საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვების ამოღება, რათა უკრაინას ომის შემდეგ აღდგენაში დაეხმაროს.
ჟოზეფ ბორელის თქმით, ლოგიკური იქნება, რომ ევროკავშირმა გააკეთოს ის, რაც აშშ-მა გააკეთა ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივებთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც თალიბებმა ქვეყანაზე კონტროლი დაამყარეს.
„ფული ჩვენს ჯიბეებში გვაქვს და ვინმემ უნდა ამიხსნას რატომ არის ეს კარგი ავღანური ფულისთვის და არ არის კარგი რუსული ფულისთვის“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ ბორელის ინიციატივა სრული უკანონობაა და რომ ეს დააზარალებს ევროპას.