უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რაც იქნება ისტორიული მოვლენა და დიდი მოტივაცია უკრაინის არმიისა და საზოგადოებისთვის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.
„მტკიცედ მჯერა, რომ ამ გადამწყვეტ დღეებში უკრაინა მიიღებს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ამისთვის დიდი გზა გავიარეთ. ჩვენი ხალხი, ჩვენი რევოლუციები, ჩვენი ომი და ეს სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ეს არის გადასვლა ჩვენი ისტორიის კიდევ ერთ გვერდზე. ძალიან პოზიტიური გადასვლა. მჯერა, რომ 27-ვე ევროპული ქვეყანა მხარს დაუჭერს ამ სტატუსის ჩვენთვის მონიჭებას“, - განაცხადა ზელენსკიმ კანადის უნივერსიტეტების სტუდენტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის არმიასა და საზოგადოებას მოტივაციას მისცემს.
„ეს არის გაერთიანების დიდი მოტივატორი და, შესაბამისად, დიდი მოტივატორი უკრაინის გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.