უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მომავლის უკრაინას ტერიტორიების ნაწილისა და უამრავი მოქალაქის დაკარგვის რისკი შეიძლება ემუქრებოდეს, ამიტომ საჭიროა ეკონომიკის გარდაქმნა, ცხოვრების წესის შეცვლა და იმის გადაწყვეტა, როგორი ქვეყნის მშენებლობა სურთ უკრაინელებს.
„ბევრმა ჯერ ვერ გაიგო, რომ უკრაინა, როგორიც 24 თებერვლის დილის სამი საათის მდგომარეობით იყო, აღარასოდეს იქნება. უმეტესობა ჩვენგანი იბრძვის 23 თებერვალს დასაბრუნებლად, რათა ყველაფერი იყოს ძველებურად და ფსიქოლოგიურ მოლოდინში არიან, რომ დაბრუნებული ტერიტორიები ომისწინა ცხოვრების წესის დაბრუნებას ნიშნავს. ანუ, ჩვენ შეგნებულად ვიბრძვით შეუძლებელი მიზნისთვის მაშინ, როდესაც აუცილებელია ბრძოლა არა ძველი უკრაინისთვის, არამედ ახლისთვის“, - დაწერა ალექსეი არესტოვიჩმა Facebook-ის გვერდზე.
„ამ ახალ უკრაინას, თუნდაც წმინდა მატერიალისტურად, აქვს შანსი ტერიტორიულად შემცირდეს და, რა თქმა უნდა, დაკარგოს მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც არ დაბრუნდება ევროპიდან/მსოფლიოდან მუდმივი სამხედრო საფრთხის, შემცირებული ეკონომიკისა და პირადი პერსპექტივების გამო. შესაბამისად, ღრმად უნდა ჩავწვდეთ ახალ რეალობას, ახალი უკრაინის კონტურებსა და დანიშნულებას“, - აღნიშნა მან.
ალექსეი არესტოვიჩის თქმით, უკვე სრულიად ნათელია, რომ გადარჩენის მინიმალურ პროგრამად საჭიროა ეკონომიკური წყობისა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემის სრული გარდაქმნა სახელმწიფო დონეზე.
„უკრაინის ოთხი საბაზისო პროექტის (ევროოპტიმისტური, ნაციონალისტური, საბჭოთა და რუსული) კუთხით თუ გადავხედავთ სიტუაციას, უკვე ცხადია, რომ რუსულმა ტერიტორიის ნაწილი წაგვართვა, საბჭოთა კი ალბათ დააკანონებს ამას, ნაციონალისტური ოცნებობს უკრაინისგან ანტირუსეთის შექმნას, ხოლო ევროოპტიმისტური კი ცდილობს ცუდი სიტუაციისას კარგი სახე შეინარჩუნოს და გულმოდგინედ წარმოაჩენს, რომ დასავლეთის მიზერული დახმარება ევროპის უმაღლესი სიბრძნეა“, - აღნიშნავს ის.
ალექსეი არესტოვიჩი ასევე წერს, რომ საბჭოთა და რუსულმა პროექტებმა უკრაინას სისხლი და ტანჯვა მოუტანა, ნაციონალისტურს კი სურს უკრაინის პირველ ორ პროექტთან კომპლექსურ, კონტრდამოკიდებულ ურთიერთობებში ჩაბმა, ხოლო ევროოპტიმისტები კი უბრალოდ გულახდილად იტყუებიან და თითქოს არ იმჩნევენ, რომ ევროპა არავითარ შემთხვევაში არ არის განწყობილი, რადიკალურად შეებრძოლოს უკრაინაში საბჭოთა და რუსულ პროექტებს.
„საომარი მოქმედებები შეიძლება შედარებით სწრაფად დასრულდეს (მაგალითად, ერთ წელიწადში), ჩვენ შეგვიძლია მთელი ჩვენი ტერიტორიაც კი დავიბრუნოთ, მაგრამ საბოლოოდ გავიმარჯვებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც გადავწყვეტთ, როგორ ახალ უკრაინას ვაშენებთ და დავიწყებთ ამის განხორციელებას. თქვენ იცით ჩემი პასუხი. დანარჩენი მიუღებელია, რადგან უკრაინის მომავლისთვის სახიფათოა“, - დასძინა ალექსეი არესტოვიჩმა.