„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ალბათ მზად არის" ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას, თუ მას უცხოეთში სამკურნალოდ გადაიყვანენ. ანალიტიკოსები სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლას სკეპტიკურად უყურებენ. რაც შეეხება ამ შემთხვევაში ენმ-ის პერსპექტივას, ანალ;იტიკოს პაატა ზაქარეიშვილის აზრით, სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში „ნაცმოძრაობა" უახლოესი 3 არჩევნების განმავლობაში შეინარჩუნებს ისეთ რეიტინგს, რომელიც მინიმალური ბარიერის დაძლევას შეაძლებინებს.
28 აპრილს, ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის" ეთერში ჟურნალისტის კითხვას, მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანის შემთხვევაში ყოფილი პრეზიდენტი მზად არის თუ არა ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს, უპასუხა, რომ „ალბათ მზად არის".
„ამასთან დაკავშირებით მანაც გააკეთა განცხადება. არ ვიცი, ეს პიროვნულად მისი გადასაწყვეტია. ალბათ მზად არის, რადგან აქ სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. თუ ასე გაგრძელდა, როგორც არის, ადამიანი უბრალოდ აღარ იქნება, გარდაიცვლება, მოკვდება მიხეილ სააკაშვილი. შეიძლება იმდენი ესმის „ქართულ ოცნებას", რომ მესამე პრეზიდენტის სიკვდილი მათთვისაც დამაზიანებელი აღმოჩნდება და ქვეყანა ძალიან დიდ ქაოსში და უბედურებაში ჩავარდება. ყველასთვის დამაზიანებელი იქნება და ისინიც ჩაჰყვებიან ამას, ვერ იხეირებენ ამით", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ანალიტიკოსი პაატა ზაქარეისვილი კი „რეზონანსს" უცხადებს, რომ ეს საკითხი მხოლოდ სააკაშვილის გადასაწყვეტია და სანამ ის თავად არ გააკეთებს განცხადებას, რთულია ამაზე საუბარი.
„ამას ამბობს ცისკარიშვილი და არა სააკაშვილი. მერე მეორეც - რატომ უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკას? მე არ მომწონს სააკაშვილი და მირჩევნია წავიდეს პოლიტიკიდან, მაგრამ ეს არ უნდა უკარნახოს არავინ - არც მე, არც ცისკარიშვილს და არც არავის არ აქვს უფლება განუსაზღვროს ადამიანს იყოს თუ არა პოლიტიკაში. ამის საშუალებას აძლევს კანონი და თუ უნდა, შეუძლია დარჩეს კიდეც.
„უხეშად რომ ვთქვათ, ეს არავის საქმე არ არის სააკაშვილის გარდა. ის არის პატიმარი, იმყოფება ციხეში და არის ავად. მე მაქვს სრული საფუძველი ვიფიქრო, რომ ამას სპეციალურად აკეთებს საქართველოს ხეისუფლება - რომ იყოს დამცირებულ, შეურაცხყოფილ პოზიციაში. ეს არის მთავარი ამ სიტუაციაში და არავის საქმე არ არის დარჩება პოლიტიკაში თუ წავა", - გამაცხადა ზაქარეიშვილმა.
კითხვაზე რა ბედი ეწევა ენმ-ს, თუ სააკაშვილმა მართლაც გადაწყვიტა ჩამოშორდეს პოლიტიკურ საქმიანობას, ანალიტიკოსი პასუხობს, რომ ისინი მინიმუმ უახლოესი 3 არჩევნებისთვის მაინც შეინარჩუნებენ რეიტინგს და მოახერხებენ მინიმალური ზღვარის გადალახვას.
„ასეთი ტაქტიკის პარტია იყო, მაგალითად, ზვიად გამსახურდიას მომხრეების პარტია „მრგვალი მაგიდა". მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა პირველი პრეზიდენტი, მაინც საკმაოდ დიდხანს აქტიურობდა მისი მომხრეების დიდი ნაწილი. დარწმუნებული ვარ, არჩევნებში მონაწილეობა რომ მიეღოთ, ყოველთვის გადალახავდნენ მინიმალურ ბარიერს.
„სააკაშვილს ჰყავს ასეთი მომხრეები. „ნაცინალური მოძრაობა" დღეს იქცა უფრო რელიგიურ ორგანიზაციად. არ გააჩნიათ სამოქმედო პროგრამა და მხოლოდ ერთ სააკაშვილის თავისუფლების იდეაზე არიან ჩამოყალიბებული, რაც ძალიან არ მომწონს. ამიტომ მე მგონია, რომ მინიმუმ 3 არჩევნებზე მაინც ექნებათ ენერგია, რომ გადალახონ ბარიერი და თავისი ადგილი ჰქონდეთ ოპოზიციის ფლანგზე", - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა.
აღნიშნულზე მოსაზრებას გამოთქვამს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძეც. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს „ნაციონალური მოძრაობის" ახალი იდეა ერთგვარი მახეა ხელისუფლებისადმი, რომ როგორმე დაიხსნან მათი ბელადი.
„სუფრაზე რომ რაღაც ახალ კერძს შემოაცურებენ, ისე შემოაცურეს ახალი ნარატივი, რომ თუ სააკაშვილს ციხიდან გაუშვებენ „სამკურნალოდ", ის პოლიტიკიდან წავა. ვინმეს ეს სჯერა? - ასე რომ, ნუ გადაყლაპავთ ამ კერძს", - წერს „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ანჯაფარიძე.