ომის 86-ე დღე - ომის ეპიცენტრმა მარიუპოლიდან ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში გადაინაცვლა, რომელსაც რუსეთის არმია გამალებით, დიდი ძალებით უტევს. ამ ქალაქს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და უკრაინის ჯარი მას გმირულად იცავს. თუ მტერმა წარმატებას მიაღწია, ამან შეიძლება დონბასში უკრაინის არმიას სერიოზული საფრთხე შეუქმნას. უკრაინული მხარის ცნობით, სევეროდონეცკში შენობის 70% დანგრეულია, სარდაფებში კი ბომბებისგან თავის დაღწევას 15 ათასი მოქალაქე ცდილობს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა ზოგიერთ რაიონში შეტევითი ოპერაციები გააძლიერეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა გასულ დღე-ღამეში ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 40 ოკუპანტი და საბრძოლო მასალების საცავი გაანადგურეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსები ზაპოროჟიეში არ უშვებენ ევაკუირებულ მოქალაქეებს. რუსეთის ძალებმა დაბომბეს დნეპროპეტროვსკის ოლქი, არიან დაშავებულები.
დილით ინფორმაცია განაახლა პროკურატურამ, მათი ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 232 ბავშვი მოკლეს.
„ნიუ იორკ თაიმსი“ კი ბუჩაში გადაღებულ უმძიმეს კადრებს ავრცელებს. გამოცემის მიერ მოპოვებული მოწმეების ჩვენებები და ვიდეო აჩვენებს, თუ როგორ დასაჯეს სიკვდილით 4 მარტს, მინიმუმ 8 უკრაინელი.
ბუჩას კადრების შემდეგ, დღესვე გავრცელდა ქალაქ რუბიჟნეს ახალი კადრები, რომელსაც უკრაინაში მეორე მარიოპოლი უკვე უწოდეს. დასახლება თითქმის მთლიანად განადგურებულია.
უკრაინის რეგიონების ნაწილში დაბომბვა არ წყდება - ჟიტომირის ოლქში ორი აფეთქება მოხდა. როგორც ცნობილია, რუსმა სამხედროებმა 2 რაკეტა ერთ-ერთი რკინიგზის სადგურის მიმართულებით გაისროლეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გაეროს განვითარების პროგრამა კი აცხადებს, რომ თუ რუსეთი თავდასხმებს განაგრძობს, უკრაინის მოსახლეობის 90% შესაძლოა სიღარიბეში აღმოჩნდეს.
დონბასში არსებული ვითარება არის ჯოჯოხეთი და ეს არ არის გაზვიადება - ამის შესახებ კი უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. უკრაინის პირველი პირის განცხადებით, მუდმივი იერიშები ხორციელდება ოდესის რეგიონში, ცენტრალური უკრაინის ქალაქებზე. ზელენსკის თქმით, ამ აგრესიას შეუძლებელია ჰქონდეს სამხედრო ახსნა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ხარკოვის გათავისუფლებას, მაგრამ დონბასზე ოკუპანტები ცდილობენ, უფრო მეტად გაზარდონ ზეწოლა. იქ არის ჯოჯოხეთი, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე. სასტიკი და სრულიად უაზრო გახლდათ სევეროდონეცკის დაბომბვა. იქ ერთ დღეში დაიღუპა 12 ადამიანი, ათობით დაიჭრა. გრძელდება ჩვენი სხვა ქალაქების დაბომბვა საავიაციო და სარაკეტო დარტყმებით. ეს არ არის მხოლოდ საომარი მოქმედებები. ეს არის გააზრებული მცდელობა, მოკლან რაც შეიძლება მეტი უკრაინელი და დაანგრიონ, რაც შეიძლება მეტი სახლი, საწარმო. ეს არის ის, რასაც მიენიჭება უკრაინელი ხალხის გენოციდის კვალიფიკაცია და ამის გამო ოკუპანტები წარდგებიან სასამართლოს წინაშე.
უკრაინაში რუსი სამხედრო დამნაშავის წინააღმდეგ პირველი სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო და ეს დასრულდება საერთაშორისო ტრიბუნალის ფარგლებში სამართლიანობის სრული აღდგენით. ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ ვიპოვით და პასუხისგებაში მივცემთ ყველას, ვინც გასცემს და ახორციელებს დანაშაულებრივ ბრძანებებს.
თავისუფლებისთვის ომში რომ გავძლოთ, გვჭირდება სწრაფი და საკმარისი ფინანსური მხარდაჭერა. ეს პარტნიორების მხრიდან მხოლოდ ხარჯები და საჩუქარი არ არის. ეს არის მათი შენატანი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რადგან უკრაინის დაცვა ნიშნავს პარტნიორების დაცვას ახალი ომებისა და კრიზისებისგან, რომელთა პროვოცირებაც რუსეთს შეუძლია,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის მიერ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება თითქმის დასრულებულია, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
შოიგუს თქმით, რუსულმა ძალებმა უკრაინას მეტი ტერიტორია წაართვეს.
„ქარხანაში ბლოკირებულმა ნაციონალისტებმა დანებება დაიწყეს. ამ დროისთვის „აზოვსტალში" 1908 ადამიანმა დადო იარაღი. შეგახსენებთ, რომ მანამდე იქ 1387 ქვეითი დანებდა. 177 სამოქალაქო პირი გადარჩა, მათ შორის 85 ქალი და 47 ბავშვი. ყველას გაეწია კვალიფიციური სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება. რუსეთის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის თავიდან ასაცილებლად. ამისთვის ჰუმანიტარული დერეფნები უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 1 377 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებული იქნა რუსეთში - ლუგანსკიდან, დონეცკიდან, ასევე უკრაინიდან,“ - განაცხადა შოიგუმ.
თადარიგის პოლკოვნიკმა, აკია ბარბაქაძემ აცხადებს, რომ უკრაინაში ომი 1 წელი მაინც გაგრძელდება. პოლკოვნიკი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პუტინი უკრაინაში მარცხდება. ამიტომ ეს ომი იქნება კიდევ უფრო ინტენსიური. სახმელეთო თეატრზე იქნება უფრო ბრუტალური ომი, დაიწყება პარტიზანული ომი. მისი აზრით, პუტინი აღარ ფიქრობს ომის მოგებაზე, ფიქრობს მისაღებ ზავზე დაითანხმოს დანარჩენი მსოფლიო. ამიტომ ის სისხლით ზავის მიღებას მსოფლიოსთან ცდილობს.
„პუტინს ამ ომის გაჭიმვა უნდა. გეოგრაფიის გაზრდას ცდილობს, რათა ეს ომი უფრო ძვირი გახადოს. ის სიხლით მთელს მსოფლიოსთან ვაჭრობს და მათ მაქსიმუმ დათმობაზე წაყვანას შეეცდება. ის ომის მოგებაზე აღარ ფიქრობს. იცის ომს აგებ, ამიტომ მსოფლიოს თავისთვის მისაღებ ზავზე წაყვანას შეეცდება. ეს შეიძლება იყოს დონეცკი, ლუგანსკი, ყირიმი, ან სხვა პოზიცია, - ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მიაღწევს თავის ჩანაფიქრს. გეოგრაფიის გაზრდა შეიძლება იყოს ბალტიის ქვეყნებისკენ, ასევე კავკასია. პუტინისთვის, წარმოდგენაში ერთ-ერთი სუსტი რგოლი საქართველოა, ისევე როგორც ის თვლიდა, რომ უკრაინა იყო სუსტი რგოლი. დღეს პუტინის გაჩერებაა, მის განადგურებას ნიშნავს. ამიტომ ის მზადაა რუსეთის მსხვერპლის 10-ჯერ გაზარდოს. მას საკუთარი მოსახლეობაც კი არ ანაღვლებს.
მთელს ვერტიკალზე თანამდებობის პირებს ცვლის, სამხედროებს, ფაქტობრივად, გამოცვალა მმართველი რგოლი. ახალ გუნდს აყალიბებს, თავისგან მართვადს ახალი ამოცანით და ეს ამოცანა არის ხანგრძლივი, უფრო გაზრდილი მასშტაბის ომი. ამიტომ ვარაუდობ, რომ ეს ომი მინიმუმ 1 წელი გაიწელება. ის მსოფლიოს და უკრაინელების მაქსიმუმ დაღლაზე მიდის“, - აცხადებს ბარბაქაძე.