„ტომ სოიერის თავგადასავალი“ ალბათ, სადღაც მესამე-მეოთხე კლასში წავიკითხე და მაშინ მარკ ტვენის საშუალებით (ჩემი მხედველობის პატრონს, გუშინწინ აბრაზე „მარკეტი“ მარკ ტვენად მომეჩვენა) გავიგე, თუ როდის აღნიშნავენ ამერიკელები დამოუკიდებლობის დღეს, გურამ ფანჯიკიძის არგენტინული რეპორტაჟების წყალობით კი არგენტინის დამოუკიდებლობის დღეც ვიცოდი. ალბათ, სხვებიც ვიცოდი, მაგრამ არგენტინა და მარკ ტვენი ჩემი სისუსტეა და იმ დროიდან, ათი წლის რომ ვიყავი, მხოლოდ ეს ორი დამამახსოვრდა.
26 მაისის შესახებ მხოლოდ ათი წლის შემდეგ მითხრეს. იმ დღეს, 86-ის ბოლო იყო თუ 87-ის დასაწყისი, მე, გეპეის სამშენებლო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტს, ქუჩაში შემხვდა ჩემი მეგობარი, უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, ხათუნა ქოქრაშვილი, და მამცნო, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი ყოფილა, საქართველოს დროშა ყოფილა სამფეროვანი - შინდისფერი, თეთრი და შავი. „ისეთი შინდისფერი კი არა, მუქი წითელი და რამე... საკაიფო შინდისფერი!“ - მითხრა ხათუნამ და თვალები აუციმციმდა. ალბათ, იმ წამში წარმოუდგენელი წარმოიდგინა - რომ სულ ახლახანს (რაა ისტორიისთვის 70 წელი?) გვქონდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, საკუთარი დროშა, ჰიმნი, ღერბი, ჯარი და ვალუტა.
რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ... მას შემდეგ, რაც ხათუნა ბოლოჯერ ვნახე, სამარცხვინოდ ბევრი წელია გასული, თუმცა, ამ ბოლო შეხვედრისას ის „საკაიფო შინდისფერი“ გავახსენე და ბევრიც ვიცინეთ.
კარგი რამ არის დამოუკიდებლობის დღე, ოღონდ, თუ დამოუკიდებლობის ფასი იცი. ილია, აკაკი, ვაჟა, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე... დიდი თაობა მოვიდა, ისწავლა, იოცნება, იბრძოლა და ვერ ეღირსა. დამოუკიდებლობაზე არც იყო საუბარი, ავტონომიისთვის იბრძოდნენ, დამოუკიდებლობა შემდეგი ეტაპი უნდა ყოფილიყო.
ჰოდა, იმ „საკაიფო შინდისფერის“ შემდეგ, სულ რამდენიმე თვეში, თავმომწონედ ვაფრიალებდით სწორედ იმ „საკაიფო შინდისფერს“, ჩავლილი იყო „არა - ტრანსკავკასიურ მაგისტრალს“ და „არა - სამხედრო პოლიგონს დავით-გარეჯაში“. 1988 წლის 26 მაისი ახლოვდებოდა და იმ ამბავზე ვიცინოდით, იქნებ, ამბავი კი არა, ანეკდოტი რომ არის - ვიღაცამ უნივერსიტეტთან ტაქსით იმ დროს გაიარა, სტუდენტები დავით-გარეჯადან საბჭოთა სამხედრო პოლიგონის გადატანას რომ მოვითხოვდით. ტაქსისტს უკითხავს, რა ხდებაო. მგზავრმა უპასუხა, აი, გარეჯი რომ ზიანდება, სტუდენტები მაგაზე ბობოქრობენო. ტაქსისტმა - აბა, კაცო, ისე გააფუჭეს, საერთოდ ვეღარ დალევს კაციო.
ღვინო იყო ეგეთი - „გარეჯი“. და, კიდევ - „კახეთი“ და „ჰერეთი“. სტუდენტები თბილისში მაგ ღვინოებს ვეტანებოდით, ბაკურიანში - კარბიდის არაყს, და ვიყავით ასე - 26 მაისი ახლოვდებოდა და კომკავშირის აქტივისტები ცოტა არ იყოს, დაბნეულად გამოიყურებოდნენ.
ჩვენ ქაშუეთთან მივედით, იქ დაგვხვდა ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც შემაღლებულზე დადგა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მილიციამ არ აცალა. აჟიტირებულებმა ხელების ქნევით ჩავირბინეთ სიონთან, სადაც ირაკლი წერეთელი აქტიურობდა. იქვე იყვნენ გია, ზურა და მერაბი (ღმერთმა ნათელში ამყოფოს ყველა).
ბოლო-ბოლო, „ბერიკონში“ შევედით და სადღესასწაულო-საპროტესტო აქცია იქ ჩავატარეთ. იყო კურიოზიც: თბილისის კომკავშირის მდივანს, გია ჭანტურიას ხალხი ტაშით შეხვდა, მაგრამ გამოვიდა ეროვნულ-დემოკრატი გია ჭანტურია და გვითხრა, ეგ სხვაა და მე სხვა ვარო. არ ვიცნობდით სახეზე. დაუვიწყარი სიტყვები წარმოთქვეს მერაბ კოსტავამ და ირაკლი შენგელაიამ. შენგელაიამ თავისი გამოსვლა ასე დაიწყო: „ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება და დემოკრატია...“.
ეგეთი ოცდაექვსმაისობა აღარც ყოფილა. ის, პირველი, ნაღდი და ხალასი იყო (ლამაზად აგრესიულიც), ყველა დანარჩენი - მოვალეობის მოხდის მიზნით ჩატარებული პიარ-აქცია. აი, როგორც „მოაბიჯებენ გლდანის რაიონის მშრომელები“ და „ხუთწლედის მესამე, გადამწყვეტი წელიწადი“.
კონტექსტიდან მხოლოდ ერთი ამოვარდა - 2011 წლის 26 მაისი.
თუმცა, მანამდე ამერიკული ფილმი, „დამოუკიდებლობის დღე“ უნდა გავიხსენო: დედამიწას საზიზღარი უცხოპლანეტელები შემოესიენ, კაცობრიობას (გენდერულ ბალანსში - ქალობრიობასაც) შეჭმას უპირებენ. ადამიანები აშშ-ს პრეზიდენტის გარშემო დაირაზმებიან და გაიმარჯვებენ. გადამწყვეტ სიტყვას თეთრკანიანი მეცნიერი და შავკანიანი პილოტი იტყვიან (ვაჰ... ინდიელები აქაც მოტეხეს) და ეს მოხდება აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს, 4 ივლისს.
ამ ფილმის ნახვის შემდეგ მალხაზ რუსაძემ (რომელიც ასევე დიდი ხანია არ მინახავს) მითხრა, ეს პრეზიდენტი (ანუ, აშშ-ს პრეზიდენტი ფილმში) ამაზრზენად დადებითიაო.
2011 წლის 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ამაზრზენად უარყოფითი იყო.
რამდენიმე საათით ადრე პარლამენტის წინ, იქ სადაც აღლუმი უნდა ჩატარებულიყო და ღირსეულთა და შეურიგებელთა „გულის გასახეთქად“ ღირსების ორდენებით უნდა დაეჯილდოვებინათ უღირსები და შერიგებულები, სასწრაფოდ მორეცხეს სისხლის გუბეები, მაგრამ როგორც სიკეთე არ იკარგება, ასევე არ ირეცხება და არ იკარგება სისხლიც.
მე მგონი, სწორედ იქ და სწორედ იმ დროს დასრულდა რაღაც და დაიწყო ის, რის შედეგადაც თავი ხელ-ფეხს ვეღარ აკონტროლებს (კუჭს და მადას ვერც მანამდე აკონტროლებდა), ხოლო ხერხემალი ციხეშია.
ზნეობისა და სამართლის გარეშე დამოუკიდებლობას და თავისუფლებას რა თავში ვიხლი? არსებობს კი, დამოუკიდებლობა სამართლის, ხოლო თავისუფლება ზნეობის გარეშე? აგერ, თვენახევარიც და, ბასტილიის აღების დღე ვინძლო ელისეს სასახლის აღებითაც დასრულდეს.
რაცხა, კარგი ამბების მოლოდინში ვარ და იქნებ გაის ამ დროს ოცდაექვსმაისობამ აჯობოს ამ ოცდაექვსმაისობას. გაისად ხომ მაინც აღარ იქნება უსამართლოთა და უხერხემლოთა ღნავილი - „პარადს ჩვენ ვუხელმძღვანელებთ“.
თქვენ უხელმძღვანელებთ პადვალში ვირთხებს და გალიაში ჩიორებს. თქვენც და ყველა, ვინც 26 მაისი ვერ შეირგო, ვისთვისაც თავისუფლება უპასუხისმგებლობაა, დამოუკიდებლობა - აღვირახსნილობა, ხოლო ეს დღესასწაული - დღე, რომელიც სულაც არ არის სასწაული.
როდესაც 80-იანების ბოლოს აკაკი ბაქრაძემ თქვა, 21-ე საუკუნეში საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნებაო, გაგვეცინა, რადგან ზღაპრების არ გვჯეროდა, სასწაულს არ ველოდებოდით.
ჩემი თაობისთვის 26 მაისი მთავარი დღესასწაულია, კიდევ იმიტომაც, რომ ამ დღეს დაიბადა მერაბ კოსტავა. ეს არ მომხდარა ბაზალეთისა ტბის ძირას და, სხვათა შორის, არც მის ნაპირებზე.
P.S. საერთოდ, გაზეთებს რუბრიკები უყვართ, უხდება კიდეც. რა რუბრიკა მოუხდებოდა ამ ჩანაწერ-ჩანახატს? „მკვახე შეძახილი“ არ ივარგებს, არაა მკვახე და რა ვქნა? „მოგონებები გარდასულ დღეთა“ და „ფიქრები საქართველოზე“ ძალიან ბანალურია, „კორესპონდენტის უბის წიგნაკიდან“ ხომ საერთოდ... მგონი, ასე აჯობებდა - „ვინ უნდა ჩაგერეცხა, ბიჭო“.