ფინეთმა და შვედეთმა უკვე გადადგეს ნაბიჯები ტერორიზმის შესახებ კანონმდებლობის გასამკაცრებლად. ასე რომ, პროცესი უკვე დაწყებულია, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ეს შეთანხმება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ის ასახავს იმ ვალდებულებას, რომლის თანახმადაც, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, როგორც მოკავშირეები, გადავხედოთ უსაფრთხოების ყველა პრობლემას, რა თქმა უნდა, ტერორიზმთან ბრძოლის ჩათვლით. მემორანდუმი ამბობს,რომ ფინეთი და შვედეთი კიდევ უფრო მჭიდროდ იმუშავებენ თურქეთთან ინფორმაციის გაცვლის, ექსტრადიციის და ზოგადად ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ ასევე გვექნება სხდომა ხვალ სამიტზე, სადაც განვიხილავთ სამხრეთის გამოწვევებს და ტერორიზმს. ველოდები, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მოკავშირეები დაადასტურებენ ვალდებულებას გაითვალისწინონ თურქეთის უსაფრთხოების შეშფოთებასთან დაკავშირებული საკითხები.
სამიტზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრებად. ყველა პროცედურა უპრეცედენტოდ სწრაფად გავიარეთ. ვფიქრობ, ჩვენ ძნელად თუ ვიპოვით სწრაფად გაწევრიანების ასეთ მაგალითს. მხოლოდ რამდენიმე კვირაა განაცხადის გაკეთებასა და მიპატიჟებას შორის. განაცხადის გაკეთება მაისის შუა რიცხვებში მოხდა და მოწვევას დღეს გავაგზავნით. ამის შემდეგ, ჩვენ გვჭირდება რატიფიკაციის პროცესი 30 წევრი ქვეყნის პარლამენტში. ამას ყოველთვის გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ ველი, რომ პროცესი საკმაოდ სწრაფად წავა წინ, რადგან მოკავშირეები მზად არიან სწრაფად მოხდეს რატიფიკაციის პროცესი. 30 პარლამენტის სახელით ვერაფერს დავპირდებით ,რატიფიკაცია ყველა ქვეყანამ უნდა მოახდინოს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. სამი ქვეყნის ლიდერებმა შესაბამის კონსენსუსს ნატოს მადრიდის სამიტზე მიაღწიეს.