უჩვეულო კონცერტი, რომელიც ლეგენდარულმა Deep Purple-მ 5 ივნისის საღამოს „დინამო არენაზე“ შეკრებილ როკ მუსიკის მოყვარულთ შესთავაზა, აუცილებლად ოქროს ასოებით ჩაიწერება თვით ამ კოლექტივის მიერ ჩატარებულ ლამის ნახევარსაუკუნოვან საკონცერტო შემოქმედებაში.
საოცარი ენერგეტიკა, რაც 70 წელს მიღწეულმა მუსიკოსებმა თბილისის კონცერტზე გამოავლინეს, მართლაც რომ შესაშურია არა მარტო მათი ასაკის, არამედ მათზე გაცილებით ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის, რომელთაც Deep Purple-მ ნამდვილი გაკვეთილი ჩაუტარა მუსიკალური აზროვნებისა, თუ თვალსაწიერისა.
ყოველივე ზემოთქმული სათქმელად ადვილია, მაგრამ ჯგუფის დღევანდელი მდგომარეობა რომ უმჯობესია თუნდაც სამი-ოთხი წლის წინანდელთან შედარებით, ეს ცხადზე უცხადესია. საქმე ისაა, რომ დაკვირვებული მსმენელი 5 ივნისის კონცერტზე აშკარად შეიგრძნობდა სცენაზე კიდევ ერთი მუსიკოსის არსებობას, რომლის გარდაცვალების შესახებ, მათ ნეშვილში - ალბომ Now What?!-ზე მუშაობის პერიოდში შეიტყვეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ლორდი უკვე ათი წელიწადი იყო, რაც ჩვენთან აღარ უკრავდა, მას ყოველთვის გვერდში ვგრძნობდით. შოკისმომგვრელი ინფორმაციის შემდეგ კი ეს კავშირი კიდევ უფრო გაღრმავდა“ - იან გილანის ამ სიტყვებმა ასახვა ჰპოვა ახალი ალბომის სიმღერაში Above And Beyond. ინსტრუმენტული ანსამბლის აღმასვლით გამორჩეულ სიმღერაში, ვრცელ ინსტრუმენტულ ინტროს ჯერ მორსი ამშვიდებს, ხოლო შემდეგ კი კომპოზიციის ხასიათს უკვე იან გილანი აიტაცებს და მისამღერს ტრადიციულად ულამაზესად ასრულებს. ვოკალის ძირითად თემას, იგი უფრო მაღალ ტონალობაში შემოიყვანს...
ეს არაა შემთხვევითი, რადგან სიმღერა ჯონ ლორდის ხსოვნას ეძღვნება: „ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენთ, რომ სიახლოვეში მყოფი სულები, შესისხლხორცებულია. შეიძლება გტოვებდეთ, მაგრამ სინამდვილეში ყოველთვის იქ ვარ, სადაც გსურთ, უფრო მაღლა და იქვე...“ - აი რა სიტყვებს უსმენდა ოთხშაბათ საღამოს სტადიონზე მისული მსმენელი, რომელიც საოცარი გრძნობით, სიღრმითა და სიბრძნით გაჯერებულ ხუთეულს, არამარტო ძველ სიმღერებში შეიგრძნობდა! Above And Beyond-ის გარდა, Deep Purple-მ კიდევ ორი ახალი სიმღერა Vincent Price და All Around The World შეასრულა. პირველი მათგანი Fireball-სა In Rock -ზე აწყობილ კონცერტის მგზნებარე შესავალს მოჰყვა.
სცენაზე თავიდანვე იან პეისისა და როჯერ გლოვერის გამოჩენამ, რომელთაც იქვე დონ ეირი მოჰყვათ, დაკვირვებულ მსმენელს აფიქრებინა, რომ კონცერტი Fireball-ით გაიხსნებოდა. გაფიქრებისთანავე პეისმა დასცხო და ორმოცი წლის როკ’ნ’როლმა შეძრა სტადიონი. In To The Fire-ში Fireball-ის გადასვლა მუსიკოსების უკვე ჩვეული ილეთია, რომელიც საწყისს ჯერ კიდევ სტივ მორსის Deep Purple-ში მისვლის პერიოდიდან იღებს. მომდევნო - Hard Lovin’ Man კი ჯგუფმა კონცერტებზე 2009 წლიდან გამოაცოცხლა, ჩაანაცვლა რა ამ სიმღერით Deep Purple In Rock-ის რეპერტუარიდან Speed King. საოცარია, მაგრამ რაც უფრო მეტად ასაკში შედის, გილანი ყველაზე რთულ და „ახალგაზრდულ“ სიმღერებს ეჭიდება წამოკივლებებითა და ხმის აუცილებელი სიმძლავრით, „დასასვენებელი“ Lazy-ის ფონზე, რომელიც სტადიონზე მისული მსმენელის სასიხარულოდ, შესრულდა...
Hard Lovin’ Man-დან დაიწყო მსმენელმა მორსი-ეირის დიდებული ტანდემის შეგრძნობა. არადა ვინ წარმოიდგენდა შორეულ 1970 წელს, რომ 43 წლის შემდეგ, ლორდი-ბლეკმორის დუეტს, სწორედ ეს მუსიკოსები ჩაანაცვლებდნენ ჯგუფში. ამაში ხომ უდიდესია გლოვერის, გილანისა და პეისის დამსახურება, რომლებიც უბრალოდ ვერ გაძლებენ Deep Purple -ს გარეშე...
პეისმა, ანუ ჯგუფის ერთადერთმა წევრმა, ვისაც Deep Purple-ს ყველა ალბომში აქვს მონაწილეობა მიღებული, The Mule დრამ-სოლო დასცხო. 2013 წლისთვის შედარებით „არაკომერციულმა“ გადაწყვეტილებამ შეიძლება ერთგვარი გაკვირვებაც კი გამოიწვია სტადიონზედ მისულ მსმენელებში, მაგრამ მეორეს მხრივ ამ ნომერმა ყველას დაანახა კიდევ ერთხელ, რომ ასაკი არც იან პეისისთვის არსებობს, არც Deep Purple-თვის და რომ მთავარია შეასრულო კარგად და როდის მოხდება ეს - 1972-ში, თუ 2013-ში, მნიშვნელობა არ აქვს.
პეისს დრამ სოლოში არ (ან ვერ) ჩაურთავს Made In Japan-ის კოსმიური რიტმი, მაგრამ კომპოზიცია არც შეიძლებოდა რომ უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო, რადგან დაახლოებით საათნახევრიან პროგრამაში, Deep Purple-ს სტივ მორსის Contact Lost, Well Dressed Guitar და დონ ეირის ინსტრუმენტული გარღვევებითურთ, თურმე 17 კომპოზიცია უნდა შეესრულებინა. დრო ძალზედ ცოტა იყო და ამიტომაც სიმღერებს შორის პაუზები პრაქტიკულად არ ყოფილა და გილანს ახალი სიმღერების სათაურებიც კი არ გამოუცხადებია.
შთამბეჭდავ ინსტრუმენტულ გარღვევებში, სადაც მრავალი თემა ცნობილია, მაგრამ ყოველთვის რაღაც ახალ იმპროვიზაციულ ჩანახატს რომ გვთავაზობენ, დონ ეირიმ უეცრად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ჰიმნის ვარიაციები ულამაზესად ჩააქსოვა. ჰამონდ (და არამარტო) გაფრენა კი Perfect Strangers-ში გადაიზარდა, რამაც ძალაუნებურად 1990 წელს გილანის ჯგუფის ვიზიტი გაგვახსენა საქართველოში. მაშინ 1984 წლის ალბომიდან, გილანის ჯგუფმა კონცერტზე Knocking at Your Backdoor დაუკრა. აქვე ვიტყვით, რომ მაშინ გილანის მიერ Deep Purple-ს რეპერტუარიდან აღებული კიდევ სამი სიმღერა Strange kind Of Woman, Smoke On The Water და Black Night, 5 ივნისის საღამოსაც შესრულდა...
ურთულესი ვოკალ-გარღვევების შემდეგ, Strange kind Of Woman-ში იან გილანმა ტრადიციულად მშვიდად და ლამაზად იმღერა, ბოლოსკენ კი თავს უფლება მისცა, რომ სტივ მორსის გიტარასთან მოპასუხე პაექრობაში გადასულიყო, რაც შესანიშნავად გამოუვიდა. საერთოდ Deep Purple-ს კონცერტის ხასიათი დიდწილადაა დამოკიდებული იან გილანის ხმის მდგომარეობაზე. ამ მხრივ კი თბილისურ პუბლიკას ნამდვილად გაუმართლა, რადგან ტურნემ ზენიტში და აქედან გამომდინარე, მუსიკოსების განსაკუთრებულ ურთიერთგაგებაში უწია.
მნიშვნელოვანია, რომ ახალმა სიმღერებმა ჯგუფი კიდევ უფრო მეტად შეკრა და დააახლოვა, რამაც განაპირობა ძველი სიმღერების იმპროვიზაციული პალიტრის ახალი სისხლით შევსება. ამის ნათელი მაგალითია ბისზე დაკრული Hush. მორსისა და ეირის ტანდემმა ამ უძველეს სიმღერაში პასუხებზე აგებული საკმაოდ ხანგრძლივი იმპროვიზაცია შემოგვთავაზა, რამაც განუმეორებელი საზეიმო ელფერი შესძინა კონცერტის ფინალურ ნაწილს. იქამდე კი იყო No One Came, Space Truckin’ და რა თქმა უნდა Smoke On The Water.
აშკარაა, რომ Deep Purple დღეს გაცილებით გაახალგაზრდავებული და იდეებით აღსავსეა, ვიდრე ეს იყო ვთქვათ 2-3 წლის წინათ, როდესაც უკანასკნელი ალბომი მუსიკოსებს 2005 წელს ჰქონდათ ჩაწერილი. მთელი საათნახევრის განმავლობაში, მსმენელმა საუკეთესოდ დაკრული სოლოები მოისმინა და არ შექმნია ბლეკმორისა თუ ლორდის დეფიციტი. შესაბამისად ჩვიდმეტი და ათი წლის განმავლობაში მათ შემცვლელებმა მორსმა და ეირიმ ხომ დიდებული ტანდემი შექმნეს უაღრესად მრავალმხრივი მუსიკოსებისა, რომელთათვისაც ნებისმიერი ჟანრობრივი სვლა მისაღები და ადვილად მორგებადია თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ლეგენდარული ჯგუფის ხელწერაზე.
Hush-ის შემდეგ, როდესაც ნათელი შეიქმნა, რომ Deep Purple აწი მხოლოდ ერთ სიმღერას შეასრულებდა, სტადიონზე მისული საზოგადოება Highway Star-თვის მოემზადა. ამგვარ განწყობას ხელი შეუწყო როჯერ გლოვერის დაჭერილმა რიტმმა. ეღიმებოდა მხოლოდ მას, ვინც წინასწარ იცოდა „ტრეკ-ლისტი“ და შესანიშნავად უწყოდა, რომ დიდებული ბასისტი უეცრად პაუზას აიღებდა და შესანიშნავი ხუთეული სტადიონზე მისულ ათიათასობით ადამიანს მშვიდობიან ღამეს Black Night-ით უსურვებდა...