რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში მიიჩნევენ, რომ უკრაინის სამხედრო პოლკ "აზოვის" მებრძოლები მორატორიუმის გათვალისწინების გარეშე სიკვდილით უნდა დაისაჯონ. რას ფიქრობენ ევროპაში გასამართლების ამგვარ ვერსიასა და მის შესაძლო შედეგებზე? - ამ კითხვას პასუხი Deutsche Welle-მ გასცა.
რა ხდება?
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 16 მაისიდან მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნის დამცველი 959 უკრაინელი ჯარისკაცი რუსებს ტყვედ ჩაბარდა. აქვე ნათქვამია, რომ პატიმართა შორის არის 80 დაჭრილი, მათგან 51 ადამიანი კი სამკურნალოდ თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში განათავსეს.
აზოვსტალიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის კომენტირებისას, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა პირობა დადო, რომ აზოველების „სახლში დაბრუნებისთვის გაცვლის პროცედურა შედგება“. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი იმედი გამოთქვა, რომ ჯარისკაცების სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდება. „უკრაინელი გმირები უკრაინას ცოცხლად სჭირდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთს საჩვენებელი სასამართლო პროცესის გამართვა უნდა?
იმავდროულად, რუსული მხარე გაცვლის პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას არ ჩქარობს. უფრო მეტიც, პირიქით. 17 მაისს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ტყვეების უკრაინაში დაბრუნების დაუშვებლობაზე ისაუბრა და მათ "ნაცისტი ბოროტმოქმედები" უწოდა. თავის მხრივ, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და კიევთან მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის წევრმა ლეონიდ სლუცკიმ წარადგინა წინადადება, რომ ტყვეებს შორის მყოფი „აზოვის“ პოლკის ჯარისკაცების სასამართლოსთვის რუსეთში 1996 წლიდან მოქმედი სიკვდილით დასჯის მორატორიუმი გაუქმდეს, რათა "მთელ მსოფლიოს დაანახონ, რომ უკრაინელი ნაციონალისტები მხოლოდ სასჯელის უმაღლეს ზომას იმსახურებენ".
რუსი პარლამენტარების სიტყვებმა გერმანიაში დაუფარავი გაოცება და განგაში გამოიწვია. „უნდა ველოდოთ, რომ შეიძლება ყველაზე ცუდი რამ მოხდეს“, - განაცხადა გერმანული საინფორმაციო არხის n-tv მოსკოვის კორესპონდენტმა რაინერ მიუნცმა. „არ არის გამორიცხული, პუტინის ხელისუფლებამ მსოფლიოში ისედაც დიდი სკეპტიციზმით აღქმული „აზოვის“ პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს და „ნაცისტი ბოროტმოქმედების“ საჩვენებელი სასამართლო გამართოს“, - ფიქრობს ჟურნალისტი.
„აზოვის“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისა და რუსეთში მისი საქმიანობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლო 26 მაისს მიიღებს. შესაბამისი სარჩელი, რომლითაც სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა, დახურულ კარს მიღმა განიხილება.
საერთაშორისო სამართლის გარანტიები
გერმანელი სამხედრო ექსპერტისა და ნატოს ყოფილი გენერლის, ეგონ რამსის შეფასებით, თუ რუსეთში მყოფ უკრაინელ ტყვეებს სასჯელის უმაღლესი ზომა მიესჯებათ, ეს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა იქნება. "რაც შეეხება მარიუპოლიდან ევაკუირებულ ჯარისკაცებს, მათ შორის დაჭრილებს, ისინი სამხედრო ტყვეებში გადიან. ეს პროცესი კი 1949 წლის ჟენევის კონვენციით რეგულირდება", - განაცხადა რამსმა ტელეარხ ZDF-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. "როცა მესმის, თუ როგორ საუბრობენ დუმის დეპუტატები, რომ უკრაინელ ტყვეებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ, ვფიქრობ, რუსეთის წარმომადგენლები, როგორც ჩანს, სამართლებრივ ვითარებას ისევ არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ ან კვლავ სამხედრო დანაშაულის ჩადენას აპირებენ“, - აცხადებს ეგონ რამსი.
სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენცია 1949 წლის აგვისტოში მიიღეს. ამ დოკუმენტის მე-13 მუხლში ნათქვამია: „სამხედრო ტყვეებს ყოველთვის ჰუმანურად უნდა მოეპყრონ. სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი უკანონო აქტი ან უმოქმედობა, რომელიც სამხედრო ტყვის სიკვდილს გამოიწვევს ან მის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, აკრძალულია და ამ კონვენციის სერიოზულ დარღვევად ჩაითვლება“.
როგორც გერმანიის ქალაქ კილში მდებარე ქრისტიან ალბრეხტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა ანდრეას ფონ არნომ DW-ს განუმარტა, სამხედრო ტყვეების გასამართლება შესაძლებელია მხოლოდ სამხედრო დანაშაულისთვის და არა ომში მონაწილეობისთვის. გარდა ამისა, მათ აქვთ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უფლება.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პროცესის პერსპექტივა
საერთაშორისო სამართლის ექსპერტი და მიუნხენის ბუნდესვერის უნივერსიტეტის პროფესორი ქრისტინა ბინდერმა DW-სთვის მიცემულ წერილობით კომენტარში ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 დამატებითი პროტოკოლის რატიფიცირება არ მოახდინა. ამ უკანასკნელის მიხედვით, სახელმწიფო სიკვდილით დასჯის (როგორც მშვიდობის, ისე ომის დროს) სრულად გაუქმების ვალდებულებას იღებს. თუმცა სანაცვლოდ, რუსეთმა შესაბამისი მორატორიუმი დეკრეტის სახით შემოიღო. "ზოგადად, ევროპა (ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყანა, რუსეთის ჩათვლითა და ბელარუსის გამოკლებით) სიკვდილით დასჯისგან თავისუფალ ზონად ითვლება. სასჯელის უმაღლესი ზომის გაუქმება ევროსაბჭოში შესვლის წინაპირობა იყო", - ამბობს ექსპერტი.
რუსეთმა ევროსაბჭო დატოვა (ან გარიცხეს) 2022 წლის 16 მარტს. ეს ასევე გულისხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან გამოსვლას, თუმცა ძალაში შედის ევროპის საბჭოში სახელმწიფოს წევრობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ. „ამგვარად, 2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებამდე, „რუსეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი პირების“ მიმართ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევა კვლავ შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაეცეს“, - ამბობს პროფესორი ბინდერი. მისი თქმით, ეს ასევე შეეხება „აზოვის“ პოლკის მებრძოლების წამების ან თუნდაც სიკვდილით დასჯის შესაძლო შემთხვევებს, რაც მათი სიცოცხლის უფლების დარღვევა იქნება.
სამხედრო ტყვეებთან მიმართებით ჟენევის კონვენციის დარღვევის შედეგები
ჟენევის კონვენციის მძიმე დარღვევები ამავე დოკუმენტის 130-ე მუხლშია აღწერილი. ის მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) განზრახ მკვლელობას, წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას, მათ შორის ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს, მძიმე ტანჯვის განზრახ მიყენებას, სხეულის ან ჯანმრთელობის სერიოზულ დაზიანებას.
ასეთი დარღვევების შედეგი შეიძლება იყოს რუსეთის, როგორც სახელმწიფოს, პასუხისმგებლობის საკითხი და დამნაშავეთა ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, - განმარტავს ქრისტინა ბაინდერი. შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის გარეშე სიკვდილით დასჯის შემთხვევაში, რუსეთი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს დაარღვევს. თუმცა ექსპერტის განცხადებით, მის ტერიტორიაზე არ არსებობს ორგანო, რომელიც ამ უფლებას („პოლიცია“) აღასრულებს. ასე რომ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი სხვა სახელმწიფოების სანქციებამდე (მაგალითად, ეკონომიკური) მიდის.
ფიზიკურ პირებს შეიძლება ეროვნული სასამართლოების წინაშე ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დაეკისროთ. თუმცა ამ შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინს სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის იმუნიტეტი ექნება, - აცხადებს პროფესორი. კიდევ ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს პროცესი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. "არც რუსეთი და არც უკრაინა რომის სტატუტის მხარეებს არ წარმოადგენენ. თუმცა უკრაინამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია აღიარა, 2014 წლის შემდეგ მის ტერიტორიაზე ჩადენილ ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით. ასეთი პროცესის შემთხვევაში სახელმწიფოს მოქმედ მეთაურს იმუნიტეტი არ აქვს", - განმარტავს ექსპერტი.
რას ამბობენ ბუნდესტაგში "აზოვსტალელ" ტყვეებზე?
ბუნდესტაგის დეპუტატები მოსკოვს უკრაინელი ტყვეების მიმართ ჰუმანური მოპყრობისკენ მოუწოდებენ. „მათ ეს სჭირდებათ და იმედი მაქვს, ეს აგრესორ რუსეთსაც ესმის“, - განაცხადა „მწვანეთა“ ფრაქციის ხელმძღვანელმა ბრიტა ჰასელმანმა. „რუსეთმა უნდა დაიცვას სამხედრო ტყვეთა შესახებ ჟენევის კონვენცია“, - დასძენს ის. ჰასელმანს ეთანხმება ბუნდესტაგის "მემარცხენე" ფრაქციის თავმჯდომარე დიტმარ ბარტში. ეს უკანასკნელი მოხარულია, რომ დიპლომატიის დახმარებით შესაძლებელი გახდა „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაცია. თუმცა ბარტში იმასაც ხაზს უსვამს, რომ „რუსეთმა აიღო ვალდებულება, ტყვე ჯარისკაცებს კარგად მოექცეს “.
უკრაინელი უფლებადამცველები თავიანთი თანამემამულეების ბედს შეშფოთებით აკვირდებიან. უკრაინის სამოქალაქო თავისუფლების ცენტრის ხელმძღვანელმა, ადვოკატმა ალექსანდრა მატვიიჩუკმა ბრიტანული ონლაინ გამოცემა inews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მოუწოდა გაეროს, უზრუნველყოს დამატებითი გარანტიები, რომ მოსკოვი საერთაშორისო სამართლის ნორმებს დაიცავს და უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ღირსეულად მოეპყრობა. უფლებადამცველის თქმით, „აზოვსტალის“ მცველების ისტორია "იმსახურებს, რომ მომავალში მასზე დაიწეროს წიგნები და გადაიღონ ფილმები" და ამ ისტორიას "ბედნიერი დასასრული უნდა ჰქონდეს".