ვადამდელი არჩევნების ძახილით ვადამდელი არჩევნები არ მოვა. ვადამდელ არჩევნებამდე რომ მიხვიდე, ამისთვის შენ ნაბიჯები უნდა გადადგა, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის და რეფორმების ნაცვლად საქართველოს „ჭაობში დატოვებას“ აირჩევს, მაშინ ხალხი გამოფხიზლდება და „ვადამდელი არჩევნები მოვა თავისთავად“.
„ვადამდელი არჩევნები მოვა თავისთავად, როცა მოიხარშება ეს პროცესი: იმ მომენტში, როცა არჩევანის წინაშე დადგება „ქართული ოცნება“ რეფორმები და ევროკავშირში ინტეგრაცია, თუ ხელისუფლების შენარჩუნება და ჭაობში საქართველოს დატოვება, მე ვფიქრობ, აი, ის მომენტი იქნება, როცა ხალხი გამოფხიზლდება, თუ „ქართული ოცნება“ აირჩევს უარს ევროკავშირსა და რეფორმებზე და იტყვის, რომ მე არ ვაპირებ ამ რეფორმების გატარებას, აი ამ მომენტში, ვფიქრობ, ეს მომწიფდება. გულწრფელად ვთქვათ და ღიად, მე არ მინდა იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც არის ე.წ. ფალსტარტი, გეგმაზომიერად ვმუშაობთ. ჩვენ, ოპოზიციას არ მოგვეცა საშუალება, რომ სისტემურად გვემუშავა. ვადამდელი არჩევნების ძახილით ვადამდელი არჩევნები არ მოვა. ვადამდელ არჩევნებამდე რომ მიხვიდე, ამისთვის შენ ნაბიჯები უნდა გადადგა და საპარლამენტო რესპუბლიკაში ვადამდელი არჩევნები აბსოლუტურად ნორმალური ვითარებაა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძემ გადაცემაში პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყო.
„პრემიერმა 300 ლარად დავასაქმებ რამდენიმე ასეულ ათას ადამიანსო. მე ახლა იმ პრემიერს და „ქართული ოცნების“ მესვეურებს ვეუბნები, რომ წადით და თქვენი ოჯახის წევრები დაასაქმეთ 300 -ლარიან სამსახურზე. არავის არ სჭირდება თქვენი ნამათხოვარი 300 - ლარიანი სამსახური, 300 ლარი ხელფასი არ არის დღევანდელ ქვეყანაში და ეს მაინც უნდა ესმოდეს პრემიერ-მინისტრს. 300 ლარად ადამიანი თავს ვერ შეინახავს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.