21 წლის რუსმა ჯარისკაცმა უიარაღო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის, 62 წლის კაცის მკვლელობა აღიარა, - ამის შესახებ BBC წერს.
ვადიმ შიშიმარინმა თქვა, რომ კაცი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში მოკლა.
„პატიმარი კიევში, მცირე ზომის სასამართლო დარბაზში ხელბორკილებით, მძიმედ შეიარაღებული მცველების თანხლებით შეიყვანეს. ის ანერვიულებული ჩანდა და თავი დახრილი ჰქონდა. მოკლულის ქვრივი მისგან სულ რამდენიმე მეტრში იჯდა“, - წერს BBC.
- დანაშაულს აღიარებ?, – ჰკითხა მოსამართლემ. - დიახ, - უპასუხა შიშიმარინმა.
- სრულად?
- დიახ, - თქვა დაკავებულმა.
პროკურორების თქმით, შიშიმარინი სატანკო დივიზიის ქვედანაყოფს მეთაურობდა, როდესაც მის კოლონას მოწინააღმდეგემ შეუტია. გამოძიების ცნობით, მან და კიდევ ოთხმა ჯარისკაცმა მანქანა მოიპარეს და, ჩუპაჰოვკასკენ მიმავალ გზაზე, 62 წლის კაცს შეხვდნენ, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა. პროკურორების განცხადებით, მან კაცს - ალექსანდრ შელიპოვს, კალაშნიკოვიდან, თავში ესროლა და მოკლა.
დაკავებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
მოსკოვი უარყოფს, რომ მისი ჯარის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა, მაგრამ უკრაინელი გამომძიებლები აგროვებენ მტკიცებულებებს ომის შესაძლო დანაშაულების შესახებ, რათა ისინი ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში წარადგინონ.