უკვე სამი თვეა, რაც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი დაიწყო და ის გეგმის მიხედვით არ მიდის, პირიქით, საქმე ძალიან ცუდად მიდის, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ეკონომიკური რედაქტორი, ლარი ელიოტი სტატიაში სათაურით რუსეთი ეკონომიკურ ომს იგებს - პუტინი ჯარების გაყვანასთან ახლოსაც კი არ არის.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთს სანქციები დაუწესდა არა იმიტომ, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო, არამედ იმიტომ, რომ სანქციების დაწესება მოქმედების დანარჩენ ორ ვარიანტს სჯობდა: არაფრის გაკეთებას ან სამხედრო კუთხით ჩართვას.
„ეკონომიკური ზომების პირველი ნაკრები რუსეთს უკრაინაში შეჭრისთანავე დაუწესდა, როდესაც ვარაუდობდნენ, რომ უკრაინა რამდენიმე დღეში კაპიტულაციას გამოაცხადებდა. ეს არ მოხდა, რის შედეგადაც, სანქციები თანდათან გამკაცრდა. თუმცა, არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი უკრაინიდან გადის და ეს გასაკვირი არ არის, რადგან სანქციებმა რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტის ღირებულების ზრდა გამოიწვია, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მისი სავაჭრო ბალანსი და ომის ძალისხმევა დააფინანსა. 2022 წლის პირველ ოთხ თვეში პუტინს შეუძლია დაიკვეხნოს დადებითი სალდოთი, რომელიც 96 მილიარდ დოლარ შეადგენს, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი“, - ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა The Guardian-ის ეკონომიკური რედაქტორი წერს, რომ როდესაც მიმდინარე კვირის დასაწყისში ევროკავშირმა რუსული ნავთობის ნაწილობრივი აკრძალვა გამოაცხადა, გლობალურ ბაზრებზე ნედლი ნავთობის ღირებულება გაიზარდა, რამაც კრემლს კიდევ ერთი ფინანსური შემოსავალი მოუტანა. ამასთანავე, რუსეთს არ უჭირს თავისი ენერგორესურსებისთვის ალტერნატიული ბაზრების პოვნა.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ სანქციები რუსეთისთვის უმტკივნეულოა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, რუსეთის ეკონომიკა წელს 8.5%-ით შემცირდება დასავლეთიდან იმპორტის ჩამოშლის გამო. რუსეთს აქვს საქონლის მარაგი, რომელიც აუცილებელია მისი ეკონომიკის შესანარჩუნებლად, თუმცა დროთა განმავლობაში ის გაიხარჯება. მაგრამ ევროპა მხოლოდ ეტაპობრივად იშორებს თავის დამოკიდებულებას რუსულ ენერგეტიკაზე და ამიტომ პუტინისთვის დაუყოვნებლივი ფინანსური კრიზისი თავიდან იქნა აცილებული. რუბლი ძლიერია. კრემლს აქვს დრო, მოიძიოს სათადარიგო ნაწილებისა და კომპონენტების ალტერნატიული წყაროები ქვეყნებიდან, რომლებსაც სურთ გვერდი აუარონ დასავლეთის სანქციებს“, - წერს სტატიის ავტორი.
ლარი ელიოტი ასევე აღნიშნავს, რომ გასულ კვირას დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საჯარო გზავნილი იყო რუსული აგრესიის დაგმობა და განახლებული ვალდებულება უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომის შესახებ, თუმცა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებმა პირად საუბრებში შეშფოთება გამოთქვეს გაჭიანურებული ომის ეკონომიკური ხარჯების გამო.
„ეს შეშფოთება სრულიად გამართლებულია. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გააძლიერა ფასებზე ზეწოლა. ომის შედეგად, დასავლური ეკონომიკები ნელი ან უარყოფითი ზრდისა და ინფლაციის მზარდი პერიოდის წინაშე დგანან. ცენტრალური ბანკები მიიჩნევენ, რომ მათ რეაგირება უნდა მოახდინონ თითქმის ორნიშნა ინფლაციაზე საპროცენტო განაკვეთების გაზრდის გზით. მოსალოდნელია უმუშევრობის ზრდა“, - წერს სტატიის ავტორი.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი თავიდანვე ელოდა მის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის დანაწევრებას. კრემლი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკური ტკივილის ზღვარი უფრო მაღალია, ვიდრე დასავლეთის.
„თუ საჭიროა მტკიცებულება, რომ სანქციები არ მუშაობს, მაშინ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება უკრაინას მოწინავე სარაკეტო სისტემები მიაწოდოს, ამ მტკიცებულებას უზრუნველყოფს. იმედი ის არის, რომ აშშ-ის თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიები მიაღწევს იმას, რასაც ენერგეტიკულმა აკრძალვებმა და რუსული აქტივების ჩამორთმევამ აქამდე ვერ მიაღწია: აიძულონ პუტინი უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს. პუტინის სრული დამარცხება ბრძოლის ველზე ომის დასრულების ერთ-ერთი გზაა, თუმცა როგორც ჩანს, ეს არც ისე სავარაუდო სცენარია. არსებობს სხვა შესაძლო შედეგები. ერთი ის არის, რომ ეკონომიკური ბლოკადა საბოლოოდ იმუშავებს და უფრო მკაცრი სანქციები რუსეთს აიძულებს უკან დაიხიოს. მეორე არის მოლაპარაკების გზით მოგვარების საკითხი. პუტინი არ აპირებს უპირობოდ დანებებას, ხოლო ეკონომიკური ომის შედეგად სერიოზული ზარალის პოტენციალი აშკარაა: განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრების დონის დაცემა და შიმშილი და სავალო კრიზისი განვითარებად სამყაროში. რუსული ჯარების მიერ ჩადენილი სისასტიკე ნიშნავს, რომ კრემლთან კომპრომისზე წასვლა ამჟამად რთულია, მაგრამ ეკონომიკური რეალობა მხოლოდ ერთ რამეს გვთავაზობს: ადრე თუ გვიან შეთანხმება დაიდება“, - დასძინა სტატიის ავტორმა.