ორბანი: უნგრეთი მხარს ვერ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს - რუსული ნავთობის ემბარგო უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული ატომური ბომბის ტოლფასი იქნება

ორბანი: უნგრეთი მხარს ვერ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს - რუსული ნავთობის ემბარგო უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული ატომური ბომბის ტოლფასი იქნება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს ვერ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს არსებული ფორმით, რომელიც ნავთობის იმპორტის ემბარგოს შეიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ამჟამინდელი წინადადება რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული ატომური ბომბის ტოლფასი იქნება და დასძინა, რომ უნგრეთი მზად არის მოლაპარაკებისთვის, თუ დაინახავს ახალ წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს უნგრეთის ინტერესებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უნგრეთს დასჭირდება 5 წელი და უზარმაზარი ინვესტიციების განხორციელება თავის გადამამუშავებელ ქარხნებსა და მილსადენებში, რათა შეძლოს თავისი ამჟამინდელი სისტემის გარდაქმნა, რომელიც დაახლოებით 65%-ით ეყრდნობა რუსულ ნავთობს.

„მე არ მინდა ევროკავშირთან დაპირისპირება. თანამშრომლობა მინდა, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს ინტერესებს“, - აღნიშნა მან.

ორბანმა ასევე თქვა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილის შავ სიაში შეყვანას, რადგან ეს „რელიგიური თავისუფლების საკითხია“.

4 მაისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეიცავს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეიცავს
სანქციების ახალი პაკეტი ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, სადაც თითოეულ წევრ ქვეყანას ვეტოს უფლება აქვს.