მოლდოვას სრული ოკუპაცია და ნატოს წევრ რუმინეთის საზღვართან რუსული ტანკების ჩამწკრივება, კრემლის სტრატეგიულ მიზნებში ყოველთვის იყო...
უკვე აღარავინ აღარაფერს მალავს - რუსეთის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი გენერალ-მაიორი რუსტამ მინეკაევი ღიად, მასმედიის გასაგონად აცხადებს: უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის მეორე ფაზის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სრული კონტროლის დამყარება დონბასზე და სამხრეთ უკრაინაზე, ყირიმისკენ სახმელეთო დერეფნის ამოქმედება და გასვლა მოლდოვას დნესტრისპირეთში, სადაც რუსულეროვან მოსახლეობას ავიწროებენო...
"მეთოდები დაგიძველდა, მურტალო!“ - ცნობილი ქართული ფილმიდან ეს პოპულარული ფრთიანი ფრაზა სრულად მიესადაგება რუსეთის იმპერიულ-დამპყრობითი მოქმედების ტაქტიკას ბოლო 30 წლის განმავლობაში - ჯერ ცხინვალის რეგიონში, შემდეგ აფხაზეთში, დნესტრისპირეთში, ეხლა უკრაინის ყირიმსა და დონბასში: რუსულად მოლაპარაკე და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიღებული მოსახლეობის დაცვის საბაბით, მათკენ რუსული სატანკო კოლონების გაგზავნა...
მოლდოვას ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, მაგრამ ეს კიშინიოვისთვის გამოსავალი ვერ გახდება,თუკი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მართლაც მოახერხეს ხერსონიდან ოდესისკენ გაჭრა, მისი დაპყრობა და შემდეგ სეპარატისტულ დნესტრისპირეთში გადასვლა.
მართალია პუტინის კრემლს მოლდოვა უკრაინასავით არ უშლის ნერვებს და არც ნატოსკენ ესწრაფვის დემონსტრაციულად, მაგრამ ეს ყველაფერი მეათე ხარისხოვანია, რადგან დასავლეთთან ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომის ზღურბლზე მდგარი რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ახლოს მიუჩოჩებს რუსულ ჯავშანსატანკო კოლონებს, არტილერიასა და პირველ რიგში, ბირთვული იარაღის გადამტან სარაკეტო დანადგარებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებს...
ამ მხრივ კი სეპარატისტული დნესტრისპირეთი და მთლიანად მოლდოვას ტერიტორია იდეალურად შეესაბამება კრემლის მადას - ოკუპირებული მოლდოვადან საუკეთესოდ კონტროლდება ნატოს წევრი რუმინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კონსტანცას სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვაო პორტის ჩათვლით (საიდანაც ხორციელდება ნატოს ძირითად საზღვაო გადაზიდვები, მათ შორის საქართველოსკენაც). ასევე დევესელუს სამხედრო ბაზა, სადაც ანტისარაკეტო თავდაცვის თანამედროვე ამერიკული სისტემაა განთავსებული.
კრემლი უფრთხის, რომ დიდი ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთის ევროპული ნაწილიდან სტარტაღებული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები ახლო კოსმოსში გასვლამდე შეიძლება დააზიანონ სწორედ რუმინეთის დევესელუს ბაზიდან გაშვებულმა ამერიკული „სტანდარდის“ ტიპის ანტირაკეტებმა.
დღეს მთლიანად უკრაინის არმიაზე და დასავლეთის სამხედრო დახმარებაზეა დამოკიდებული, შეიჭრება თუ არა რუსეთი მოლდოვაში-წინ, უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში გააფთრებული ბრძოლებია მოსალოდნელი უკრაინის დონბასში, ასევე ზაპოროჟიასა და დნეპრის მიმართულებით, მაგრამ ეყოფა კი რუსეთს ძალა, რომ პარალელურ რეჟიმში ასეთივე ინტენსიური შეტევითი საბრძოლო მოქმედებები აწარმოოს ოკუპირებული ხერსონიდან მიკოლაევისა და ოდესის დასაპყრობად?
მე მგონი არა, რუსეთმა ერთხელ უკვე სცადა ბლიცკრიგით უკრაინის დაპყრობა ერთდროულად ექვსი-შვიდი მიმართულებიდან შეტევით, მაგრამ ცხვირიც წაიტეხა და კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის მისადგომებიდან კუდამოძუებულს მოუწია სამარცხვინოდ უკან დახევა თავის ტერიტორიაზე.
რუსეთის შავი ზღვის ფლაგმანის-სარაკეტო კრეისერ „მოსკვასა“ და დიდი სადესანტო ხომალდის „სარატოვის“ ჩაძირვისა და უკრაინის არსენალში დასავლური ხომალდსაწინააღმდეგო „ჰარპუნების“ გამოჩენის შემდეგ, დღეს მინიმუმამდეა შემცირებული ოდესასთან რუსული ფართომასშტაბიანი საზღვაო დესანტის გადასხმის ალბათობა (ან ვინ უნდა გადასხან, როდესაც ათასობით რუსი საზღვაო ქვეითი რამდენიმე კვირაა დონბასში, მათ შორის მარიუპოლში, როგორც ჩვეულებრივი ფეხოსანი ისე იბრძვის და დიდი დანაკლისიც აქვთ).
შესაბამისად, უკრაინას უთავისუფლდება ოდესა-ოჩაკოვის სანაპიროს დაცვაზე მობილიზირებული ძალები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააძლიერებენ უკრაინელთა თავდაცვის ზღუდეს ხერსონის მიმართულებაზე...
რაც უფრო დრო გადის და გეომეტრიული პროპორციით იზრდება დასავლური „ლენდ-ლიზის“ ნაკადი უკრაინის არმიისთვის, მით უფრო ნაკლები შანსი რჩება პუტინს სერიოზული სამხედრო წარმატებების მისაღწევად უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა იმდენს მაინც მოძებნის, რომ 9 მაისს მოსკოვის წითელი მოედნის ტრიბუნიდან თავისი დაზომბირებული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვლავ "დააბოლოს“- დონბასი მარიუპოლთან ერთად "გავანთავისუფლეთო“...