წინა ხელისუფლება ცხრა წლის მანძილზე საქართველოს „არნახული“ წარმატებების პროპაგანდით იყო დაკავებული - კონტროლირებადი მას-მედიის საშუალებით, იგი ქვეყნის აღმშენებლობის „უპრეცედენტო“, „უანალოგო“ სურათს წარმოგვიდგენდა. საქართველოს ამ მშვენიერ უტოპიაში ბედნიერი ადამიანები ცხოვრებით ტკბებოდნენ და მომავალს უღიმოდნენ. ეს იყო განვითარებული, ლიბერალური საზოგადოების გლამურული ხატი ძლიერი საშუალო კლასით. სარეკლამო ოჯახებს ჰქონდათ ლამაზი აგარაკები და მანქანები. იპოთეკური კრედიტებით ბინებს ყიდულობდნენ და უღრუბლო მომავალს გეგმავდნენ. მათ ჰქონდათ საშუალო კლასისთვის დამახასიათებელი უმთარესი რამ - სტაბილურობის განცდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბუკოლიკიდან რეალობას დავუბრუნდეთ და დავსვათ კითხვა: ვის არიან ის ბედნიერები, რომლებიც საქართველოში საშუალო კლასს მიეკუთვნებიან?
ექსპერტთა კვლევის თანახმად, თბილისში, საშუალო ფენის ოჯახს უნდა ჰქონდეს 90-100 კვ.მ ფართის ბინა; 650-1200 ლარის სტაბილური, ყოველთვიური შემოსავალი; ოჯახის საარსებო მინიმუმზე 18-ჯერ მეტი ოდენობის დანაზოგი (თუ მინიმუმად 450 ლარს ჩავთვლით, თანხა 8100 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს); ამას გარდა, დაახლოებით 60 ათასი ლარის ღირებულების ლიკვიდური ქონება: მანქანა, ელექტროტექნიკა, ავეჯი, ძვირფასეულობა...
სტანდარტები ოდნავ იცვლება პროვინციულ ქალაქებსა და სოფლებში, მაგრამ გეოგრაფიული მდებარეობისგან დამოუკიდებლად, საშუალო კლასს განსაზღვრავს სოციალური სტატუსი, დაგროვილი ქონება, სტაბილური შემოსავალი და მყარი ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
სამწუხაროდ, საშუალო ფენის ასეთ სტანდარტს საქართველოში ცოტა ოჯახი თუ აკმაყოფილებს. ასე რომ, სოციალური იერარქიის სურათი სავალალო გამოდის:
საშუალო კლასი - 8-9%
ღარიბები - 86%
მდიდრები - 5%
ღარიბების ჯგუფში ღატაკების წილი - 15%-ია; უბრალოდ ღარიბების - 21%; სოციალურად ღარიბების - 50%
მდიდრების ჯგუფში შეძლებულები - 3.5%-ია; ძალიან მდიდრები - 1.5%
განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში სოციალური დიფერენციაციის პროპორციები ჩვენგან მკვეთრად განსხვავდება: ღარიბები - არაუმეტეს 15-20 %, საშუალო ფენა - 60-65%, მდიდრები - 20%.
ეს მონაცემები 2007 წელს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა სოსო არჩვაძემ გამოაქვეყნა, რომელსაც 1992-2005 წლებში სტატისტიკის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
საშუალო კლასი ნებისმიერ საზოგადოებაში მოხმარებისა და კეთილდღეობის სტანდარტია. სწორედ ის განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეს,
არჩვაძის სტატიაში საშუალო კლასის დახასიათება კეთილდღეობისა და მოხმარების ევროპული ნორმებით არის გაკეთებული. მოხმარების ადგილობრივი სტანდარტების გათვალისწინებით, სოციალური სურათი ოდნავ „შერბილდება“: ღარიბები - 40-45%, საშუალო კლასი- 30-35%.
სახელწოდება „საშუალო კლასი“ საქართველოში მხოლოდ პირობითად შეიძლება გამოვიყენოთ: ზოგ ოჯახს ქონება აქვს, მაგრამ შემოსავალი არ გააჩნია; ანდა, პირიქით - შემოსავალი აქვს, მაგრამ უქონელია (მაგალითად, ლტოლვილები); სოციალური სტატუსის მიხედვით კლასის განსაზღვრას აზრი არ აქვს: საქართველოში პროფესორები გაჭირვებისგან კვდებიან, მწერლები (თუ ისინი ხელისუფლებასთან არ არიან დაახლოებული), პურის ფულს ძლივს შოულობენ. ექიმები, პედაგოგები, იურისტები, რომლებიც განვითარებულ ქვეყანაში a priori საშუალო ფენას მიეკუთვნებიან, ხშირ შემთხვევაში საარსებო მინიმუმს ჯერდებიან. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალო კლასი ჩვენში ჯერ არ ჩამოყალიბებულა, მისი წილი იმდენად მცირეა, რომ ის ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებზე. საზოგადოება იყოფა მდიდრებად და ღარიბებად. დიფერენციაცია ამ ორ ჯგუფს შორის დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მკვეთრი ხდება.
საშუალო ფენისგან განსხვავებით, სიღარიბის კვლევას ბოლო 9 წლის განმავლობაში დიდი ყურადღება დაეთმო. არც არის გასაკვირი: სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელია - ის გაეროს, მსოფლიო ბანკისა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების რაპორტებში აისახება, ისევე, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტი, უმუშევრობის მაჩვენებელი, ვალუტის კურსი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და სხვა.
არცერთ მთავრობას არ სურს ისეთი ქვეყნის მეთაურობა, სადაც უმეტესობა ღარიბია. წინა ხელისუფლება ეკონომიკის წინსვლას და ქვეყნის „უპრეცედენტო განვითარებას“ უსვამდა ხაზს. სტატისტიკის მიმართ კი, საჭიროების შემთხვევაში, საკმაოდ უტილიტარულ დამოკიდებულებას ავლენდა. მაგალთად, სიღარიბის პრობლემა ნაციონალურმა მთავრობამ ერთი ხელის მოსმით გადაჭრა - თუ მსოფლიო ბანკის მონაცემებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცილებით მეტი ღატაკია ვიდრე საქართველოში. ცხადია, ეს მონაცემები საარსებო მინიმუმის მეთოდიკით ღირებულების მაჩვენებლის შემცირებამ შეცვალა - განვითრებულ ქვეყნებს, განუვითარებლებთან შედარებით სიღარიბის მაღალი სტანდარტები აქვთ; განსხვავებულია ზრდასრული ადამიანის წლიური მოხმარების დონეც. საქართველოში, 2006 წელს საარსებო მინიმუმი ერთ სულზე თვეში 150-დან 95 ლარამდე ჩამოაგდეს და უკიდურესი სიღატაკის საერთაშორისო სტანდარტს - დღიურად 1.25 $-ს მიუახლოვეს. ეს სტანდარტი შიმშილის ზღვარზე მყოფ ქვეყნებში მოქმედებს, რაც, წესით, არანაირად არ ესადაგებოდა მზარდი ეკონომიკის ქვეყანას. შედეგად, სიღატაკის მაჩვენებელი 9%-მდე დავიდა და აშშ-ს 15.1%-ს საგრძნობლად ჩამორჩა. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც 2003 წელს 28.5% იყო 2009 წლისთვის 24.7% - მდე ჩამოვიდა. ასე რომ, ყველა ციფრი შესაბამისობაში მოვიდა წინსვლისა და აღმოავლობის გზაზე დამდგარი სახელმწიფოსთვის აუცილებელ მონაცემებთან. საქართველოს ეკონომიკა იმ პერიოდში, საშუალოდ, 10%-ით იზრდებოდა. საერთო ჯამში, 2004-07 წლებში, მრეწველობისა და მომსახურების სექტორის განვითარების ხარჯზე, ეკონომიკა 35%-ით გაიზარდა.
ცოტა ხნის წინ, გაეროს განვითარების პროგრამის კითხვარით, საქსტატმა მოსახლეობის გამოკვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა რომ ოჯახების 36% - ში საშუალო მოხმარება საარსებო მინიმუმზე დაბალია; 61%-ს თვის ბოლოს დანაზოგის გაკეთების შესაძლებლბა არ აქვს; ყოველ მე-11 ოჯახს კი საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია.
წლეულს აპრილში, სასტუმრო მარიოტში „ქეა ინტერნეიშენალთან“ ერთად ჩატარებულ კონფერენციაზე გაეროს უახლესი რაპორტებიც წარმოადგინეს, რომლის თანახმად, საქართველოში მილიონი ადამიანი ღარიბია; 400 ათასი კი - სიღარიბის ზღვარს მიღმა.
ყოველი მესამე ღარიბი!
სავალალო სურათია, რომელიც თვალშისაცემ კონტრასტს ქმნის ეკონომიკის განვითარების მაჩვენებლებთან. საინტერესოა, რატომ არ აისახა პოსტრევოლუციური „ეკონომიკური სასწაული“ მოსახელოების კეთილდღეობაზე?
ეკონომისტი სოსო არჩვაძე, რომელიც საშუალო ფენის სტანდარტების დადგენაზე მუშაობდა, ამ შეუსაბამობის რამდენიმე მიზეზს ასახელებს, მათგან უმთავრესი ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურაა:
„როცა ეკონომიკა სწორად ვითარდება, ინდივიდუალურ კეთილდღეობასა და საზოგადოებრივ სიკეთეს შორის კორელაცია მაღალია. მაგრამ საქართველოში, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, ეს თანაფარდობა მინიმუმამდე დავიდა. ვთქვათ, ეკონომიკა 60%-ით გაიზარდა, ინდივიდუალური კეთილდღეობა კი - მხოლოდ 25%-ით, წინა ხელისუფლება მთელ თანხებს ინსტიტუტების გაძლიერებასა და ინფრასტრუქტურაზე ხარჯავდა. მისასალმებელია, სახლში მიდიხარ კარგი გზით, მაგრამ მაცივარი როგორი ცარიელიც ადრე გქონდა, ისეთივე ცარიელი გაქვს ახლაც. კონტრასტის თვალსაჩინო მაგალითი ბათუმია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ინვესტიციების მოცულობით ქალაქი მსოფლიოში მოწინავე ადგილზე გავიდა. აშენდა უამრავი სასტუმრო, მოეწყო გზები, მაგრამ თავად ბათუმელების კეთილდღეობაზე ეს ნაკლებად აისახა. დაახლოებით ისეთი ვითარება შეიქმნა, სახედარს რომ ეუბნებიან, მოითმინე და გაზაფხულზე იონჯა შემოვაო“.
დღეს საქართველო იმ იშვიათ ქვეყნებს შორისაა, რომელსაც ქვეყნის შიგნით გაცილებით ნაკლები დაქირავებული დასაქმებული ყავს, (662 ათასი) ვიდრე მის ფარგლებს გარეთ (მილიონზე მეტი).
ოფიციალური მონაცემის თანახმად, უმუშევრობის დონე ჩვენში 15%-ია. შედრებისთვის, ესპანეთში, ეკონომიკური კრიზისის შედეგად, უმუშევრობის მაჩვენებელმა 27% - ს მიაღწია. მიუხედავად ამისა, საქართველოდან უამრავი შრომითი მიგრანტი სწორედ ესპანეთში გარბის და უკან მობრუნებაზე არც ფიქრობს. აშკარაა, კრიზისით დაზარალებულ ევროპის იბერიაში უფრო ადვილია ცხოვრება, ვიდრე „აყვავებულ“ კავკასიის იბერიაში.
ჩვენში თვითდასაქმებულთა წილი 60%-ია და დაქირავებულ დასაქმებულებს აჭარბებს - მათი რაოდენობა 40% - ია. ესპანეთში თვითდასაქმებით მხოლოდ 17 % ირჩენს თავს. დანარჩენი 83% დაქირავებული დასაქმებულია,
საქართველოში სამუშაო ადგილები ძალიან ცოტაა - როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში და მათ, როგორც წესი, ნეპოტიზმის შედეგად იკავებენ. თვითდასაქმებულები თავს ტაქსისტობით, მინიმარკეტის დახლთან დგომით, ხელოსნობით, ანდა საკარმიდამო მიწაზე პროდუქტის მოყვანით ირჩენენ - ისინი სამუშაო ადგილებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ქმნიან.
საქართველო ჩამორჩენილი ქვეყანაა - ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ნახევარზე მეტი (52.2%) აგრარულ სექტორშია დასაქმებული. 41% - მომსახურების სექტორში და მხოლოდ 6.5% - მრეწველობაში. ჩვენს სოფელში შრომის მწარმოებლუობა დანარჩენ დარგებთან შედარებით 11-12-ჯერ დაბალია - ჩვენი გლეხი 11-ჯერ ნაკლებ დამატებით ღირებულებას ქმნის, ვიდრე საბანკო კლერკი. სოფლის მეურნეობა განუვითარებელია - თუ ერთ წელიწადს პროდუქტიულობა იზრდება, მეორე წელს - გვალვის, სეტყვის, გლეხის არაკვალიფიციურობისა თუ სხვა რამ მიზეზებით, ისევ მცირდება.
ეკონომიკის ზრდის 80% იმ დარგებზე მოდის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 30%-ს არ აღემატება. ეს ძირითადად მომსახურების სფეროა საბანკოდან დაწყებული, რესტორნებითა და ტურსააგენტოებით დამთავრებული. რეალური სექტორი განუვითარებელია. ეკონომიკური ზრდის 20%-იანი მატება შრომისუნარიანი მოსახლეობის 70% - ზე მოდის, რომელთა უმეტესობაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თვითდასაქმებულია. ამიტომაც ვერ იცვლება საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი.
სოსო არჩვაძის სიტყვით, ეკონომიკური განვითარების დონით, საქართველო 2003 წლამდე ამიერკავკასიაში პირველ ადგილზე იყო. 2006 წელს კი ბოლო ადგილას აღმოვჩნდით. 2010 წელს მეორე ადგილზე ასვლა სომხური დრამის დევალვაციიამ განაპირობა, რის შედაგადაც, სომხეთის ეკონომიკის დოლარებში დაანგარიშებისას, ციფრები შეიცვალა.
„სიღარიბის მაჩვენებელი ჩვენთან და სომხეთში თითქმის იგივეა“ - ამბობს არჩვაძე - „მაგრამ სოციალური დიფერენციაცია, ანუ მდიდრებსა და ღარიბებს შორის ქონებრივი განსხვავება ჩვენთან უფრო დიდია. ამიტომაც, სომხეთის ღარიბი მოსახელობის მდგომარეობა ქართველებთან შედარებით, რამდენადმე უკეთესია.“
სიღარიბის კიდევ ერთი მიზეზი იაფი ხელისუფლების სტრატეგიის არარსებობაა. მმართველობის ხარჯებს ბიუჯეტში 30 % უკავია. სოციალური ხარჯები კი 40%-ზე - ნაკლები (არადა, ეს უკვე სოციალურად ორიენტირებულ ბიუჯეტად ითვლება) შედარებისთვის, ევროკავშირში სოციალური ხარჯები 72-73%-ია.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაწყებული ლუმპენიზაციის პროცესი წინა ხელისუფლებამ ვერ შეაჩერა, რაც მათ მიერ დაპირებული სინგაპურიზაციის წარუმატებლობაზე მეტყველებს. ვინ არის ლუმპენი? დეკლასირებული ადამიანი პარაზიტული და პატერნალისტური ცნობიერებით, რომელიც მუდმივად მესიის მოლოდინშია.
ახალ ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა ერგო. თუ იგი სიღარიბის პრობლების გადაჭრას ვერ მოახერხებს, სოციალურ კატაკლიზმებს ვერ აიცილებს თავიდან. ამის პირველ ნიშნად 17 მაისი შეგვიძლია ჩავთვალოთ.