უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი მიმართვა გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, მისცენ უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის მეტი შეიარაღება. როგორც მან აღნიშნა, სწორედ უკრაინაში წყდება, თუ როგორი იქნება ევროპის მომავალი. უკრაინის პრეზიდენტმა ლიდერებს უფრო სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდა. მისი ადრესატები, ძირითადად, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები იყვნენ, რომლებიც გერმანიაში, სამიტზე შეიკრიბნენ.
„ჩვენ გვჭირდება ძლიერი საჰაერო თავდაცვა - თანამედროვე, სრულად ეფექტიანი, რომელსაც შეუძლია, სრული დაცვა უზრუნველყოს რაკეტებისგან. ჩვენ ამის შესახებ ყოველდღე ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან. უკვე არსებობს გარკვეული შეთანხმებები და პარტნიორებმა უფრო სწრაფად უნდა იმოქმედონ, თუ ისინი ნამდვილად პარტნიორები არიან და არა დამკვირვებლები. ჩვენი სახელმწიფოსთვის იარაღის გადაცემის შეფერხება, ნებისმიერი შეზღუდვა, რეალურად, რუსეთისთვის მორიგი დარტყმისთვის მოპატიჟებაა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.