რუსეთ-უკრაინის ომის მეორე ფაზაში რუსეთის უპირატესობა ფრონტის ხაზზე ბოლო რამოდენიმე დღეა თვალში საცემია. რუსებმა ლუგანსკის ოლქის ფაქტობრივად სრულად დაკავება შეძლეს და უკრაინელთა მრავალრიცხოვანი სამხედრო დაჯგუფების ალყაში მოქცევას ცდილობენ. რის საფუძველზე მიაღწიეს რუსებმა ამას და არის თუ ეს მათი შესაძლებლობის მაქსიმუმი?
სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ომის მეორე ფაზაში სარდობის შეცვლასთან ერთად ბრძოლის ტაქტიკაც შეცვალა. ამჯერად ისინი სრულ კონცენტრაციას ახდენენ ფრონტის ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე და ყველა რესურსს ამ ლოკაციისაკენ მიმართავენ, რაც ამ კონკრეტულ რაიონში მათ წარმატებას განაპირობებს.
სწორედ ამაზეა საუბარი ბრიტანეთის დაზვერვის ტრადიციულ ანგარიშშიც, რომლის თანახმადაც რუსები შეიარაღებული ძალების და დარტყმების შედარებით მცირე ტერიტორიაზე კონცენტრირებას ახდენენ. ეს შედეგს იძლევა, თუმცა, ამ ტაქტიკით რუსები ფრონტის სხვა მონაკვეთებზე მყოფ თავის ძალებს აყენებენ რისკის ქვეშ.
რაც შეეხება უკრაინელებს, აღმოსავლეთში შექმნილი პრობლემების ფონზე, ისინი ჩრდილოეთში ხარკოვის და სამხრეთში ნიკოლაევი-ხერსონის მიდამოებში ცდილობენ შეტევაზე გადასვლას, რათა რუსებს ამ მიმართულებით დამატებითი ძალების გადასროლა აიძულონ, რაც დონბასში მათი შეტევის ტემპს დააგდებს.
რუსების ლოკალური წარმატება და ნელი პროგრესი
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუსეთმა უფრო შესამჩნევ ლოკალურ წარმატებებს მიაღწია უკრაინაში, ვიდრე საომარი კამპანიის დასაწყისში. აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ საკუთარ ყოველდღიურ ანგარიშში წერს.
„რუსეთმა მიაღწია უფრო შესამჩნევ ლოკალურ წარმატებებს, ვიდრე კამპანიის დასაწყისში, შეიარაღებული ძალების და დარტყმების შედარებით მცირე ტერიტორიაზე კონცენტრირებით. ეს აიძულებს რუსეთს რისკზე წავიდეს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სხვა ნაწილებში“, - ნათქვამია დაზვერვის ანგარიშში.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ლიმანის ხელში ჩაგდება ხელს უწყობს მცდელობებს მისი მთავარი ოპერატიული მიზნის განსახორციელებლად, რომელიც, სავარაუდოდ იქნება სევეროდონეცკის და ლუგანსკის რეგიონში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა. მათივე ცნობით, სევეროდონეცკის ძლიერი დაბომბვები გრძელდება და სავარაუდოდ, ქალაქის მიდამოებში ქუჩის ბრძოლებიც მიმდინარეობს. დაზვერვაში აცხადებენ, რომ რუსეთის პროგრესი ნელია, თუმცა მიღწეულის შენარჩუნებას ახერხებენ.
ამასთან, დაზვერვის შეფასებით, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად რუსეთს რთული ამოცანების შესრულება მოუწევს.
„რუსეთის პოლიტიკური მიზანი სავარაუდოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელი ტერიტორიის ოკუპაციაა. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთს სჭირდება შემდგომი რთული ოპერაციული მიზნების განხორციელება სევეროდონეცკის მიღმა, მათ შორისაა საკვანძო ქალაქი კრამატორსკი და დნიპრო-დონეცკის ავტომაგისტრალი“, - ნათქვამია ანგარიშში.
რა შეცვალეს რუსებმა ომის მეორე ფაზაში
სამხედრო ანალიიტკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რუსებმა თავიანთი სამხედრო სტილის და მანევრის დაგეგმა შეცვალეს. ომის სათავეში ახლა უკვე გენერლები და სამხედრო სპეციალისტები არიან, ომის პირველ ფაზას კი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ბევრი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა.
„პუტინს თავდაპირველად პირდაპირ ზელენსკის ხელისუფლების დამხობა უნდოდა. ამიტომ ამ ოპერაციას რუსეთის ეროვნული თავდაცვის ცენტრი ხელმძღვანელობდა, რომელიც პირდაპირ პუტინს ექვემდებარება. ეს სტრატეგიული სტრუქტურა პუტინმა შექმნა, როგორც თავდაცვის სამინისტროს პარალელური სტრუქტურა. პუტინს რუსეთის გენერალიტეტის მიმართ ნდობა არ ჰქონდა და ვიცით, რომ თავდაცვის მინისტრ შოუგუსთან არც თუ კარგი ურთიერთობა აქვს. ამიტომაც ომის პირველ ფაზას პუტინი ხელმძღვანელობდა.
„აღმოჩნდა, რომ ის საკმაოდ უნიჭო მთავარსარდალია. ამიტომ იძულებული გახდა ომის მეორე ფაზა შოიგუსთვის გადაებარებინა. ახლა ომის მეორე ფაზას შოიგუ და გერასიმოვი ხელმძღვანელობენ. ამიტომ სამხედრო მანერა და ტაქტიკა შეიცვალა. სამწუხაროდ, რუსმა ოკუპანტებმ უკრაინაში გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, სწორედ გენშტაბის უფროსმა გერასიმოვმა შეარჩია უკრაინაზე კონცეტრირებული დარტყმების სტრატეგია. ეს კი რუსებს საშუალებას აძლევს, რომ შეარჩიონ ერთი კონკრეტული ლოკაცია, სადაც დარტყმებს მთელი სიძლიერით ახორციელებენ. ამან კი, სამწუხაროდ, ლუგანსკის და დონეცკის მიმართულებით მეტ-ნაკლებად გაამართლა და წარმატება რუსების მხარესაა.
„ეს რუსების მაქსიმუმი არ არის და თუკი ისინი წარმატებას ლუგანსკსა და დონეცკში მიაღწევენ, რა თქმა უნდა, მათი მადა გაიზრდება. თუმცა, ფრონტის სხვა მონაკვეთებზე რუსები ოპერატიულ თავდაცვაზე გადავიდნენ.
„სამწუხაროდ, ლუგანსკის თითქმის მთელი ტერიტორია რუსებმა უკვე დაიკავეს. ახლა მხოლოდ სევერსკის მარჯვენა სანაპირო დარჩა, რომელიც უკვე ლუგანსკის ოლქის საზღვრებს სცდება.
„დონეცკის მიმართულებით კი რამდენიმე ხაზი რჩება. ეს არის იგივე, სლავიანსკი, კრამატორსკი და ავდეევკას ხაზი. რუსები აპირებენ, რომ ლუგანსკის ოკუპაციის შემდეგ, იზუმინიდან გარე შემოვლითი დარტყმების განხორციელება შეძლონ და უკვე უკრაინის ოპერატიული ჯგუფის ალყაში მოაქციონ. კრამატორსკში უკრაინის ოპერატიული ძალების შტაბია, საიდანაც ლუგანსკის და დონეცკის გაერთიანებული ოპრეციების საბრძოლო მოქმედებები იგეგმება. ეს ახლა რუსების მთავარი სამიზნეა.
„რუსებს ახლა ლისიჩანსკი დარჩათ ასაღები, რაც ტექნიკურად, სამწუხაროდ, მხოლოდ დროის საკითხია. უკრაინელები კი მაქსიმალურად შეეცდებიან რუსული სამხედრო ძალები გამოფიტონ და მათი შეტევების ტემპი დააგდონ. შესაბამისად, შეეცდებიან, რომ დონეცკის დარჩენილი ტერიტორიების მიმართულებით რუსებს ე.წ. უკრაინული მანერჰეიმის ხაზი არ გაარღვიონ“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.
მისვე თქმით, უკრაინელებს წარმატება ხარკოვის და ლუგანსკის ფრონტის ხაზის მიმართულებით აქვთ. როგორც ჩანს, ისინი შეტევას კუნძულ ზმეინიზეც აპირებენ, რათა რუსული შეიარაღებული ძალების გაფანტვა მოახერხონ და შეაჩერონ მათი ზეწოლა დონეცკის მიმართულებით.
რის მიღწევას ცდილობენ რუსები
გენერალ-მაიორი და გენშტაბის ყოფილი უფროსი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ რუსეთის შეტევებში უკვე იგრძნობა ტაქტიკური ადგილების დაკავების მიზანი, რაც მათ თავდაცვით პოზიციაში უპირატესობის პირობას შექმნის. გენერალი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რუსებმა ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილზე გასვლა შეძლეს, რაც უკრაინისთვის ლისიჩანსკის და სევეროდენცკის მიმართულებით მომარაგების ხაზია. ამიტომ ეს უკრაინის ჯარს საკამოდ დიდ პრობლემებს უქმნის.
კაპანაძე ამბობს, რომ არსებობს მეორე გზაც სევერსკის მიმართულებით, საიდანაც ასევე შეიძლება ლისიჩანსკი-სევეროდნეცკის მომარაგება. თუმცა რუსებმა ამ გზის დაკავებაც თუ მოახერხეს, მაშინ უკრაინის ჯარი ალყაში მოექცევა.
„ამ დროისთვის ბრძოლები აქტიურად ძირითადად სევეროდონეცკის გარეუბნებში მიდის. იქ მრავალსართულიანი კორპუსები დაიკავეს რუსებმა და ცდილობენ თანდათან შეავიწროვონ აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მიმართულება. მართალია, უკრაინელები მათ წინააღმდეგობას აქტიურად უწევენ, მაგრამ ვერ აჩერებენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ რუსების მხრიდან მხოლოდ ერთ წერტილზე დიდი სამხედრო ძალებით კონცენტრაცია ხდება.
„უკრაინელები ცდილობენ, რომ ყურადღების გადატანითი დარტყმა ხერსონის, ანუ ნიკოლაევის და ზაპოროჟიეს მიმართულებით განახორციელონ. ამით ისინი შეძლებენ, რომ სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის მიმართულებაზე ზეწოლა მოხსნან“, - ამბობს გენერალი „რეზონანსთან“.
რაც შეეხება ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებას, კაპანაძე ამბობს, რომ ახლა რუსები ფაქტობრივად თავდაცვით მდგომარეობაში არიან. თუმცა ლიმანში შესვლა მათ გარკვეულ უპირატესობას აძლევთ.
„ლიმანის აღებით რუსები სლავიანსკი-კრამატორსკის მიმართულებაზე გავიდნენ, თუმცა უკრაინელების მხრიდან ჯერჯერობით ყველაზე კარგად დაცული ტერიტორიაა. აქ ჯერ ალყაზე საუბარი ზედმეტია, რადგან იზიუმიდან ვერ ახერხებენ რუსები აქტიურად წინსვლას.
„სამწუხაროდ მგონია, რომ დონბასის მიმართულებით რუსებს გარკვეული წინსვალ ექნებათ. ეს უფრო სევეროდენცკის მიმართულებაზე მოხდება. რუსები, ფაქტობრივად, უკვე ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადიან და სევეროდენცკის აღებას მოახერხებენ“, - აცხადებს გენერალი „რეზონანსთან“.