უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი / არა დაღვრილის, - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა / არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია! (მურმან ლებანიძე)
უკანასკნელ ხანს ჩვენს საზოგადოებაში კიდევ უფრო იმატა ინტერესმა ეროვნული მრწამსის, სახელმწიფოებრივი ცნობიერების პრობლემატიკისადმი. დროისგან ნაკარნახევი ეს მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი.
თუ გავიხსენებთ ამ მხრივ არცთუ შორეული წარსულიდან ჩვენს გამოცდილებას, გვემახსოვრება, შევარდნაძის მმართველობის დროსაც, ამის თაობაზე მაშინაც ბევრს ვლაპარაკობდით, ხშირად ვმსჯელობდით პროვინციულ და ურაპატრიოტულ დონეზეც, მთავრობის სხდომაც კი მივუძღვენით, რათა ეროვნული იდეოლოგია სახელმწიფოებრივი პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად ქცეულიყო. საამისოდ საზოგადოების წარმომადგენლებიც ცდას არ აკლებდნენ: იკრიბებოდნენ, მსჯელობდნენ, კამათობდნენ და ისე იშლებოდნენ, რომ პრობლემას ნათელი კი არ ეფინებოდა, უფრო ბუნდოვანი ხდებოდა.. ამის შემხედვარე მაყურებელი თუ მკითხველი საზოგადოება კი კიდევ უფრო იბნეოდა და მავანთათვის სასურველი ნიჰილიზმის ტყვეობაში რჩებოდა.
თავისთავად პრობლემის სირთულის გარდა, აქ თავი იჩინა უმთავრესმა გარემოებამაც - იდეოლოგიის მოწინააღმდეგენი შეგნებულად თუ შეუგნებელად მიზანმიმართულად ხელს იშვერდნენ ევროპისაკენ და აცხადებდნენ: დასავლეთში იდეოლოგიები აღარ არსებობს, რადგან პოლიტიკური აზროვნების ამ ფორმამ დრო მოჭამა და თავს სასაცილო მდგომარეობაში ნუ ვიყენებთო.
იმთავითვე ცხადი იყო, რომ ამ ,,სიბრძნეს“ ზოგი შეგნებულად ამკვიდრებდა, ზოგიც შეუგნებლად. შედეგად კი ისეთი ქვეყანა მივიღეთ, რაც დღეს სახეზე გვაქვს.
ახლაც ვლაპარაკობთ, მხოლოდ შეძახილებით და არა საქმით. ამ ყველაფერს კი საბოლოო ჯამში თუ კონკრეტული ქმედება არ მოჰყვება, თემა გაცვდება, მავანთა ინტერესიც სწორედ ეს არის - რათა ერის ბედზე დაფიქრებულებმა, ასეთ განხილვებში ჩარევის სურვილი დაკარგონ და გაჩუმდნენ.
მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ცალკეული პიროვნებების მცდელობა, ან ადამიანთა ჯგუფის, ან თუნდაც ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის ძალისხმევა, ეცადოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ იდეებს რაიმე ხორცშესხმა მისცეს, თავისი შესაძლებლობებით უძლურია. მისი გახორციელება მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. სხვა შემთხვევაში, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ვიღებთ იდეის გაუფასურებას.
ამიტომ დროა ხელისუფლებას გაუჩნდეს სურვილი, შექმნას არა ერთი, არამედ რამოდენიმე მიმართულებით მომუშავე საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი, სადაც ინტელექტუალებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებზე.
თუ პრეზიდენტი წლების განმავლობაში, არა სახელმწიფოებრივი, არამედ პირადი ინტერესების დასაცავად, როგორც ლობისტებით, ისე ანალიტიკური ჯგუფებით სარგებლობდა და არ იშურებდა მათთვის თანხებს, რატომ არ უნდა გაუჩნდეს სურვილი ქვეყნის მმართველ ძალას არა ვინმეს პიროვნული ინტერესებისათვის, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობისათვის და კონკრეტული წინადადებების შემუშავებისათვის იწვევდეს ინტელექტუალებს, უკეთებდეს კოორდინირებას და მათ გონებრივ შესაძლებლობებს ქვეყნის აღმშენებლობისთვის წარმართავდეს.
არადა ცივილიზაციათა შეჯახების ზღვარზე მყოფი სამყარო დღენიადაგ შეგვახსენებს, რომ, მართალია, ვცხოვრობთ ახალ მსოფლიოში, მაგრამ დეტერმინირებულ სამყაროში, კაცობრიობის ისტორიის არანაკლებ სასტიკ პერიოდში, როდესაც წყდება ცალკეული ერების არსებობის მიზანშეწონილობაც კი.
საქართველომ, გზაჯვარედინზე ცხოვრების მიუხედავად, შექმნა ათას ქარტეხილ გამოვლილი, მრავალსაუკუნოვანი და დამოუკიდებელი ქართული ცივილიზაცია, რომელიც როგორც არ უნდა დაუჯერებლად ჩანდეს, უკანასკნელმა ორმა ათეულმა წელმა, მისი შენარჩუნება ყოფნა არყოფნის ზღვარზე მიიყვანა. შესაბამისად დრომ და ისტორიამ ქართული საზოგადოებაც დიდი არჩევანის წინაშე დააყენა. ამ მხრივ, ჩვენი დამოკიდებულება სხვა გარემოებებისადმიც გახდა არანაკლებ დასაფიქრებელი.
გასაგებია, რომ მოსახლეობის რაოდენობის შესწავლა, არათუ წინარე ისტორიულ ხანაში, ძველ და თვით შუა საუკუნეებშიც უაღრესად რთულია, რადგან იმდროინდელი მწირი მონაცემები ძნელად ექვემდებარება სტატისტიკურ დამუშავებას. ლოკალური წყაროების ირიბი მონაცემები კი მხოლოდ მიახლოებით ინფორმაციას იძლევა მოსახლეობის რაოდენობის შესახებ.
რთული გამოთვლებით, რომელთა სიზუსტეც საეჭვოა, V საუკუნეში აპენინის ნახევარკუნძულზე (თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე), ცხოვრობდა 4-5 მლნ., გალიაში - 3-5 მლნ., ესპანეთში - 4 მლნ-მდე, ბრიტანეთის კუნძულებსა და ირლანდიაში - 0,5 – 1 მლნ, გერმანიაში - 0,5 – 3 მლნ ადამიანი. მრავალრიცხოვანი ეპიდემიებისა და ბარბაროსული ტომების მიგრაციის შედეგად, ევროპის მოსახლეობის საერთო რაოდენობა შემცირდა 27 მლნ-მდე. VII საუკუნიდან იწყება მოსახლეობის მატება და კონტინენტმა დემოგრაფიულ დეპრესიას თავი მხოლოდ XI საუკუნისათვის დააღწია. მოსახლეობის ზრდა განუხრელად გრძელდებოდა XIV ს. შუა პერიოდამდე, ვიდრე 1348-1349 წწ., შავი ჭირის ეპიდემიის შედეგად, მოსახლეობის რაოდენობამ კვლავ კლება არ იწყო. ქალაქების მოსახლეობა თითქმის განახევრდა, ხოლო სოფლისა ერთი მესამედით შემცირდა. მხოლოდ XV საუკუნიდან იწყება კვლავ მოსახლეობის მატება.
ამ საერთო სურათის შექმნით, გავიხსენოთ რუსთაველის ეპოქა და სახელმძღვანელო წიგნებში წაკითხული ყველასათვის კარგად ნაცნობი სიტყვები: XII საუკუნის საქართველო დიდი და მრავალეროვანი სამეფო იყო. ასე, ცხადია გიჭირს ეს სიდიდე თვალნათლივ განსაზღვრო, მაგრამ თუ მას ისტორიულ ჭრილში შევადარებთ სხვა ქვეყნებს საინტერესო სურათს მივიღებთ: ირკვევა, რომ მაშინდელი ქართული სახელმწიფოს შემოსავალი აღემატებოდა იმ დროის თურქებისა და ირანელების, ინგლისელებისა და ფრანგების შემოსავალს ერთად აღებულს. ამავე დროს იგი აღმოსავლური ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ცენტრი იყო.
თამარისა და რუსთაველის ეპოქის საქართველო დიდი და გამორჩეული ქვეყანა იყო მოსახლეობის რაოდენობითაც: რიცხობრივად აღვემატებოდით საფრანგეთს, აგრეთვე, ინგლისს და მასთან ერთად აპენინის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ იმ მოსახლეთ, დღეს, რომ იტალიას ვუწოდებთ.
გარდა ამისა, თუ თამარ მეფის დროს თბილისი 100 ათას მცხოვრებს ითვლიდა, დროის ამ მონაკვეთისთვის, ლონდონისა და პარიზის მოსახლეობა 20 ათასამდე კაცი იყო. ცნობისათვის, რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი 100 ათასიანი ქალაქი მხოლოდ XVI საუკუნეში გახდა.
თვით მონღოლთა ბატონობის ხანაშიც კი სისხლისმღვრელ ომებში მყოფი ქართული მოსახლეობა, 5 მლნ კაცს აღემატებოდა.
შემდგომშიც, მიუხედავად მოსახლეობის უდიდესი დანაკარგისა, გარეშე და შიდა მტრებთან აურაცხელი ბრძოლებით რომ იყო განპირობებული, XX ს-ის 50-იან წლებამდე ქართველი ერი ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო ამიერკავკასიაში. ეს მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 1801 წლისათვის (დღევანდელ საზღვრებში) შეადგენდა დაახლოებით 785 ათას კაცს, ხოლო 1800-1989 წლებში, ე.ი. თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა თითქმის შვიდჯერ გაიზარდა. ამ მაჩვენებლით საქართველო დასავლეთ ევროპის ყველა ქვეყანას უსწრებდა, სადაც იგივე პერიოდში მოსახლეობა მხოლოდ 2-4 ჯერ გაიზარდა. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ XIX საუკუნის შუა წლებისთვის საქართველოს მოსახლეობა აღემატებოდა აზერბაიჯანისა და სომხეთის მოსახლეობას ერთად აღებულს. ამჟამად აზერბაიჯანის მოსახლეობა ორჯერ მეტია საქართველოს მოსახლეობაზე, ხოლო სომხეთს, რომელიც ამ ასი წლის წინ ოთჯერ ჩამორჩებოდა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობით, დღეს თითქმის გაუთანაბრდა. 1989 წლიდან დღემდე საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 30%-ით შემცირდა.
დანაშაულია ამის შემდეგ სახელწიფოებრივ დონეზე არ იფიქრო დემოგრაფიულ პოლიტიკაზე, როგორც ახლო, ისე შორეულ პერსპექტივისთვის გათვლილზე.
კიდევ ერთი საყურადღებო გარემოებაც, გასაგებია, რომ მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკაციაში საქართველოს ადგილის განსაზღვრა არც ისე ადვილია. მაგრამ, რაც ვიცით, ვფიქრობთ, ისიც საკმარისია გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად: ერთ სულ მოსახლეზე ერთობლივი ეროვნული პროდუქციის წარმოების მაჩვენებელი საქართველოში 80-იანი წლების ბოლოს 3500 დოლარს უდრიდა. ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა საშუალო დონეზე მაღლა იდგა და ევროპის მდიდარ ქვეყნებს უახლოვდებოდა. ბრძოლამ დამოუკიდებლობისათვის, თავს მოხვეულმა უმძიმესმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც 90-იან წლებში დაიწყო და დროში უსაშველოდ გაიწელა, საქართველო უღარიბეს ქვეყნად აქცია.
როგორც მოსახლეობის, ისე ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, ასეთი დიდი კლება დროის ასეთ მცირე მონაკვეთში, იშვიათი მოვლენაა და ძნელად გასახსენებელი თვით მსოფლიო ისტორიისთვისაც.
მაგრამ, ალბათ არც ეს იქნება საკმარისი ვითარების სრულად გადმოსაცემად. სავსებით ვიზიარებ და ვეთანხმები აზრს, რომ სამწუხაროდ, დღეს ქართული სახელმწიფო არშემდგარი სახელმწიფოს კლასიკური მაგალითია - მენტალურად, მოქალაქეთა და ხელისუფლებების პასუხისმგებლობით, კანონმდებლობით (განსაკუთრებით, კონსტიტუციით!), ერთმანეთის წინაშე ვალდებულებებით, წეს-ჩვეულებების უმრავლესობითა და ქცევის ნორმებითაც კი.
მიყვარს ლირიკული გადახვევები. "ვეფხისტყაოსნის" გმირი, იდეალურს მიახლოებული ტარიელიც კი განსაცდელის დროს რეალობის კონტროლის უნარს კარგავს... თქვენ გგონიათ, გაჭირვება მხოლოდ მატერიალური ნაკლულობაა?.. ნიკო ლორთქიფანიძის "ტრაგედია უგმიროდ" გავიხსენოთ, სადაც მშიერი მამა მძინარე შვილებს უკანასკნელ მჭადს შეუჭამს - არადა, ქართული მენტალიტეტით, მშობლის ფუნქცია განუზომლად დიდია..
ტრადიციულად, ჩვენს წინაპარს ცალ ხელში სახნისი ეჭირა, მეორეში კი - ხმალი. უცხოელი მკვლევრები წერდნენ, - ქართველი კაცი მკას ვერ ასწრებს, რადგან ამ დროს იწყება მტრის შემოსევაო... საუკუნეების განმავლობაში, ასეთ ვითარებაში - ომის ქარცეცხლში გამოიწვრთნა ქართველი კაცის მებრძოლი სული. სამაგიეროდ, არ ვართ პრაგმატულები, არ ვართ ორგანიზებულები და არ გვიყვარს თავს ცოტათი მაინც ძალა დავატანოთ და ვიაზროვნოთ, რათა შედეგი უკეთესი დავდოთ...
არადა, თანამედროვე მსოფლიოში, როგორც ერთიან ეკონომიკურ სივრცესა და გლობალურ გარემოში, ქვეყნის აქტიური ჩართვა ყოველი ჩვენგანისგან შესაბამის აზროვნებასა და მოქმედებას, სადღეისოდ მიღებული და საერთაშორისო პრაქტიკით დამკვიდრებული წესების ცოდნას მოითხოვს. საჭიროა, დღევანდელი მოწინავე ერების გამოცდილების შესწავლა და ჩვენი ეროვნული ფსიქიკის მოდიფიკაცია, ანუ საკუთარი ეროვნული ხასიათისა და საქმიანი ურთიერთობის სტილის ჩამოყალიბება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ რეალურად გავითვალისწინოთ მთელი ქვეყნის ადამიანური და ბუნებრივი რესურსული პოტენციალი, რათა წარმოვაჩინოთ ქართველთა მრავალსახოვანი და საოცრად რთული ხასიათის ღირსეული ნიშან-თვისებები და ამავდროულად შევძლოთ დავიცვათ ჩვენი ტრადიციული ფასეულობები.
წავიდა ის დრო, როდესაც ამა თუ იმ სახის ,,იზაციის” მიღებას ქვეყნის არაკეთილმოსურნენი, თავს ზემოთ დაკიდებული მახვილის ქვეშ გვაიძულებდნენ. დღეს მის ნაცვლად შეხვდებით ცერემონიულ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი ზრახვების ჩვენთვის თავს მოსახვევად თავიანთ განკარგულებაში ზრდილობის ბევრი ფორმულა აქვთ შემონახული: გრაციოზული მისალმება, უგულითადესი ღიმილი, გრჩება შთაბეჭდილება, რომ მათი ზრდილობა გაპრიალებულ, ახალშეღებილ კარს ჰგავს, რომელსაც არ უნდა მიეკარო. ისინი ეგოისტები და გულგრილები არიან, თუ იღიმებიან, სიბრალულით გიღიმიან; თუ თქვენს აზრს იზიარებენ, მალე თქვენი თავიდან მოცილება სურთ…და იმიტომ.. კარამდე კი მხოლოდ იმიტომ გაგაცილებენ, კარგად დარწმუნდნენ, ნამდვილად წახვედით თუ არა.
ცნობილია, რომ ამერიკის ზოგიერთ შტატში სიკვდილმისჯილებს სიკვდილით დასჯის დროს ნემსით მომაკვდინებელი წამლის შეყვანამდე სპირტით ინექციას უკეთებენ, რათა ინფექციის შეჭრის ალბათობა აირიდონ თავიდან.
დიახ, ასეთი დროების შვილები ვართ, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, დემოკრატიულ სამყაროს ,,მოხმარებისთვის“ აქვს ერთი დემოკრატია ქვეყნის შიგნით და მეორე - გარეთ. შესაბამისად ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ! რას ვამბობთ, როდის ვამბობთ, როგორ ვამბობთ ან იქნებ თქმითაც უკვე ვაფუჭებთ საქმეს...
ამბობენ, ერთხელ, აღმოსავლეთის ერთ მბრძანებელს დაესიზმრა, რომ ყველა კბილი ერთიმეორეს მიყოლებით დასცვივდა. შეშინებულმა, სასწრაფოდ, სიზმრების ამხსნელი მოიხმო სასახლეში. კაცმა მწუხარე სახით მოსმინა სიზმარი და მბრძანებელს უთხრა:
,,ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ: ერთი მეორეს მიყოლებით ყველა ახლობელს დაკარგავთო“. მბრძანებელი საშინლად გაბრაზდა კაცის სიტყვებზე, ბრძანა დლეგში ჩაეგდოთ იგი და სხვა სიზმრების განმარტებელი მოეყვანათ მასთან. მეორე სიზმრების ამხსნელმა, როდესდაც სიზმარი მოისმინა თქვა:
,,ძალიან სასიხარულო ამბავი უნდა გითხრათ: თქვენ ისეთი დღეგრძელი იქნებით, რომ ყველა თქვენს ახლობელზე დიდხანს იცოცხლებთო“. მბრძანებელი სიხარულისგან ცას ეწია და უხვად დააჯილდოვა ეს კაცი.
დასკვნა: ორივემ თქვა სიმართლე, შედეგი კი სხვადასხვა მიიღო.
ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები დღენიადაგ ითხოვს უკეთ გავერკვეთ პრობლემებში, საჭიროა ქვეყნის სულიერ-პოლიტიკურ გამოცდილებისა და სამომავლო პერსპექტივების მუდმივი გააზრებით ღირებულებათა სისტემაში მოყვანა. შემდეგში სწორედ ამ გააზრებაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ გადავწყვეტთ ჩვენს წინაშე მდგარ პრობლემებს.
საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება კი შეგვმატებს რწმენას, რომ შეგვწევს ძალა და უნარი დავძლიოთ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შექმნილი უმძიმესი ვითარება, გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი სიძნელეები, აღვადგინოთ საქართველოს როგორც სულიერი, ისე ფიზიკური ერთიანობა, რაც მტკიცე საფუძველი გახდება ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული აღორძინებისათვის.
საკუთარი ინტერესების დაცვა ხომ თითოეული ქვეყნის კანონიერი უფლებაა, იმედია, ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა. ფაქტია: იმ დროს, როდესაც ცივილიზებულ სამყაროს ხელთ უპყრია კაცობრიობის დიდი მონაპოვარი ადამიანის უფლებათა დაცვის ქარტია, XXI საუკუნეს მსოფლიო თანამეგობრობა ხვდება ისე, რომ დღემდე არ არსებობს ეროვნულ-სახელმწიფოებრიობის, ერთა დაცვის არანაირი მექანიზმი.
არადა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ისტორია, მარტო გარეშე მტრულ ძალებთან ბრძოლა როდია, ეს ამავე დროს, ბრძოლაა აღმშენებლობისათვის. ქვეყანაში, სადაც ომების ნაიარევი ჯერაც არ გამქრალა, ჩამოსაყალიბებელია სამართლებრივი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტები, ახალი სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანის უფლებათა დაცვის დემოკრატიული მექანიზმები, ცივილიზებული ძალოვანი სტრუქტურები, ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული საბაზრო ეკონომიკა და ა.შ.
უმადურობა იქნებოდა არ დაგვენახა ის, რაც თუნდაც დროის მცირე მონაკვეთში გაკეთდა, ან კეთდება სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ მთავრობისა და ხალხის ერთობლივ შემართებას ქვეყნის აღორძინებისათვის; ვერ ვხედავ ხელებდაკაპიწებულ შრომას საექსპორტო წარმოების განსავითარებლად და უმუშევრების დასასაქმებლად; ვერ ვხედავ ხელისუფალთა მხრიდან, გმირობის ტოლფას მაგალითებს, მისაბაძი რომ გახდებოდა საქართველოს ყველა მოქალაქისათვის.
თუ დასავლეთის ქვეყნების ყველა უმაღლესი თანამდებობის პირის შვილი: პრეზიდენტის, სენატორის, კონგრესმენის, ჯარში მსახურობს და მათ შორის ბრიტანეთის პრინცები, ჩვენთან ერთ თანამდებობის პირსაც ვერ ნახავთ ვისი შვილიც ჯარშია. სამაგიეროდ, მათი შვილები სასწავლებლად ყველაზე ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში მიდიან და ცხოვრებით ტკბებიან, ხოლო ჩვენი საჯიშე ბიჭები, გაუსაძლისი ცხოვრების გამო სხვა არჩევანი რომ არ დავუტოვეთ, ავღანეთის ომში იღუპებიან.
არადა, ხელისუფლებაში, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს ამ ომში სხვისი შვილების გაგზავნაზე, თუ ვინმე გულწრფელად ფიქრობს, ქვეყნისთვის მის აუცილებელობაზე, მაშინ ,,მსხვერპლთშეწირვა“ საკუთარი ოჯახებიდან უნდა დაიწყონ!
მაგრამ, ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი:
თუ ჩვენზე ბევრად მდიდარი ქვეყნის ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი 1977 წელს გამოშვებული „პეჟო“-ს მარკის ავტომობილით დაბრძანდება, პრეზიდენტის ხელფასსაც კი არ იღებს, რაზმარის უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების შემოსავლების ხარჯზე ცხოვრობს, რაც თვეში 250 დოლარს წარმოადგენს. ხოლო კიდევ უფრო მდიდარი ქვეყნის რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იმაზე ნაკლებ ხელფასს იღებს, ვიდრე მისი პრესმდივანი, მინდა ვკითხო ქართველ ჩინოვნიკებს: თქვენ რა ღმერთი გიწყრებათ? 100-ათასიანი ჯიპებით, რომ დაიარებით და ათასობით კაცისთვის განკუთვნილ საპენსიო თანხას, ერთი თვის ხელფასად იდებთ ჯიბეში. ხშირ შემთხვევაში, ისიც რომ არ ვიცით თუ ვის, რისთვის გიხდით ასეთ ანაზღაურებას, მითუმეტეს პრემიების სახით. ერთხელ და საბოლოოდ ამ ქვეყანაში ხომ უნდა დადგინდეს სახელფასო პოლიტიკა? სხვა შემთხვევაში როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ საზოგადოების კონსოლიდაციაზე?
აღარაფერი რომ ვთქვათ ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციად ქცეულ კორუფციაზეც. თუ გერმანელები არ პატიობენ თავიანთ პრეზიდენტს, რომ ვიღაც ნაცნობს უფლება მისცა მისი დანახარჯი 700-800 ევრო გადაეხადა, ჩვენი ,,უფროსი ძმები“ ბიუჯეტიდან მილიონობით თანხის ქურდებთან, რატომ გვაიძულებენ კოაბიტაციას? რომ შემდგომ რესპექტაბელურ ბიზნესმენებად მოგვევლინონ, როგორც ეს არაერთგზის მომხდარა.
უკეთესს მართლაც რომ ვერ მოიფიქრებ ერის გასახლეჩად!
დღეს XXI საუკუნეში, როდესაც პლანეტაზე ცხოვრება სულ უფრო და უფრო სასტიკი ხდება, როდესაც გლობალიზაცია მართული თუ უმართავი მექანიზმებით შთანთქმით ემუქრება ჩვენსავით მცირერიცხოვან ერთა კულტურებს, როდესაც დაკარგული გვაქვს ტერიტორიები, გვყავს მტერი, როგორც სამოყვროდ, ისე საომრად მოსულნი, არც შინაური ,,კეთილმოსურნეები“ გვაკლია, შიმშილით გვეხოცება შვილები და სიღატაკისთვის განწირულნი მონებად ვყიდით მათ მშობლებს, - რა უნდა უნდა გახდეს დღეს ქართული სახელმწიფოსთვის მთავარი მიზანი: ზესახელმწიფოების მხრიდან მანკიერი იდეურ-კულტურული ექსპორტის შეჩერება, რომელიც არღვევს ეროვნულ მთლიანობას, ცნობიერებას, თვითმყოფადობისთვის დამახასიათებელ კულტურულ ტრადიციებს; საკუთარი ეკონომიკის განვითარებისთვის უცხოური კაპიტალის ტოტალური შეტევისაგან თავის დაცვა, რომ ბოლოს და ბოლოს ასანთის მწარმოებელნი მაინც გავხდეთ; გადაუდებელ ურთიერთდახმარებას ქართული ჯიშის და მოდგმის გადასარჩენად და ა.შ.
“სოციალური ურთიერთდახმარების,“ ურთიერთსოლიდარობის პრინციპი, რომელიც ჯერ კიდევ 1946 წელს გერმანელმა ქრისტიან-დემოკრატებმა წამოსწიეს, სხვადასხვა კონტინენტთა ქვეყნების პოლიტიკურ კონცეფციებში სულ უფრო და უფრო პოპულარული თეზისი ხდება, რაც ასევე ჩვენი სახელმწიფოს ძირითად ორიენტირად უნდა იქცეს.
ნუ დავივიწყებთ გენიალური ვოლტერის შეგონებას: ,,ერი, რომლის ხსნაც ერთ კაცს შეუძლია, მათრახის ღირსია“! ჩვენც ნუ ჩამოვეკიდებით, ნაძვისხის საახალწლო სათამაშოებივით ერთ კაცს. თავად უნდა მივხედოთ საკუთარ თავს და თავადვე უნდა გამოვძებნოთ გზები ერის გადასარჩენად. საამისოდ კი, ვფიქრობ, უნდა შევქმნათ ქართველი ერის ხსნის და გადარჩენისთვის ეროვნული ფონდი. ყველას, ვინც დასაქმებულნი ვართ გავიღოთ არა ერთჯერადად, არამედ ყოველთვიურად თუნდაც ერთი ლარი. მესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი, იმედი მაქვს საქართველოს დღესაც ჰყავს სარაჯიშვილებისა და ფორაქიშვილების დარი ღირსეული ბიზნესმენები, ვინც მხარს აუბამს ამ დიდ მამულიშვილურ საქმეს. ყველაფერი კი ნდობაზე იქნება დამოკიდებული. უნდა ვთხოვოთ პოპულარული საიტის თითოეული ჩვენგანისთვის პატივსაცემ შემოქმედებით ჯგუფს, მთელი ეს პროცესი გამჭვირვალე გახადოს, დარწმუნებული ვარ მას სხვა საინფორმაციო საშუალებებიც დაეხმარებიან, რათა თითოელი თეთრი დროულად და დაუბნევლად მივიდეს ჩვენი საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებამდე.
ამის აუცილებლობას კი ის გარემოებაც მკარნახობს, რომ ჯერაც ვერ ვხედავ განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, ეკონომიკის, თავდაცვის ”ეროვნულ პროგრამებს,” წინამძღოლნი რომ გახდებოდნენ საქართველოსთვის გაუსაძლის ყოფიდან გამოსაყვანად.
არსებობს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის უამრავი იდები და გზები, რომლებიც სხვადასხვა დროს წარმატებით გამოუყენებიათ, ჩვენზე არანაკლებ გაჭირვებაში მყოფ ქვეყნებს. მათ შორის ყველა დროისთვის ქრესტომატიად რჩება, ის რაც თავის დროზე გააკეთა ფრანკლინ დელანო რუზველტმა პრეზიდენტობის პირველი 100 დღის მანძილზე (1933 წლის მარტი-ივნისი).
ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც რუზველტი ემზადებოდა პრეზიდენტობისათვის, მისმა მეგობარმა, შესანიშნავმა ანალიტიკოსმა როზენმანმა შესთავაზა შეედგინა გუნდი, რომელიც შეიმუშავებდა პროგრამებს, რითაც გაიმარჯვებდნენ არჩევნებში და შეძლებდნენ ქვეყნის კრიზისიდან უსწრაფესად გამოყვანას.
როზენმანმა უარყო გამოცდილ პოლიტიკოსების, ფინანსისტების და ბიზნესმენების კანდიდატურები. მისი აზრით, ყველაზე კარგი იქნებოდა ასეთი გუნდის დაკომპლექტება უნივერსიტეტების პროფესორებით, რომლებსაც დიდი ოცნებები ჰქონდათ სამშობლოსთან დაკავშირებით და ბედნიერები იქნებოდნენ თუ ხორცს შეასხავდნენ თავის იდეებს. გადაწყდა ინტელიგენტებისაგან დაეკომპლექტებინათ გუნდი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უძლიერეს სახელმწიფოდ უნდა ექციათ და მოსახლეობა კი კეთილდღეობით უზრუნველეყოთ. ჯგუფში, რომელსაც "გონებრივი ტრესტი" უწოდეს, შევიდნენ როზენმანი, იურისტი ო’კონორი, სისხლის სამართლის სპეციალისტი მოლი, კონსერვატიული რეალიზმის იდეოლოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი რ. ტარგველი, საბანკო ექსპერტი ა. ბერლი.
გარდა ამისა, "გონებრივ ტრესტში" მუდამ იწვევდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, ბევრის სახელი დღესაც რომ უცნობია.
რუზველტმა "გონებრივ ტრესტში" შემუშავებული გეგმების, პროექტების რეალიზება იმით დაიწყო, რომ მან კონგრესს თავისი საპრეზიდენტო პროგრამის ,,ახალი კურსის“ გასატარებლად მრავალი კანონპროექტი მიაწოდა. ახალი კანონის საფუძველზე მან დააფუძნა სამთავრობო ორგანიზაციები, ე.წ. ,,სააგენტოები,“ რომლთაც კონკრეტული სამოქმედო გეგმა დაუსახა.
კონსერვაციის სამოქალაქო კორპუსი - ეს იყო გასამხედროებული ორგანიზაცია, რომელშიც ერთიანდებოდნენ 18-25 წლის მამაკაცები და მთელ ქვეყანაში გაფანტულ შრომის ბანაკებში მუშაობდნენ თვეში 30 დოლარად. მათ სამუშაოს შეადგენდა: ხეების დარგვა, ნიადაგის ეროზიასთან ბრძოლა, მდინარეების გასუფთავება, ნაკრძალების შექმნა...
საგანგებო მდგომარეობის ფედერალური ადმინისტრაცია - თანხებს გასცემდა შტატების მთავრობებზე, რომ თითოეულ შტატს თავის ტერიტორიაზე განეხორციელებინა ანალოგიური პროგრამები.
სოფლის მეურნეობის რეაბილიტაციის ადმინისტრაცია - თანხებს გასცემდა ფერმერებზე, რომელთაც უნდა ეწარმოებინათ ნაკლები რაოდენობის, მაგრამ მაღალი ხარისხის მარცვლეული, რათა მარცვლეულზე ფასები გაზრდილიყო.
ტენესის დაბლობის საბჭო - მისი მიზანი იყო დამბების მშენებლობა, რომ მწირი სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონი გადაერჩინა წყალდიდობისაგან და გამოემუშავებინა ელექტროენერგია.
ეროვნული რეაბილიტაციის ადმინისტრაცია - მისი მიზანი იყო გაეკონტროლებინა და დაეწესებინა ფიქსირებული ფასები და ხელფასები.
შრომის პროგრესის ადმინისტრაცია - მისი მეშვეობით გაკეთდა გზები, აშენდა აეროპორტები და სკოლები.
ხელოვნების წარმომადგენელთა დასახმარებლად შეიქმნა თეატრის, სამხატვრო, მწერალთა ფედერალური პროექტები. მწერლებს დაევალათ სხვადასხვა ტიპის ცნობარების შედგენა, მხატვრები ხატავდნენ საზოგადოებრივი დანიშნულების შენობათა კედლებს. მსახიობები შრომით ბანაკებში დასაქმებულთათვის მართავდნენ კონცერტებს.
რუზველტის პროგრამა გასცდა ლიბერალური ეკონომიკის ფარგლებს, მაგრამ ხალხი კმაყოფილი იყო. მათ დაიბრუნეს საკუთარი თავის რწმენა და რაც მთავარია, მომავლის იმედი.
ჩვენც გვყავს მსოფლიო დონის წარმატებული და ქართველი ერის მიერ დაფასებული პიროვნება, ეს არის თავად პრემიერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მის ირგვლივ შემოკრებილთა ძალისხმევა თავი გაართვან ქვეყნის კრიზისიდან უსწრაფესად გამოყვანას, მიუხედავად ბევრი მათგანის მაღალი კვალიფიკაციისა, არ არის საკმარისი. აუცილებელია თავად საზოგადოება იყოს ამ პროცესებში აქტიურად ჩართული. დღეს იმის ფუფუნება უკვე აღარ გვაქვს საქართველო კვლავაც გამოუყენებელი შესაძლებლობების ქვეყნად დარჩეს. მინდა მჯეროდეს, რომ მომავალი წელი იქნება უკეთესი, ხოლო მომდევნო კიდევ უფრო უკეთესი, მაგრამ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მრავალი ჩვენი თანამოქალაქისათვის ეს ვერაფერი ნუგეშია. ავადმყოფს დღეს უნდა მივაწოდოთ წამალი. მშიერს - პური. მათთვის ყოველი საათი და დღე სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასია. თვალს ნუ დავხუჭავთ, რომ მარტო იპოთეკით დაზარალებული ოჯახების რაოდენობა საქართველოში 600 ათასს აღწევს. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებაა დამნაშავეა, რომ არ დააწესა ზღვარი ბანკებისა და კერძო იპოთეკარებისთვის და მათი აულაგმავი სიხარბის წყალობით ქვეყანაში სახეზე გვაქვს მოსახლეობის ფართომასშტაბიანი ,,პაუპერიზაცია.“ ამ ხალხის გამოსახლება ოჯახებიდან ყოველდღიურად ხდება და ეს მზარდი პრობლემაა.
ამიტომ, თუ სახელმწიფო მართვაში აქტიურად არ ჩაებნენ ინტელექტუალები, მათ პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად არ გადაინაწილეს ფუნქციები და შესაბამისად პასუხისმგებლობებიც, მეეჭვება რომ მყარი შედეგი მალე დადგეს. ამ აზრს გუნება-განწყობა კი არ მკარნახობს, არამედ ჩვენი ქვეყნის ვერ ნასწავლი გაკვეთილები, რომელთაგან თუნდაც ერთს გაგახსენებდით:
1918 წელს გამოცხადდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხელში აიღო მთელი სახელმწიფოს მეთაურობა. საქართველოში იმ დროს საკმაოდ იყო ინტელიგენცია, გამოცდილი მოხელეები და სხვანი, მაგრამ მათ არავინ იყენებდა, თუ ისინი სოციალ-დემოკრატთა პარტიის წევრნი არ იყვნენ. ამ მიზეზის გამო ისეთი თანამდებობა, როგორიც იყო სამხედრო მინისტრობა, ეკავა ექიმ-გენეკოლოგს, გენერალ-გუბერნატორად სოფლის აგრონომი იყო, კიდევ სხვა მინისტრად - დურგალი. მენშევიკების ხელისუფლება უფრო განმტკიცდა 1919 წელს, როცა საქართველოში დაფუძნებული კრება აირჩა. ქართულ პარლამენტში უმეტესობად მენშევიკები შევიდნენ, 600000-მა ქართველმა მისცა მათ ხმა. ახალი პარლამენტის შემადგენლობაში ვერ შევიდნენ ეროვნული მიმართულების პარტიები და კიდევ იცით ვისთვის არ აღმოჩნდა ადგილი, ქართული უნივერსიტეტის დამაარსებლის - ივანე ჯავახიშვილისთვის.
1921 წლის თებერვალში, როცა საბჭოთა რუსეთმა განახორციელა საქართველოს ოკუპაცია. უკვე ყოფილი დამოუკიდებელი ქვეყნიდან გაქცეულ სოციალ-დემოკრატთა მინისტრებს, რადგან ფული გაბონებული იყო, საკუთარ კაბინეტებში ქრთამად აღებული ფქვილის ტომრები დარჩათ...
ესეც საოცრად სიმბოლურია!
საქართველოს დღევანდელი პარლამენტი დაკომლექტებულია ორი ძალით. აქედან ერთი საბრალდებო სკამზე ზის, ხოლო მეორეში ვინც არის, შეიყვანა ერთმა კაცმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. რეალური თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები, რომ ყოფილიყო მათი უდიდესი ნაწილი ვერ მოხვდებოდა საკანონმდებლო ორგანოში. ე.ი. ეს პარლამენტი არ გამოხატავს ხალხის ნებას. თანაც საქართველო მიდის რესპუბლიკური საპარლამენტო სახელმწიფოებრიოებისკენ, ამას კი სჭირდება მრავალპარტიული მოაზროვნე პარლამენტი და არა ისეთი როგორიც დღეს არის.
როდესაც პარლამენტის ტრიბუნიდან გვეუბნებიან, რომ ადგილობრივი მწარმოებელიც და იმპორტიორიც თანაბარ პირობებში უნდა ჩავაყენოთო, მათ ან არ იციან თუ რა არის ეროვნული სახელმწფო, ან იციან, მაგრამ ეს ცოდნა არ სჭირდებათ. კიდევ 4 წელი მტერმა უყურა ამ სახით წარმოდგენილ როგორც უმცირესობით, ისე უმრავლესობით ქართულ საკანონმდებლო ორგანოს. ეს, რა თქმა უნდა, მასში მონაწილე ყველა დეპუტატს არ ეხება. მადლობა ღმერთს არიან ადამიანები, ვისი დამსახურების წინაშეც ვალში ვართ თითოეული ქართველი. მაგრამ მედროვეებისაგან, რომ უნდა განვთავისუფლდეთ, ცხადზე ცხადია.
2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თუ ამ არჩევნებს, სავარაუდოდ, კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი მოიგებს, ნიშნავს, რომ ოქტომბრიდან ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, მთლიანად, მხოლოდ ახალი ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება და შესაბამისად, მთავრობა ვეღარ შეძლებს წარუმატებელ თუ უშედეგო პოლიტიკაზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, რაც მისთვის, ამჯერად, ჯერ კიდევ შესაძლებელია. გამოსავალი ერთია? - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
მაგრამ არც ეს იქნება ,,ხსნა“ თუ თავად ამომრჩეველი ინდიფერენტული დარჩება და არ იზრუნებს საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ძალების მოყვანას.
ნუ დაგვავიწყდება, რომ თუ ოქტომბრის ცნობილ მოვლენებამდე ჩვენი ახალგაზრდობის ყველაზე ამაღლებული ნაწილისთვისაც სამშობლოს გადამრჩენი გმირი არა თუ ეროვნული, არამედ ისევ ეკრანიდან მოვლენილი, ქვედა კაბითა და მძიმე მახვილით შეიარაღებული მელ გიბსონი იყო, ამჯერად ასეთი გმირი საზოგადოების თვით ყველაზე იმედდაკარგულმა წევრმაც კი საკუთარ თავში აღმოაჩინა. ამიტომ, დროა ბატონებო, ერთიანი, ძლიერი, საქართველოს მშენებლობა იმ ადამიანებს ვანდოთ, რომლებსაც სჯერათ ამ ქვეყნის მომავლის და საკუთარი ერის რწმენა გააჩნიათ!
ამისთვის კი საჭიროა საინფორციო საშუალებებმა გახსნან დახურული სივრცე, სადაც დრო და ადგილი ერთი და იგივე სახეებისთვის არის დათმობილი, მიუხედავად იმისა დარჩათ თუ არა მათ რაიმე სათქმელი.
ქვეყანას ახალი, ნიჭიერი ხალხის გამოვლენის შესაძლებლობა და ასპარეზი უნდა მივცეთ!