ბოლო პერიოდში დასავლელი ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და სხვა ქვეყნებსაც ელით საფრთხე. როგორც კონფლიქტლოგები და სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, წარუმატებელი მეორე ფაზისა და უმძიმესი სნქციების ფონზე, ორი-სამი ფრონტის გახსნა რუსეთს უდაოდ გაუჭირდება, თუმცა, რადგან მოლდოვა უკრაინის საზღვართანაა, საფრთხე შედარებით დიდია. რაც შეეხება საქართველოს, ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე შემოჭრის ალბათობა ნაკლებია.
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება.
„ვერავინ იფიქრებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა სხვა შემთხვევებში ძალადობით არ დაარღვევენ საერთაშორისო სამართალს.
„მას სურს თავისი ტერიტორიის გაფართოება და საზღვრების ძალადობით დარღვევა. ის სასოწარკვეთილად ცდილობს რუსეთის ძველი მნიშვნელობის აღდგენას სამყაროში, რომელიც შეიცვალა", - განაცხადა შოლცმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთი თავისი დამპყრობლური ამბიციებით უკრაინაზე არ გაჩერდება. ამიტომ, სხვა ქვეყნები უკვე უნდა მოემზადონ პუტინის მოახლოებული თავდასხმისთვის. ამბობს, რომ დასკვნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მორიგი განცხადების შემდეგ გააკეთა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი უკრაინაზე არ შეჩერდება. კიდევ ბევრი რამ იქნება. ლავროვმა წინა დღეს თქვა, რომ ყაზახები და მოლდოველები ძმები არიან. მოემზადეთ ძმებო ყაზახებო და ძმებო მოლდოველებო", - განაცხადა დანილოვმა.
წარუმატებელი მეორე ფაზისა ფონზე აშშ აცხადებს, რომ დიქტატურას ძალით უნდა შეეწინააღმდეგო და იარაღის მიწოდებას არ შეწყვეტს.
თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისტორიამ გვაჩვენა, ისინი მოდიან, მოდიან. მათი მადა ძალაუფლების მიმართ კვლავ იზრდება, - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელების წინააღმდეგობის შესახებ საუბრისას ალაბამას შტატში მდებარე იარაღის მწარმოებელ„ლოკჰიდ მარტინი" ქარხანაში სტუმრობისას განაცხადა. აქ ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინის რაკეტებს აწარმოებენ, რომლებიც ერთ-ერთია იმ შეიარაღებიდან, რომელსაც ამერიკა უკრაინას აწვდის.
"ჩვენ დავრწმუნდით, რომ უკრაინაში აღჭურვილობის მიწოდება არ შეფერხდება. მას შემდეგ, რაც რუსეთი ორ თვეზე მეტი ხნის წინ უკრაინაში შეიჭრა, მარტო ჩვენ 3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების უსაფრთხოების დახმარება გავუგზავნეთ უკრაინას. ეს არ ითვალისწინებს ჩვენი მოკავშირეების მიერ გაწეულ დახმარებას. ეს ფული პირდაპირი ინვესტიციაა თავად თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად", - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, იმის გამო, რომ მოლდოვა უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაა და რუსეთს მეორე ფრონტის გახსნა თითქმის არ უწევს, შედარებით მეტი საფრთხე ამ ქვეყნისკენაა.
„მოლდოვას ვარიანტი სავსებით რეალურია. სერიოზული პროვოკაციები იქნება და ქვეყანა ფაქტიურად წინასაფრონტო საბრძოლო მგომარეობაშია გადასული, დნესტრისპირეთის პროვოკაციები მართლაც საშიში მოვლენაა. რუსების ეს ქმედება რას ემსახურება, რთულად გამოსაცნობი არაა, უნდათ, რომ მეორე ფრონტი გახსნან და ოდესის მიმართულებით დაარტყან.
„ნიკოლაევიდან, როგორც ჩანს, უკვე უჭირთ და ეცდებიან, რომ უფრო ოდესიდან შეუტიონ - აქედან კი მოლდოვაზე შეტევა გაუადვილდებათ.
„რაც შეეხება საქართველოს, ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და საფრთხე შესაძლოა ყოველ წამს წამოვიდეს, მაგრამ ამ ეტაპზე მოლდოვას კონფლიქტის უფრო მეტი შანსებია, ვიდრე საქართველოზე. უკვე ამდენი შანსი არა მგონია ჰქონდეთ, რომ ორ-სამ ფრონტზე ერთდროულად იომონ" - განაცხადა მაისაიამ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაც ჯერჯერობით ამ მხრივ მუშაობს.
„საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაც რუსეთისთვის მაინცდამაინც გამაღიზიანებელი არაა, ეს ჯერჯერობით მუშაობს. სამხედრო კუთხითაც, ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ბრძოლისუნარიანი შენაერთები დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაყვანილია და ბუნებრივია, რომ ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანია. ეს ძალები რუსეთისთვის დონბასშია საჭირო, მაშინ იქიდან უნდა მოხსნას და აქეთ გამოუშვას.
„ის ვარიანტიც გამოსარიცხი არაა, რომ უკრაინაში წაგების შემთხვევაში შედარებით პატარა ქვეყნებს შეუტიოს, რევანში, რომ დააფიქსირონ. ამ ეტაპზე რუსეთს ამის საჭიროება არ აქვს, რომ საქართველოს მიმართულებით რაიმე ქმედება განახორციელოს, შესაძლოა მაშინ წამოიწყოს თუ კავკასიაში სიტუაცია აერევა, ან ჩვენ თუ დავიწყებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ძალის გამოყენებაზე ფიქრს.
„ორი მომენტია მნიშვნელოვანი, ერთია კავკკასიის რეგიონში გეოსტრატეგიული სიტუაციის გამწვავება, თუკი ჩვენი ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი მეთოდით დაკავებაზე იფიქრებს და მესამე, თუკი უკრაინასთან სამხედრო ალიანსში შესვლას დააპირებს. ახლა მოლდოვა უკრაინას საწვავ-საპოხი მასალით ამარაგებს და შეიარაღებაც მოლოდოვადან გადის. რუსეთმა ჯერ მოლდოვის საზღვართან არსებული ხიდი აუფეთქა და მერე რუსი ექსპერტები და პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ სიტუაციას ავურევთო" - განაცხადა მაისაიამ.
კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ძალების არანაირი მობილიზაცია არ შეიმჩნევა და ახლა საფრთხე უფრო მოლდოვასკენაა, თუმცა, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ოდესას შეუტევს და აიღებს, რაც დღეის მდგომარეობით რუსეთისთვის ურთულესი ამოცანაა.
„ჩვენს ტერიტორიებზე ნამდვილად არა, მაგრამ მოლდოვაში შეიმჩნევა. ის უკრაინას ეკვრის და დღეს რუსეთისთვის ოდესა ერთ-ერთი მთავარი პოზიციაა. დღეს რუსეთს ორი მთავარი ამოცანა აქვს, პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი. მინიმუმია როგორმე მარიუპოლი აიღოს და დონეცკსა და ლუჰანსკში გამყარდეს. თუ მერე მიხვდება, რომ ოდესაზე გასვლა შეუძლია, მაშინ დნესტერისპირეთი მართლა დასჭირდება და იქ რუსული ჯარები განლაგდებიან.
„ამიტომაც ახლა თავს იბევებს და მოლდოვის მიმართულებით გარკვეული აქტივობები აქვს. საქართვლოს ტერიტორია ამ მომენტში შესაძლოა შავი ზღვის კონტექსტში მოიაზრებოდეს, მაგრამ, არა უკრაინის. ამიტომაც დღეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე არანაირი მოძრაობები არ ჩანს, პირიქით, რუსი და ზოგადად სამხედროებისგან ეს ორი რეგიონი დაცლილია და როგორც ჩანს ტექნიკითვე უკრაინის ფრონტებზეა გადაყვანილი.
„ასეთი დამოკიდებულება, რომ მერე იქნება მოლდოვა და საქართველო, ზერელეა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რუსეთ-უკრაინის ომი როგორ დასრულდება. თუ რუსეთი იმარჯვებს, წარმატებული იქნება და მსოფლიო აპატიებს, უკრაინა კი დამარცხებას იტანს, მაშინ კი ბატონო, შესაძლოა საქართველოსა და მოლდოვის საფრთხეზეც ვისაუბროთ, მაგრამ ჩანს, რომ რუსეთი მარცხდება.
„ეჭვი მეპარება, რომ უკრაინამ რამე დათმოს და გაჩერდეს. მგონია, რომ გაგრძელდება და გაგრძელდება საქნციებიც, რუსეთს კი არანაირი ენერგია და ძალა არ ექნება, რომ დამატებითი აგრესია განახორციელოს, რომელიც დასავლეთის აღშფოთებას კიდევ მეტად გამოიწვევს, ამიტომ, ვინც ამ წინდაუხედავ და გაუაზრებელ ფრაზებს ისვრის, რომ მერე საქართველოა, უნდა იფიქრონ როგორ რუსეთზე ლაპარაკობენ, გამარჯვებულ რუსეთზე?
„თუ გამარჯვებულ რუსეთზე ლაპარაკობენ, მაშინ მისი გამარჯვება სად ჩანს? ის დამარცხების გზას ადგას, როგორ შეიძლება მან დამატებითი აგრესია სხვა ქვეყნების მიმართ განახორციელოს? ესაა ლაჩრული და პრორუსული დამოკიდებულება და ქართული საზოგადოების მუდმივი დაშინება, რომ მერე ჩვენ ვიქნებითო, არანაირად არ ჩანს, რომ მერე ჩვენ ვიქნებით, რუსეთი მარცხდება" - განაცხადა მან.
ზაქარეიშვბილი ამბობს, რომ ის არგაღიზიანების პოლიტიკის მომხრეა, თუმცა, დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკა საერთოდ არ აქვს.
„არ ჩანს არანაირი საგანგაშო ნიშნები იმისა, რომ რუსეთი საქართველოს მოუბრუნდება. საქართველოს ხელისუფლება დღეს დაბნეულია და თავის პოზიციას ვერ აჟღერებს, არ იცის ფსონი სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკაზე დადოს თუ კობახიძის. ევროპა არგაღიზიანების პოლიტიკით მუშაობს, აზერბაიჯანიც, თურქეთიც, ჩვენთან ის პრობლემაა, რომ პოლიტიკა არაა, თუ პოლიტიკა არაა, ვერც გაღიზიანების და ვერც არგაღიზიანების ვერ იქნება.
„მაგალიუთად ენმ-ს გაღიზიანების პოლიტიკა ჰქონდა, მაგრამ, პოლიტიკა იყო. ახლა პოლიტიკა არაა და შესაბამისად არც გაღიზიანება არ იქნება. ხომ არის ცნება, რომ ჩუმად ილაპარაკე, რაც ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა ილაპარაკო, ოღონდ ჩუმად, მაგრამ გაჩუმებას არ ნიშნავს. ჩუმად იმოძრავეც ნიშნავს, რომ ა-დან ბ პუნქტში აუცილებლად უნდა მიხვიდე, ოღონდ ფრთხილად და არ უნდა გაჩერდე.
„როცა მთავრობაში ვიყავი ვამბობდი, რომ ჩვენი ხალხის აფხაზებისა და ოსების მიმართ პოლიტიკა აუცილებლად უნდა გვქონდეს, ოღონდ ეს რუსეთის გაღიზიანების პოლიტიკა არ უნდა იყოს და ფეკალიებზე არ უდა ველაპარაკოთ.
„არსად არ ვჩანვართ, საქართველოს ინტერესების რეალიზებაც კი არ ხდება, ხელისუფლება დღემდე ნერვიულობს იმაზე თუ რუსეთი იმარჯვებს თუ მარცხდება, როგორც კი დარწმუნდება, რომ რუსეთი მარცხდება, რაც ასეა, მერე ალბათ სალომე ზურაბიშვილის ფრთას გააძლიერებს," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.