აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ უვალდეს დაწყებით სკოლაში 18 წლის შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 21 ადამიანი მოკლა, რომელთა შორისაც 19 ბავშვია, ხოლო 2 მასწავლებელი. გარდაცვლილია თავდამსხმელიც, მას სამართალდამცველებმა ესროლეს.
შეიარაღებული პირი იდენტიფიცირებულია და გამოძიების ინფორმაციით, ის ამერიკის მოქალაქე სალვადორ რამოსია, რომელიც ამავე ქალაქის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში სწავლობდა. როგორც მედია წერს, მას ახასიათებდნენ, როგორც "მშვიდ ადამიანს.“
გამოცემა sky-ის ცნობით, სალვადორ რამოსის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბოლო პოსტები მიანიშნებს, რომ ბიჭმა იარაღი მას შემდეგ იყიდა, რაც 18 წლის გახდა.
სალვადორმა სკოლაში შეჭრამდე ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის ბებიას ესროლა, რომელიც გადარჩა. მან სკოლის შენობას თავისი მანქანა შეაჯახა, რის შემდეგაც სისხლიანი დარბევა დაიწყო.
ჯერჯერობით დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია. მოტივის პოვნის მიზნით, სამართალდამცველები სწავლობენ თავდამსხმელის სოციალური ქსელების ორ ანგარიშს. შტატის სენატორი, როლანდ გუტიერესი იტყობინება, რომ შეიარაღებული მოზარდი სოციალურ მედიაში მიანიშნებდა შესაძლო თავდასხმაზე.
CNN-ის ცნობით, რამოსმა, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, თავის ყოფილ თანაკლასელს გაუგზავნა ფოტოები, რომლებზეც ცეცხლსასროლი იარაღი და ჩანთაში მოთავსებული საბრძოლო მასალა იყო აღბეჭდილი.
"მე ვკითხე, ძმაო, რატომ გაქვს ეს? მან კი მიპასუხა, - "ნუ ინერვიულებ, მე ახლა ძალიან შეცვლილი ვარ, ვერც კი მიცნობ“, - იხსენებს ბიჭის კლასელი. კიდევ ერთი კლასელი ამბობს, რომ რამოსი სროლის და ასევე საბრძოლო თამაშის, Call of Duty-ის ფანი იყო.
როგორც "ვაშინგტონ პოსტი“ წერს ბავშვობაში ის ბულინგის მსხვერპლი იყო. გამოცემასთან რამოსის ზოგიერთი ნაცნობი ამბობს, რომ ბიჭს ბავშვობაში დასცინოდნენ სექსუალური ორიენტაციის, ასევე ტანსაცმლის გამო.
"ნიუ იორკ პოსტის“ ინფორმაციით, თავდამსხმელს ჰქონდა "ინსტაგრამის" ანგარიში, რომელიც მოიცავდა ერთ "სელფ" ფოტოს და ასევე იარაღებისა და სხვა საბრძოლო მასალის ამსახველ მრავალ სურათს.
ერთ ფოტოზე, სადაც ორი შაშხანაა აღბეჭდილი, მან მონიშნა ქალი, ხოლო შემდეგ შეტყობინება გაუგზავნა: "მადლობელი იყავი, რომ მოგნიშნე.“ ქალი, რომელსაც ეს მესიჯი მისწერა, ამტკიცებს, რომ ბიჭს საერთოდ არ იცნობდა და ამბობს, რომ ჰკითხა, რატომ მონიშნა იარაღის ფოტოზე. სამშაბათს, დილით ქალმა მიიღო კიდევ ერთი მესიჯი, სადაც ეწერა - "მე ვაპირებ“, რამდენიმე საათში მან კიდევ ერთი შეტყობინება მიიღო - "მე პატარა საიდუმლო მაქვს.“
როდესაც ქალმა ჰკითხა, თუ რას გულისხმობდა, მან უპასუხა, რომ ღამის 11:00 საათის შემდეგ ეტყოდა. თუმცა ქალი ამბობს, რომ ჩაეძინა და მისთვის აღარ უპასუხია.
"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვუპასუხე, იყო ის, რომ მეშინოდა მისი. ვისურვებდი, რომ არ დამეძინა, რათა თუ რაიმეს მეტყოდა, დამერწმუნებინა, რომ არ ჩაედინა ასეთი დანაშაული. ის უცხო იყო, არაფერი ვიცი მის შესახებ“, - ამბობს ქალი.