიც პოლონეთის დაცვაზეა პასუხისმგებელი, ბალტიის ქვეყნებში როტაციით მყოფი შეარაღებული ძალების გაზრდას, პოლონეთში მეხუთე არმიის მუდმივი შტაბის შექმნას, რუმინეთში 3 ათასიანი როტაციული ბრიგადის განლაგებას გეგმავს.
გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში გაიგზავნება ულტრა-თანამედროვე მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების (F-35) 2 ესკადრა, გერმანიასა და იტალიაში გაძლიერდება საჰაერო თავდაცვის სისტემები. ასევე დაგეგმილია ესპანეთის სანაპიროსთან განლაგებული ფლოტის გაძლიერება - 4 ნაღმოსანს კიდევ 2 US Navy destroyer დაემატება.
როგორც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არაორაზროვნად განაცხადა, ალიანსი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთიანობასა და სიმტკიცეს, რათა დაიცვას ნატოს თითოეული დუიმი : „მეხუთე პუნქტი არის შეუვალი, რასაც ვამბობთ, ყოველთვის ვგულისხმობთ - თავდასხმა ერთზე არის თავდასხმა ყველაზე... ჩვენ ვგზავნით ჩემი შეხედულებით უტყუარ გზავნილს, რომ ნატო არის ძლიერი, ერთიანი და ამ სამიტზე გადადგმული ნაბიჯები იქნება ჩვენი კოლექტიური ძლიერების შემდგომი გაზრდა".
ალიანსის სხვა ზომებს შორისაა შვედეთისა და ფინეთის დაჩქარებული გაწევრიანება. თურქეთთან მიღწეული სამმხრივი შეთანხმების შემდეგ ალიანსის გაფართოებას წინ ვერაფერი დაუდგება.
ნატომ უკრაინისათვის კომპლექსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მომავალში ომში მყოფი ქვეყნის არმიის ნატოს სტანდარტების შეარაღებით აღჭურვასაც მოიცავას.
„ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ის აგრძელებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას რუსული აგრესიისგან. შევიმუშავეთ მხარდაჭერის გაძლიერებული პაკეტი უკრაინისთვის.
„ეს დააჩქარებს არალეტალური თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდებას, გააუმჯობესებს უკრაინის კიბერთავდაცვას და მდგრადობას და ხელს შეუწყობს თავდაცვის სექტორის მოდერნიზებას გარდამავალ პერიოდში გრძელვადიანი თავსებადობის გასაძლიერებლად. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავეხმარებით უკრაინას და მხარს დავუჭერთ მის ძალისხმევას ომის შემდგომი აღდგენისა და რეფორმების გზაზე", - ნათქვამია დეკლარაციაში.
ნატომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ღია კარის პოლიტიკის ერთგულება. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ჩანაწერი საქართველოს შესახებ, სადაც ლაპარაკია პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებაზე.
„ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი ზომების თაობაზე, რათა გავაძლიეროთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა გავაძლიეროთ მათი მთლიანობა და მედეგობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა", - აცხადებენ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები მადრიდის დეკლარაციაში.