ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, 2022-2023 წლის ზამთრის სეზონამდე, ევროკავშირში გაზის საცავების მოცულობა უნდა შეივსოს, რაც სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, მიუხედავად გაზის ბაზარზე არსებული შეფერხებისა, ის წევრ ქვეყნებს შორის სოლიდარობის სულისკვეთების გათვალისწინებით გაანაწილონ, - შესაბამისი განცხადება საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„უკრაინის ომის კონტექსტში, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირის ენერგომომარაგების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - წერია საბჭოს გვერდზე.
რეგულაციის თანახმად, 2022/2023 წლის ზამთრამდე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარე გაზის მიწისქვეშა საწყობები უნდა შეივსოს მათი საერთო მოცულობის არანაკლებ 80%-მდე, ხოლო 2023-2024 ზამთრის პერიოდებამდე - 90%-მდე.
საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრი ანიეს პანიე-რუნაშერი საბჭოს გადაწყვეტილებას უაღრესად დროულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის ევროპის ენერგეტიკული მდგრადობას გააძლიერებს.
„ორ თვეზე ნაკლებ დროში გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ევროკავშირს ახლა აქვს ინსტრუმენტი, რომელიც მოითხოვს, ყველა წევრ სახელმწიფოს ჰქონდეს გაზის ადეკვატური საწყობი ზამთრის პერიოდისთვის, რაც გააადვილებს ქვეყნებს შორის გაზიარებას. მივესალმები ამ უაღრესად ოპერატიულ რეგულაციას, რომელიც, მიმდინარე საერთაშორისო კონტექსტში, საშუალებას გვაძლევს, გავაძლიეროთ ევროპის ენერგეტიკული მდგრადობა და წევრ ქვეყნებს შორის რეალური სოლიდარობა“, - ამბობს ანიეს პანიე-რუნაშერი.