რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა და ოლიგარქმა ვიქტორ მედვედჩუკმა, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა - იგი ამტკიცებს, რომ პოროშენკო იყო სამარა-დასავლეთის მიმართულების მილსადენის უკანონო პრივატიზაციის და თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებთან ნახშირით ვაჭრობის ინიციატორი.
ანალიტიკოსების თქმით, ჩვენების მიცემის მიზანი უკრაინის წინა და ახალ ხელისუფლებას შორის შუღლის გაღვიოვებაა, რაც კრემლის ინტერესების წისქვილზე პირდაპირ ასხამს წყალს. ამბობენ, რომ სანამ ომია, ამას არაფერი მოჰყვება. ეს არც თავად უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის არ აწყობს, რადგან პოროშენკო უკრაინის დასაცავად იბრძვის იარაღით ხელში და ახლა ურთიერთობის გაფუჭება კარგს არაფერს მოუტანს.
„იმისთვის, რომ ეს მილსადენი კერძო საკუთრება და, ფაქტობრივად, თავად პოროშენკოს საკუთრება გამხდარიყო, საჭირო იყო მთელი რიგი ქმედებების შესრულება... სასამართლოები, პროკურატურა, ანტიმონოპოლიური კომიტეტი, სახელმწიფო ქონების ფონდი - ყველა იღებდა გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელი იყო პრეზიდენტ პოროშენკოს პირადი ინტერესებისთვის.
„ფაქტობრივად, ამაში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო აპარატის უმაღლესი დონე, დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული მინისტრებით, სამართალდამცავებით და მათ, ვინც უშუალოდ ახორციელებდა ამ სქემას", - განაცხადა ვიქტორ მედვედჩუკმა, რომლუკრაინული მედია უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედვედჩუკის განცხადებით, მილსადენის საკითხით ის ექს-პრეზიდენტ პოროშენკოს თხოვნით იყო დაკავებული. მისივე ინფორმაციით, მილსადენის ერთწლიანი მუშაობის შედეგად მისმა მფლობელებმა ორჯერ მეტი შემოსავალი მიიღეს, ვიდრე მის გამოსყიდვაში იყო გადახდილი - ეს შეადგენდა დაახლოებით 42 მილიონ აშშ დოლარს.
2019 წლის მაისიდან, ანუ პოროშენკოს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, მილსადენით დიზელის გადატუმბვა შეწყდა.
მედვედჩუკმა ასევე ისაუბრა 2014-2015 წლებში ეგრეთ წოდებული ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის ენერგეტიკული სექტორის საჭიროებისთვის ქვანახშირის შესყიდვის მექანიზმის შექმნაზე, პრაქტიკულად ბოევიკების ლიდერებისგან.
მედვედჩუკმა დაკითხვისას დაასახელა უკრაინის ინტერესების შელახვაში მონაწილე ჩინოვნიკების კონკრეტული გვარები - ყოფილი თანამდებობის პირები, ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელობა, სახალხო დეპუტატები და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ მედვედჩუკის ჩვენების მიზანია, რომ პოროშენკოსა და ზელენსკის შორის ომის დროს შუღლი გააღვივდეს და ზელენსკისგან რაიმე პრივილეგია მიიღოს.
„ეს ჩვენება ალბათ იმიტომ მისცა, რომ გათავისუფლების ვარიანტში რაღაც პრივილეგია მაინც მიიღოს, რადგან კრემლიდან მისი გაცვლის ვარიანტი იბლოკება. რუსმა დეპუტატმა ლიბერალ-დემოკრატიული ფრაქციის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ ეს იდეა კი წამოაყენა, რომ მედვედჩუკი აზოვსტალის მებრძოლებში გაეცვალათ, მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინი ამაზე არ წავა.
„ამიტომაც მედვედჩუკი თვითგადარჩენაზე გადავიდა და ცდილობს, რომ მაიდანის ლიდერებს შორის შუღლი ჩააგდოს და დღევანდელ და წინა ხელისუფლებას შორის ითამაშოს და ერთგავრი პრეფერენცია მიიღოს.
„ანალოგიური ბრალდება პოროშერნკოს ზელენსკის ადინისტრაციის მიერ ჰქონდა წაყენებული. ამავე საქმეზე სასამართლოშიც იბარებდნენ, დონნბასიდან ქვანახშირის სქემასთან დაკავშირებით, რომელიც ადგილობრივ სეპარატისტების ჩართულობით ხორციელდებოდა.
„ახლა მედვედჩუკმა ეს უფრო მაღალ დონეზე ასწია და იგივე ბრალდება წაუყენა, რის გამოც მაგალითად იგივე, თუნდაც იულია ტიმოშენკო იყო გასამართლებული, ტიმოშენკო გაზის სქემაზე იყო, აქ ნავთობზეა, მაგრამ მოდელები იგივეა.
„არ ვიცი, ზელენსკი ამ ომის პერიოდში რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ ეტაპზე პოროშენკოსთან ურთიერთობის გაფუჭება ნამდვილად არ სურს. კრემლიდან აჩვენეს, რომ მედვედჩუკი ისეთი დიდი მნიშვნელობის არაა, როგორც მას ეგონა, ახლა სურს, რომ აჩვენოს, რომ რაღაც ძალა აქვს. თუმცა, ჯერჯერობით ომია და ამის გაგრძელება, შესაძლოა ომის მერე ვიხილოთ,"- განაცხასდა მაისაიამ.
რაც შეეხება შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის მოსაზრებას, იგი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს ყველაფერი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და უკრაინაში შუღლის გაგღვივებას ემსახურება. საკითხზე რა შეიძლება მოჰყვეს ამას, ჩიტაძე აცხადებს, რომ ეს შესაძლოა ომის მერე გაირკვეს, თუმცა, არა ახლა.
„უკრაინაში გარკვეულ ოლიგარქებს შორის დაპირისპირება არსებობს. პეტრო პოროშერნკოს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი ქონების პატრონია და მისი ქონება დაახლოებით მილიარდი დოლარისგან შედგება, ფაქტია, რომ დღეს ის იარაღით ხელში უკრაინის სადარაჯოზე დგას.
„პოროშენკოს თავისი ბიზნესი კი ჰქონდა, მაგრამ თავის დროზე, როცა ის პრეზიდენტი გახდა, პროდასავლურ კურსს ატარებდა. ჩემი აზრით ეს ყველაფერი ალბათ იმას ემსახურება, რომ რუსეთს სურს უკრაინაში შუღლი გააღვივოს პოლიტიკურ და ეკონომიკური ელიტის წარმომადგენლებს შორის.
„ახლა სასამართლო პროცესისთვის არცერთს არ სცალია, მაგრამ ეს საქმე ალბათ მაშინ გახდება აქტუალური, როცა ომი დასრულდება,"- განაცხადა ჩიტაძემ.
მიმდინარე წლის 12 იანვარს კიევის რაიონულმა სასამართლომ პოროშენკოს დაკავების ნებართვა გასცა სასამართლო სხდომაზე მიყვანის მიზნით. 17 იანვარს კი ის ვარშავიდან სამშობლოში დაბრუნდა.
19 იანვარს სასამართლოს გადაწყვეტილებით უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პატიმრობაში არ აიყვანეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა პოროშენკოს დაკავების შესახებ არ გაითვალისწინა. პოროშენკო „პირადი ვალდებულების" ანუ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
პოროშენკოს ბრალად ედება ნახშირის შესყიდვა აღმოსავლეთ უკრაინის კომპანიებისგან, რომლებსაც კიევთან ომში მყოფი პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ. კერძოდ, ბრალდების თანახმად, ის დაეხმარა აღმოსავლეთ უკრაინაში თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს კიევისთვის ნახშირის მიყიდვაში 2014 და 2015 წლებში დაახლოებით 48 მილიონ ევროდ.
თუმცა მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, უკრაინის მე-5 პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად, ქვეყნის დასაცავად კიევის ქუჩებში იარაღით დგას.
აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვიქტორ მედვედჩული უკრაინის სპეცსამსახურებმა დააკავეს. ზელენსკიმ ფეიზბუქზე სურათიც გამოიაქვეყნა, სადაც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ მედვედჩუკს ხელბორკილები ადევს.