ამას წინათ, სულ ახლახანს, ქუჩაში მეგობარს ველოდებოდი, დრო ბევრი მქონდა, ასე 15-20 წუთი, და მობილური ტელეფონიდან ზედმეტი ნომრების წაშლა გადავწყვიტე და კონტაქტებს ჩამოვუყევი. წავშალე ასეთები: pakrishka zaza, maliari alberta, signalizacia, xachapuri… წავშალე ასეთებიც: zaza gogolze, nino gogolze, G, K, nana k… წაშლილებიდან უმრავლესობა დროებით იყო ჩაწერილი, მხოლოდ იმ დღეს რომ დამჭირდა, როცა ჩავიწერე ან მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მჭირდებოდა. წავშალე ისეთებიც, რომლებიც ვერაფრით გავიხსენე, წავშალე ucnobi gudvilidan, რომელმაც დიდი სიყვარულით მომიკითხა, მაგრამ რამდენიმე თვე ვიფიქრე და ბოლოს დავასკვენი, რომ ვიღაცაში შევეშალე.
ისე, რომ დაფიქრდე, რამდენ ნაძირალას, მატყუარასა და უსაქმურს იტევს ტელეფონების წიგნი, მობილურის მეხსიერების ბარათში რომ ინახება...
წავშალე რამდენიმე პოლიტიკოსი და ზედ მივაყოლე რამდენიმე ექსპერტი, მათ შორის - მედია-ექსპერტებიც, რომლებიც ყველაფრის ექსპერტები არიან, მაგრამ თავმდაბლობის გამო საკუთარ თავებს მედიის მცოდნეებად და გულშემატკივრებად მოიხსენიებენ.
საბოლოოდ, ჩემი ტელეფონი ოცდაათამდე ჩანაწერით შემსუბუქდა ან, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ოცამდე ჩანაწერით შემსუბუქდა და ათამდე გვარისგან გაიწმინდა.
მთლიანობაში, 300-მდე კონტაქტს დავყევი, ერთი ამდენი კიდევ გასავლელი მაქვს და შემდეგი უსაქმურობის ჟამს მივხედავ. წასაშლელი კიდევ ბევრია. იქიდან კი წავშლი, მაგრამ ბიძია-ბაბუა ქრისტეფორე მგალობლიშვილისა (გარიყულადან რომ იყო) არ იყოს, აქედან ვერ წაშლი (თითს შუბლზე ვიკაკუნებ).
ჩემს მეგობარს, ზურა ზაქარიაძეს (თელაველი პაპა) ასეთი სტრიქონები აქვს: „...ვიღაც ცოცხალია, მე დიდი ხანია დავკრძალე“.
ჰო, მაგრამ ისეც ხომ ხდება, რომ დაკრძალე, მაგრამ მაინც ცოცხალია?
აი, იმ დღეს, მობილურში კონტაქტებს რომ დავუყევი, აზრადაც არ მომსვლია წამეშალა ირაკლი ბერიშვილი, გოჩა ჯელია, ქეთი ნაჭყებია, კახა მაზმიშვილი, კახა კაციტაძე - ბოლო ორ წელიწადში გარდაცვლილი ჩემი მეგობრები, და ლევან გაგოშიძე (პინგვინა), რომელსაც ხვალ მივაბარებთ მიწას.
ვინმეს ტელეფონის ნომრის ძებნისას, ხანდახან რომელიმე მათგანის ნომერს გადავაწყდები ხოლმე, დავცქერი და ისიც მიფიქრია, მოდი, ერთი, დავრეკავ-მეთქი... მაგრამ აბა სად უნდა დარეკო? ვინ გიპასუხებს და რას ეტყვი?
ეგ კი არა, სულ ახლახანს, ელექტრონულ ფოსტაზე კახა კაციტაძის ფოსტიდან რაღაც შემოვიდა, ლინკი იყო. ვიღაცამ იმაიმუნა, მე კი ჩემი დამემართა.
გუშინ, 6 ივნისს, ჩვენი დაგვემართა და დღესაც გრძელდება. გამოთქმაა ეგეთი - ჩემი დამემართა - თუმცა, საკამათოა, რა არის ჩემი და ჩვენი, რა დაგვემართა, რა გვემართება და რა დაგვემართება. ისე, მე თუ მკითხავ, რაც გვემართება ყველაფერი ჩვენია, რადგან ჩვენით და ჩვენგან არის.
გუშინ ავღანეთში ბიჭები რომ დაიღუპნენ, სამი კვირის წინაც რომ დაიღუპნენ, ერთი წლის წინაც რომ დაიღუპნენ და მანამდეც...
ყოველთვის ასე იყო, საქართველოა ეგეთი - გეოპოლიტიკა, გზაჯვარედინი, სამეზობლო და, როგორც ბიძია-ბაბუა იტყოდა, კიდევ უამრავი წვრილი, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი. ყოველთვის ასე იყო - ქართველები სხვის ომში მიდიოდნენ, საკუთარ მიწაზე მშვიდობა რომ ყოფილიყო. მაგრამ, არ იყო. პარალელებსა და მერიდიანებს არ ირჩევენ. პარალელების გავლება კი შეიძლება, მაგრამ ეს სულ სხვა პარალელებია და 16 წლამდე მოზარდები უნდა მოარიდო.
უნდა მოარიდო, მაგრამ როგორ? ფილმს ჩაურთავ, სერიალს ურჩევ თუ რომელიმე „უკას“ შოუს უჩვენებ პროფილში? ფილმი ბრიყვულია, სერიალი ამაზრზენი, ხოლო შოუ და პროფილი იმდენად მახინჯი და უნიჭოა, რომ შეხედავ და შეგზიზღდება.
იმ საღამოს, როცა გაოგნებული საქართველო ავღანეთში დაღუპულ ბიჭებს გლოვობდა, ერთ-ერთ არხზე ერთი მასხარა საკუთარი ცოლის ძუძუებით ამაყობდა - ძალიან სერიოზული რამეაო, მანამდეც არა უშავდა, მაგრამ ეს პლასტიკური ქირურგია რა ყოფილაო, ხელოვნების ნიმუში შექმნაო, ამაზე ლამაზი ძუძუები და ჩემზე ბედნიერი კაცი დედამიწის ზურგზე არ მეგულებაო!
წმინდა პროფესიულმა ცნობისმოყვარეობამ მაიძულა, სხვა არხზე რომ არ გადამერთო, მაგრამ რა ვიცი, მე იქ ძუძუები არ დამინახავს, ფეხები იცოცხლე - ორს პლუს ორი (წამყვანიც სიმპათიურია) და ამ ოთხის კოჰაბიტაციით, მე და ჩემმა ღმერთმა, მშვენიერი ოთხფეხა არსების მიღება შეიძლება.
იმავე მერიდიანზე, პარალელურად, სხვა არხებით, სპეციალური საინფორმაციო გამოშვებები გადიოდა - „დაიღუპა ექვსი ჯარისკაცი, დაჭრილია ცხრა, ერთ ჯარისკაცს ნანგრევებში ეძებენ... რამდენიმე წუთის წინ გვაცნობეს, რომ ნანგრევებში მოყოლილი ჯარისკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 7 ივნისი გლოვის დღედ არის გამოცხადებული“. ხოლო იმ გადაცემაში ახალი ძუძუების ბედნიერი მფლობელი და ახალი ძუძუების ბედნიერი მფლობელის ბედნიერი მფლობელი, ანუ ქმარი, დუმდნენ, რადგან სიტყვა უკვე პლასტიკურ ქირურგზე იყო: „უმაღლესი ხარისხის იმპლატანტი... ზომა თქვენ თვითონ შეარჩიეთ... ღარი ლამაზი იქნება...“
ცოტა დააკლდა, თორემ იმასაც იტყოდა, ჩემი თუ არ გჯერათ, ხელი შეავლეთ და თავად დარწმუნდებითო.
რა თქმა უნდა, ვიცი, რომ გადაცემა წინასწარ იყო ჩაწერილი და ეთერში იმ დღეს, იმ საათზე უნდა გასულიყო. ვხვდები, რომ არსებობს სარეკლამო დრო და გადაცემის არგაშვება გამოიწვევდა იმას, რომ ერთი შხამიანი ჰამბურგერით და ერთი ქიმიური ლიმონათით ნაკლები გაიყიდებოდა, მომავალ კვირაში პლასტიკურ ქირურგს ერთი მკერდით და ერთი უკანალით ნაკლების გაკეთება მოუწევდა და რომ ბედნიერი ქმარი ვეღარ იქნებოდა ისეთი ბედნიერი, რადგან მისი ცოლის ახალი ძუძუების შესახებ მსოფლიო მთელი ერთი კვირის დაგვიანებით შეიტყობდა.
უამრავ ოჯახში ხდება ტრაგედია, ყოველდღე უამრავი ადამიანი კვდება, ჩვენც, ყველანი, ვისაც ბევრი სიკვდილი გვაქვს ნანახი, უფრო და უფრო ვეჩვევით სიკვდილს და პირველ რიგში - საკუთარ სიკვდილს, მაგრამ ეს ჩვენი ტრაგედიებია. ოჯახი, სანათესაო, სამეგობრო, სამეზობლო - ეს არის და ეს, მხოლოდ ისინი გაიგებენ, რომ მე აღარ ვარ, როცა აღარ ვიქნები. ვიღაც ტელეფონიდან ამომშლის, ვიღაც გონებიდან და იქნება ასე, რადგან ასეა, ყოველდღიურია და ჩვეულებრივია, მაგრამ თუ სამიათასწლოვანი საქართველოსთვის ჩვეულებრივი ამბავია, მისი შვილები სამშობლოსათვის უცხო მიწაზე რომ იღუპებიან, ჩვენი ყოველდღიურობისთვის ეს სულაც არ არის რიგითი რამ და მით უმეტეს ისეთი, ქათმის მკერდითა და კვერცხის გულით რომ გადაფარო.
ბიჭები დაიღუპნენ, დროშები დაშვებულია. დროშები დავუშვით, მაგრამ ისიც ხომ დავუშვით, რომ პრეზიდენტად გვყავდეს კაცი ურცხვი, თავხედი, უზრდელი, ხარბი, ბრიყვი... კაცი - არაკაცი!
ისიც ხომ დავუშვით, რომ ხელისუფლებაში გვყავდა ხალხი ურცხვი, თავხედი, უზრდელი, ხარბი, ბრიყვი... ხალხი, რომლისთვისაც ხალხი ბრბოა, ხოლო ადამიანი ჭანჭიკი, რომელსაც ხან მოუჭერ და ხან მოუშვებ, იმის მიხედვით თუ რომელი იქნება მეტი ხეირის მომტანი მოცემულ დროს და მოცემულ ადგილზე.
მე, მაგალითად, ოქტომბერს ველოდები. ოქტომბერში ყველანაირი ვადა გავა და სად გავა ისე, რომ ვინმე არ გადაეყაროს? სად წავა ისე, რომ პასუხი არავინ მოსთხოვოს? რა ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთანა, რომ მივიღოთ და ვაპატიოთ?
მეხსიერების ბარათი დიდი ოხერი რამ არის, ცუდსაც ინახავს და კარგსაც, ორივეს თავისი ადგილი აქვს. მეხსიერების ბარათს ვერ გამორთავ, სულ ჩართულია და მასზე ინფორმაცია კი არ ინახება, არამედ ინახება ემოცია და ამის შემდეგ და ამის შედეგად არის „ღმერთს ღმერთისა და კეისარს კეისრისა“.