“რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს იმაზე, რომ კიევთან სამშვიდობო შეთანხმებებს ხელი მოაწეროს, თუმცა უკრაინის ხელისუფლება და უკრაინელი ხალხი არცერთი გოჯი მიწის დათმობას და უკან დახევას არ აპირებს და აცხადებენ, რომ ყველა იმ ტერიტორიას დაბრუნებენ, რომელიც ისტორიულად ეკუთვნით. ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთი ახლა მშვიდობისმყოფელის მანტიის მორგებას ცდილობს, რადგან სანქციებისა და უკრაინისთვის თანამედროვე ტიპის დასავლური იარაღის მიწოდების ფონზე, ომში წარმატებას ვერ მიაღწევს და წინასწარ თავს იზღვევს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო აცხადებს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებისთვის რუსეთი მზადა, თუმცა, საჭიროა, მოლაპარაკებების სურვილი ორივე მხარეს ჰქონდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ალაპარაკდნენ მოსკოვში სამშვიდობო შეთანხმებაზე - “რუსეთმა იცის, რომ დასავლური შეიარაღების მიღების შემდეგ უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდება”.
“რუსეთი ღიაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისა და მშვიდობის მომტანი ხელშეკრულებების ხელმოწერისთვის. ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. საჭიროა დიპლომატიური, მშვიდობიანი გადაწყვეტილებები. მაგრამ ამას ორი ქვეყნის ნება სჭირდება. ვიმეორებთ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, შეთანხმებების ხელმოწერისთვის, რომელიც შეაჩერებს სამოქალაქო ომს უკრაინაში და მიგვიყვანს მშვიდობამდე, მაგრამ ვერ ვხედავთ კიევის მხრიდან მსგავს რეაქციას”, - აღნიშნა ვალენტინა მატვიენკომ. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას არ აინტერესებს რა გეგმები აქვს რუსეთის ფედერაციას, ის მოახდენს ყველა იმ ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად ეკუთვნის. “ჩვენი გეგმები ნათელია - ჩვენ განვახორციელებთ მთელ ჩვენს ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად გვეკუთვნის და ყველა საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ეს არის ჩვენი გეგმა. ჩვენ არ გვაინტერესებს რა გეგმები აქვს რუსეთის ფედერაციას”, - განაცხადა ზელენსკიმ. როგორც “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რუსეთის განცხადებას, რომ სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზადაა, რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორის ის, რომ სანქციებისა და დასავლური შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემის ფონზე რუსეთს სხვა გზა აღარ რჩება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რუსეთშიც ესმით, რომ ეკონომიკური სანქციებისა და შექმნილი კრიზისის პირობებში ომი რაც უფრო გაიწელება, ამ ომიდან მათთვის ღირსეულად გამოსვლა მით უფრო რთული იქნება. მით უმეტეს, იმ პირობებში, რაც ახლა დონეცკსა და ლუგანსკში ხდება, შესაძლოა პუტინმა რუსულ საზოგადოებას გამოუცხადოს, რომ ომის მიზანი შესრულებულია. თავიდან კი გვახსოვს მიზანი მთელი უკრაინის დაპყრობა იყო, რომელიც არ გამოუვიდა. რუსეთმა იცის, რომ დასავლური შეარაღების მიღების შემდეგ უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდება. ასევე, მათი მეორე მიზანი ისაა, რომ ცდილობს უკრაინას დიპლომატიურად მოუგოს, რომელიც ახლა მსხვერპლია და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი სიმპატიით სარგებლობს. რუსეთი ახლა ცდილობს, რომ მშვიდობისმყოფელის მანტია მოირგოს, რომ თითქოს თვითონ მზად არიან, მაგრამ უკრაინელებს აღარ სურთ, რომ ომი შეჩერდეს. ამას მერე გაჰყიდიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
“კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ჩანს რუსეთს უკეთესის იმედი არ აქვს და ამიტომაც სამშვიდობო შეთანხმებაზე დაიწყო ლაპარაკი. “როგორც წესი მოლაპარაკებების მაგიდასთან სხდებიან მაშინ, როცა უკეთესის იმედი არ აქვთ და იმის შენარჩუნება მაინც უნდათ, რაც აქვთ, ალბათ ეს კონტექსტია. ფედერაციის საბჭო რამდენად სანდოა, ეს სხვა საკითხია, რადგან ამას ერთი ადამიანი წყვეტს და ეს პუტინისგან უნდა წამოვიდეს. ალბათ, ამ განცხადებით ამოწმებენ თუ ცივილიზებულ სამყაროს რეაგირება რამდენად ექნება. თუმცა, მგონია, რომ სიფრთხილეა საჭირო და ასეთ რაღაცეებს კრიტიკულად უნდა ვუყურებდეთ, რადგან რუსეთმა არაერთხელ თქვა ერთი და მეორე გააკეთა. ვფიქრობ, რომ ის გარკვეულ ბრძოლებს მაინც ჯერ კიდევ განაგრძობს”, - თვლის ზაქარეიშვილი, რომლის განმარტებით, “პუტინს ყოველთვის აქვს ხოლმე პროგრამა მინიმუმი, რომელიც არ იცვლება ხოლმე და პროგრამა მაქსიმუმი, რომელიც სულ იცვლება”, - დასძენს გამოცემა.
“პუტინს მეტი უნდოდა და იმედი ჰქონდა, რომ უკრაინას დაღლიდა, ასევე, გაგონილი ჰქონდა, რომ დასავლეთი იარაღს მიაწვდიდა და ვიდრე ეს მოხდებოდა, მანამდე რაღაცის მოსწრება უნდოდა, ეს რაღაცა ვერ მოასწრო, ვერც 9 მაისისთვის და ვერ ახლა. უკრაინის მედგარი და პრინციპული წინააღმდეგობა რუსებმა ომის პირველ ნაწილში პირველად ვერ გათვალეს, რამაც რუსებს დათვური სამსახური გაუწია. მეორე ნაწილში კი, როცა მიხვდნენ, რომ უკრაინელები პრინციპულები არიან, რუსი ჯარისკაცები უკვე ძალაგამოცლილები, შეშინებულები იყვნენ ვეღარ უტევდნენ და პრაქტიკულად დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით ჩაეფლნენ. ახლა დაიწყება მესამე ნაწილი, როცა დასავლეთი უკრაინას ისეთ იარაღს მიაწვდის, როცა ამის გამკლავება გაუჭირდებათ. როცა მარიუპოლი აიღო, პუტინს იმედი გაუჩნდა, რომ იქნებ ახლა პროგრამა მინიმუმი მაინც შეასრულოს, ანუ ლუგანსკი და დონეცკი აიღოს. ათჯერ მაინც თქვეს, რომ ლუგანკის ოლქი აიღეს, თუმცა, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ახერხებენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“რუსები კარგად თვლიან და ხედავენ, რომ რესურსები და ენერგია არ ეყოფათ, არაპოპულარულები ხდებიან, ამასობაში, როგორც უკრაინას იარაღი, ისე რუსეთს ეკონომიკური სანქციების სიმძაფრე წამოეწევა და მგონია, რომ რუსეთის პოლიტიკაში გონიერებამ ახლა მაინც უნდა გადაწონოს და მიხვდნენ, რომ სჯობია, ის მაინც “გადაარჩინონ”, რაც დაკავებული აქვთ, ვიდრე დაკავებულიც დაკარგონ. ამ შემთხვევაში ქართული ვარიანტი შემოდის. რუსეთს იმედი აქვს, რომ როგორც აქ აქვთ ტერიტორიები ოკუპირებული და აკონტროლებენ, ასე უკრაინაშიც ასე იქნება იმ ტერიტორიებზე, რაც დაიკავეს. იმედია, რომ უკრაინელები უფრო პრინციპულები იქნებიან არ შეარჩენენ, რაც დაკავებული აქვთ. უკრაინელები პარტიზანული ომით არიან დაკავებულები და რამდენადაც არ უნდა მოაწერონ ხელი შეთანხმებას, უკრაინელი ხალხი მაინც არ შეარჩენს... უკრაინელებმა თავიანთი გამარჯვების დაიჯერეს, ისინი მიხვდნენ, რომ თურმე რუსების დამარცხება შეიძლება. ეს ამ ომში ყველაზე დიდი წარმატებაა, ომი გაგრძლდება და უკრაინა მინიმუმ უკრაინის ტერიტორიებს გაათავისუფლებს. ყირიმი უფრო რთული იქნება, მაგრამ ღმერთმა ქნას, რომ ამასაც მიაღწიონ. არაა გამორიცხული, რომ ცეცხლის შეწყვეტასაც მოეწეროს ხელი, მაგრამ ტერიტორიების დაბრუნების პროცესები მაინც გაგრძელდება”, - დასძენს ზაქარეიშვილი.