ეროვნული თავისუფლება და დამოუკიდებლობა ერმა მძიმე შრომით და ბრძოლით, ჭირნახულივით უნდა მოიპოვოს და მოიწიოს. შესაბამისად უნდა შემზადდეს განვითარების ეროვნული პროგრამები, რომლებიც ეროვნულ იდეოლოგიას უნდა დაეფუძნოს (როგორც ეს მოხდა ისრაელში სიონიზმის სახით).
ვინაიდან საქართველოს დამოუკიდებლობა ზემოდან ებოძა - საბჭოთა კავშირის უეცარი დაშლის შედეგად, ამიტომ ერი თითქმის მოუმზადებელი შეხვდა ასე ნანატრ დამოუკიდებლობას - ჩვენ გავხდით დამოუკიდებელნი, მაგრამ არა თავისუფალნი. დღემდე არაა შემუშავებული განვითარების ეროვნული პროგრამა, ეროვნული იდეოლოგია. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:
- სამოქალაქო დაპირისპირება და კანონიერი ხელისუფლების დამხობა 1992 წელს, 2003 წელს, პერმანენტული კრიზისები და რევოლუციური სიტუაციები;
- დამარცხება ცხინვალის და აფხაზეთის კონფლიქტებში, რამაც გამოიწვია ერის სულით დაცემა, ანარქიის და უზნეობის მომძლავრება;
- 1990 წლიდან თითქმის დღემდე ქუჩიდან მოსული ადამიანების, არაპროფესიონალების მართვა-გამგეობა, რამაც ქვეყანა ილიას და ნიკოლაძის გზას ააცდინა.
ჩვენ დიდი მოხერხება გამოვიჩინეთ ძველის ნგრევაში, მაგრამ ახლის შექმნას ვერ ვახერხებთ - შენობის აგებას საძირკველის გარეშე ვაპირებთ და ისიც მალე ინგრევა ქარიშხლისა თუ ავდრის შემთხვევაში, კრიზისის დროს.
ასეთ ვითარებაში სხვისი მოიმედეობა და აზიური ინერტულობა, იოლი გზით სიარული კვლავ იქცევა ქართველი ხალხის ნორმალური განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად. არადა „ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისთვის დიდი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, არამედ ცხრა მთას გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ. ისიც ხშირად თხის რძეს გვაწოვებს და არა ადამიანისას... უცხოელი ძიძა, რაგინდ საღი იყოს, შენს დედაენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს (ნიკო ნიკოლაძე).
როცა ერს არა აქვს ეროვნული იდეოლოგია, აღმშენებლობის პროგრამები, მაშინ მისი სამთავრობო და პოლიტიკური წრეები (შეგნებულად თუ შეუგნებლად) ინტუიციურად ირჩევენ გლობალურ და ლოკალურ (ადვილად მოსაგვარებელ) მიზანთა სისტემას და თითქმის მთლიანად ექცევიან უცხოელთა გავლენის ქვეშ, საიდანაც თავის დაღწევა ძალზე რთული ამოცანაა.
ეროვნული იდეოლოგია ყალიბდება შეხედულებათა 10 სისტემის სახით. ესენია: ეკონომიკური, დემოგრაფიული, ზნეობრივი, სამართლებრივი, რელიგიური, კულტურის, ფილოსოფიური, ეროვნული ცნობიერება, ეკოლოგიური, პოლიტიკური.
ამ მთლიან მაჩვენებელთა სისტემას მიხაკო წერეთელი უწოდებდა „ერის იდეალს“. დღეს ამ სისტემებიდან საქართველოში თითქმის არც-ერთი არ მუშაობს ან კრიზისს განიცდის.
მხოლოდ პოლიტიკურ-სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმებით ქვეყნის აღმშენებლობა და ცხოვრების სრულყოფა შეუძლებელია: რელიგიური მრწამსის (ოღონდ ჭეშმარიტი და არა ფარისევრული), ზნეობისა და ჯანსაღი ეროვნული ტრადიციებისაკენ ქართული საზოგადოების შემობრუნების გარეშე ძლიერი სახელმწიფოს შექმნა წარმოუდგენელია.
საზოგადოების თვითაღზრდა და თვითგანწმენდა, კულტურის და ზნეობის ამაღლება, პიროვნების საკუთარი ცხოვრების გააზრებიდან საზოგადოებრივი ცხოვრების გააზრებაზე ასვლა, პიროვნული მსხვერპლის გაღება ეროვნული იდეალებისათვის მხოლოდ თითოეული მოქალაქის რწმენის გაძლიერების და სულიერი გასუფთავების შედეგია.
ძლიერი სახელმწიფოს სოციალურ-პოლიტიკური წყობის საფუძველია მისი შემადგენელი ნაწილების ( ადამიანი, ოჯახი, სოფელი, ქალაქი, კუთხე) მაღალი მიზნისკენ სწრაფვა, საერთო ძალისხმევა და ჰარმონია. თუნდაც ბიზნესის განვითარების მცდელობა განათლებისა და მეცნიერების, რწმენის და პატიოსნების, ზნეობისა და ეროვნული თვითშეგნების ამაღლების გარეშე ასევე განწირულია დღეს.
ჩვენი გონიერი და ბრძენი წინაპრები გვასწავლიდნენ, რომ “ხალხის განვითარება და გაძლიერება ყოვლად შეუძლებელია ეროვნული პრინციპების გარეშე... ერი თავისებური კოლექტიური აგებულებაა, თავისებური კოლექტიური პიროვნებაა. ამიტომ მისი აღორძინება შეიძლება მხოლოდ თავისებური ეროვნული გზით. ისტორიაში ვერ მოძებნით ისეთ მაგალითს, რომ ერს ეღალატნოს თავისი ეროვნებისათვის, ეროვნული კულტურისათვის და არ გახრწნილიყოს, არ აღმოფხვრილიყოს... ძალ-ღონე ყოველის ერისა უმთავრესად დამოკიდებულია ეროვნულის, მამულიშვილურის გრძნობის განვითარება-გაღონიერებაზე. სადაც ეს ცენტრალური გრძნობა სუსტია, იქ ხალხი უძლურია“ (იაკობ გოგებაშვილი).
ჩვენს დიდ წინაპრებს ძალიან მცირე პირადი მოთხოვნილებები და უდიდესი იდეალი ასულდგმულებდათ. ეს იდეალი იყო საქართველოს დიდება და ქვეყნის უანგარო სამსახური. თითოეული მათგანი მზად იყო ქვეყნის საკეთილდღეოდ სამსხვერპლოდ მიეტანა თავისი ოჯახი, ქონება და სიცოცხლეც კი (ო.ქოჩორაძე).
ქართული ცხოვრების წესის მთავარი ხერხემალია „ქართველობა“, როგორც უნიკალური ფენომენი, რომელიც შეიძლება შევადაროთ გრაალის თასს, სადაც საუკუნეთა განმავლობაში წვეთობით გროვდებოდა ერის სულიერი და ხორციელი ცხოვრების შემაკავშირებელი დუღაბი.
საზოგადოებაც და ხელისუფლებაც ღრმად ეროვნული და ზნეობრივი უნდა იყოს. წინაპართა გონივრული ტრადიციების გარეშე არ არსებობს არც ეროვნული სული, არც ეროვნული ცნობიერება და არც ცივილიზაციის მიღწევები.
ქართული ცხოვრების წესის სხვა უმნიშვნელოვანესი ფასეულობებია: სამშობლოს შეგნებული სიყვარული, ღვთისმოშიშობა და ზნეობრიობა, მუშაკობა - როგორც სოციალური ნორმა, ოჯახის და ოჯახიშვილობის კულტი, სამართლიანობა და ღირსება, კაცთმოყვარეობა და ჰუმანიზმი, ავკარგიანობა, მადლის ქმნისა და მიტევების ნიჭი, ბავშვების, ქალების და მოხუცების მიმართ მოწიწება და პატივისცემა, მათზე ზრუნვა და მონანიების უნარი, მხედრული მოვალეობა და სიმამაცე, ცოდნის მიღებისაკენ დაუოკებელი სწრაფვა, თვითკრიტიკულობა, პასუხისმგებლობა, კაცის კაცობა და ქალის ქალობა, მშობლიური ენის სიყვარული და პატივისცემა, კარგი მეზობლობა და მეგობრობა და ა.შ.
მხოლოდ ამ გზით შეიქმნა ის ძლიერი, დავითის საქართველო, რომელზე ნოსტალგიაც დღესაც გვკლავს და არ გვასვენებს.
სამწუხაროდ ყოველივე ზემოჩამოთვლილი, ყველაფერი, რაც ქართველმა ხალხმა საუკუნეთა სიღრმეში შეიმუშავა და ათას ჭირვარამგამოვლილი დღემდე შეურყევლად მოიტანა, გლობალიზაციის (გაერთფეროვნების) მცირე ერებისათვის დამანგრეველი პროცესებისა და ჩვენი დაუდევრობის შედეგად თითქმის დაშლის პირასაა.
დღევანდელი ქართული საზოგადოება - ესაა ანარქიულ-ნერვოზული საზოგადოება - უამრავი თავსდატეხილი პრობლემა, ცხოვრების გიჟური რიტმი, საშინელი კონკურენცია, გაზრდილი მოთხოვნები, გადაღლა, მღელვარება, სოციალური დაპირისპირება და პოლიტიკური ბრძოლის მიუღებელი მეთოდები, ადამიანთა გამოფიტვა და ჯანმრთელობის აღდგენის შეუძლებლობა, ძალადობის და შიშების ზრდა, პათოლოგიური ტიპების მომრავლება, დაუნდობლობა, ელიტის ზნეობრივი დეგრადაცია, დაუცველობა და სამართლიანობის დიდი დეფიციტი, განუკითხაობა, უღირსთა პარპაში და ყველაფრისადმი და ყველასადმი მომხმარებლური დამოკიდებულება, დემოგრაფიული და ტერიტორიული პრობლემები, 300 ათასი დამცირებული ლტოლვილი და დევნილი, ქალისა და კაცის ფუნქციების აღრევა და ა.შ. აი, ამ შტრიხებით ხასიათდება 21-ე საუკუნეში ჩვენი საზოგადოება.
ასე ცხოვრება აღარც შეიძლებოდა და ვეღარც მოხერხდება! 1 ოქტომბრიდან ერის ცხოვრებაში გარკვეული შემოტრიალება დაიწყო.
„მთელი არმიების შემოსევა შეიძლება შეაჩერო, მაგრამ არა ის იდეები, რომელთა დროც უკვე დადგა“ - უთქვამს ვიქტორ ჰიუგოს.
როგორ ჩავბეროთ ახალი სული საქართველოს, როგორც ეს თავის დროზე წარმატებით შეძლო დავით აღმაშენებელმა? დღევანდელ ვითარებაში ქვეყანას მხოლოდ ერთი ადამიანის ძალისხმევა ვეღარ უშველის. ერის ისტორიული მეხსიერება და კოლექტიური აზროვნება ერთი მიზნისკენ უნდა წარიმართოს - როგორ მოუაროს ხალხმა თავის ქვეყანას და თავის თავს? გათითოკაცებულმა ერმა კოლექტიური აზროვნება, კოლექტიური გადაწყვეტილების მიღება და კოლექტიური ქმედებაც უნდა ისწავლოს. უნდა შექმნას ეროვნული იდეოლოგიის ათივე ქვესისტემა და დაიწყოს მისი პრაქტიკაში განხორციელება. ამ მიმართულებით გარკვეული მუშაობა უკვე ჩატარებულია ქართველ მწერალთა და მეცნიერთა ( ი. ჭავჭავაძე, ნ.ნიკოლაძე, ა.ჯორჯაძე, გ. ასათიანი, ჯ. ღვინჯილია, პ. იაკაშვილი, ო.ქოჩორაძე, ა.გასვიანი, ვ.შუბითიძე და სხვ.) ძალზე მისასალმებელია, რომ ეს მუშაობა გააქტიურდა XXI საუკუნიდან ქართველი მოაზროვნეების ემზარ ხვიჩიას და ვასო კუკუნაშვილის სერიოზულ ნაშრომებში და ქმნილებებში (ემზარ ხვიჩია “ქართული ერი და მსოფლიო ცივილიზაცია“ თბ; 2004, ვასო კუკუნაშვილი „ჯვარ-პატიოსანი (თბ; 2009). აქამდე ქართველ მოაზროვნეებს არ შემოუთავაზებიათ ის სქემა და მოდელი, რომლითაც დავით აღმაშენებელმა შეძლო საქართველოს აღდგენა მკვდრეთით. ეს საინტერესო მცდელობა განახორციელა ვასო კუკუნაშვილმა, რომელმაც ორიგინალური თვალსაზრისი შემოგვთავაზა ამ კუთხით. მის მიერ მიმოქცევაში შემოტანილი „დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი“ ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას, კრიტიკულ გაანალიზებას და ხორცშესხმას ახალი, თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით. ეს ყველაფერი საფუძვლად შეიძლება დაედოს ეროვნული იდეოლოგიისა და მისი ყველა ათივე ქვესისტემის შექმნას სხვათა შენიშვნების და დასაბუთებული მოსაზრებების გათვალისწინებით.
ვინაიდან გლობალიზაციის პროცესი ამიერიდან მუდმივ ხასიათს ატარებს და არსებობს ერებისა და ეროვნული კულტურების ნიველირების სერიოზული საშიშროება, ამიტომ გლობალური კულტურულ-ზნეობრივი კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი საშუალებაა გლობალიზაციის იდეოლოგიის ისეთი უნივერსალური მოდელის შექმნა, რომელიც თავისი არსით იქნებოდა რა მოძღვრება საბაზო სულიერ და ზნეობირვ ღირებულებათა შესახებ, მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა ეროვნული და რელიგიური წარმომავლობის წარმონაქმნებს მისცემდა ისეთი თანასწორუფლებიანი თანაარსებობის საშუაალებას, რომ თითოეული მათგანის ინდივიდუალური, ეროვნული თუ რელიგიური სახე ყოფილიყო შენარჩუნებული.
სწორედ ასეთი მოძღვრბის შექმნის საინტერესო მცდელობაა ვასო კუკუნაშვილის აღნიშნული ნაშრომი. ავტორმა მას უწოდა „გლობალიზაციის იდეოლოგიის იბერიულ-ქართული მოდელი ანუ დიდი სამოქალაქო ზნეობრივიკანონი“, ეს მოძღვრება შეიძლება გამოდგეს ქართული ეროვნული იდეოლოგიის საძირკველად, ჩონჩხად, რომელსაც ყველა კუთხით ხორცი უნდა შეესხას.
ჯერ კიდევ 2004 წლის 28 ნოემბერის თავის ერთ-ერთ ქადაგებაში საქათველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ხაზგასმით ამბობდა, რომ „აუცილებლად, რაღაც ისეთი იდეა უნდა გვქონდეს ერს, ხელისუფლებას, ეკლესიას, რომელსაც გაჰყვება ჩვენი ერი, რომელსაც ხელში აიტაცებს, როგორც ძვირფას საუნჯეს და ამით შეაბიჯებს მომავალში“. ვასო კუკუნაშვილის ეს ნაშრომიც და ისტორიული რომანიც „ჯვარ-პატიოსანი“ სწორედ პატრიარქის ამ სიტყვების შთაგონებითაა შექმნილი.
ამ მოძღვრების პრაქტიკაში დანერგვით მნიშვნელოვანწილად შეიძლება თავიდან იქნას აცილებული მცირერიცხოვანი ერების ასიმილირების საფრთხე, მათ შეიძლება გაეხსნათ თვითდამკვიდრების ახალი საშუალებანი.
დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი არის მოძღვრება ერების სამოქალაქო ცხოვრების მოწყობის პრინციპების შესახებ, რომელიც ისე განსაზღვრავს და წარმართავს როგორც ერის (საზოგადოების) შიდა, ისე ერთაშორის (საზოგადოებათშორის) ურთიერთობებს, რომ არც ერთი მათში მონაწილე ეროვნული საზოგადოების ეთნო-კულტურულ თვითმყოფადობას, მიუხედავად მისი ეროვნული წარმომავლობისა და რელიგიური კუთვნილებისა, არავითარი შეზღუდვა არ მოელის.
ამრიგად, მას საერთაშორისო, უნივერსალური ხასიათი და მნიშვნელობა აქვს.
ჩვენი შინაური და განსაკუთრებით გარე მტრები ცდას არ აკლებენ, რომ ქართველობა დააჩოქონ და ამის პირველი საშუალებაა ის, რომ წაიშალოს ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, ტრადიციები, ადათები, ყოველივე ის, რაც შეადგენს „ქართველობის“ ხერხემალს. თუ ჩვენ სხვებს დავემსგავსებით, მათში ავითქვიფებით., მაშინ აზრს დაკარგავს ისეთი ცნებები, როგორიცაა „საქართველო“, „სამშობლოს სიყვარული“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“, „დედა-ენა“, „დედა-ეკლესია“ და ა.შ.
ეროვნული თვითმყოფადობის განმსაზღვრელია ეროვნული თვითშეგნება, რომელიც, როგორც ხედვათა ერთობლიობა, აგებულია გარკვეულ სულიერ ღირებულებათა სისტემაზე. ერის ამოცანაც სწორედ იმ სულიერი ღირებულებების სწორი მიმართულებით განსაზღვრაში და გამოყენებაში მდგომარეობს, რომლებიც იმთავითვე ქმნიდნენ და დღესაც ქმნიან ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას. ამ სულიერ ღირებულებათა განმსაზღვრელნი იყვნენ, არიან და იქნებიან ნამდვილი ქართველი მამაკაცები და დედაკაცები. ქალაჩუნების, ჰომოსექსუალისტებისა და ლესბოსელების მიერ აშენებული ქვეყანა ჯერაც არავის უნახავს.
ეკუმუნიზმისაგან განსხვავებით დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონის მოძღვრება მსოფლიო ერთღმერთიანობას კი არ ქადაგებს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ხატავს საზოგადოების სამოქალაქო ცხოვრების პრინციპთა ისეთ ერთობლიობას, რომლის უარყოფაც მათი თვალნათელობისა და გასაგებობის, სიმარტივის გამო თითოეულის მიერ შეუძლებელია.
გლობალიზაციის ეპოქის მიერ ჩვენს წინაშე წამოჭრილი გლობალური ამოცანის ამოხსნა, ასევე, გლობალური შეიძლება იყოს თავისი განსაზღვრებებით და, ბუნებრივია, მისი არსებობა შეიძლება ვეძიოთ მხოლოს იმ სიღრმეებში, საიდანაც იგი წარმოიშვა.
ამ აზრით, წინამდებარე ნაშრომის მიხედვით ქართულ-იბერიული კულტურის ღრმა შრეების შესწავლა ნიშნავს, გარკვეულწილად, ყოველი ერის მიერ თავისი დასაბამის და არსის შეცნობას იმ მთავარი პირველსაწყისისას, რომლის გარეშეც არ არსებობს არც ერთი ერი და რომელზედაც დაშენებულია შემდგომი კულტურული შრეები. ამგვარი გაგებით ქართული კულტურა ავტორის მიერ განიხილება მსოფლიო ცივილიზაციის უნიკალურ ნაკრძალად, რომელშიც ჯერ კიდევ შემორჩენილია საერთაშორისო საზოგადოების შემადგენელი თითოეული წევრი ერისა და ეთნოსის არსებობის რეალური ყოფნის და ფუნქციონირების საწყისი ფორმულა.
შესაბამისად , ამ ნაშრომშის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ის, რომ თემა იბერიულ-ქართული კულტურის არსის შესახებ იქცეს საერთაშორისო მეცნიერული კვლევის, ანალიზისა და დისკუსიის საგნად.
ავტორი სამართლიანად სვამს კითხვას, რომ თუ ცივილიზაციის ისტორია და ღვინის წარმოება ქრონოლოგიურად ერთმანეთს ემთხვევა, ხოლო ღვინის წარმოების სამშობლოდ საქართველო ითვლება, მაშინ განა ლოგიკური არ არის დასკვნა იმის შესახებ, რომ ცივილიზაციის ისტორიის პირველწყაროდ, გარკვეულ საწყისად თავად ქართული კულტურა გვევლინება?
ამის მერე მკითხველმა უნდა განსაჯოს, რა უფრო მისაღებია ჩვენთვის - ბრმად გადმოვიღოთ დასავლეთიდან ის სულიერი (ხანდახან ძალიან საეჭვო და დაბალზნეობრივი ) ღირებულებები, რომლებსაც ის გვთავაზობს და რომლის გარკვეული ნაწილი ამა თუ იმ ფორმით, სავარაუდოდ, მას ჩვენგან აუღია, თუ პირიქით, გამოვიკვლიოთ და გავიცნობიეროთ ის უდიდესი საგანძური ადამიანური კულტურის არსებობისა, რომელიც ჩვენს თანამედროვე ქართულ კულტურაში არსებობს და იქით შევთავაზოთ დასავლეთს, რომელსაც თავად გასჩენია პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ზნეობრივ კრიზისთან?
ჩვენ ვიზიარებთ ავტორის დასკვნას იმის შესახებ, რომ ჩვენი ერის კულტურულ-ინტელექტუალური პოტენციალი არის ის უმნიშვნელოვანესი ქართული პროდუქტი (საბაზრო ეკონომიკის გაგებით), რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიო კულტურულ-ეკონომიკურ ბაზარზე.
ჩვენ ასევე სრულად ვიზიარებთ ვასო კუკუნაშვილის თვალსაზრისს, რომ „თუ დაფერდდა და დააფრაკდა ზნეობა, და, შესაბამისად, დაყრუვდა და დამუნჯდა ერი, გადამხვეველი სამოქალაქო ზნეობრივი კანონის აღსრულების გზიდან, კანონი, რა ლამაზი და მშვენიერიც არ უნდა იყოს იგი, შერმყვნელია და არა მომწესრიგებელი ხალხის თანაცხოვრებისა. როგორც კი გადაუხვევს სამოქალაქო ზნეობრივ კანონს, ეგრევე თავისი ხორცის მომსახურე და მონა ხდება ერი, და, შესაბამისად, ლაჩრობობითა და სიმხდალით აღივსება... თავკაცი ერით უნდა იყოს ძლიერი, ხოლო ერის გარეშე ერთი კაცის ზღვარგადასული სიძლიერე პირდაპირი ნიშანია ერის სისუსტისა და მისი არაბრძნულ მდგომარეობაში ყოფნისა. და იგი ბრალია არა იმ კაცისა, არამედ მთელი ერისა. მონა დუმს თავისი ერის უხამსობისა ზედა, ხოლო თავისუფალი მოქალაქე ითხოვს არაშელახვას ღირსებისა. ვიყოთ არა მონები, არამედ მოქალაქენი და ვუპატრონოთ ქვეყანასა ჩვენსა. ჩვენ თითოეულს გვაქვს ვალი წინაშე უფლისა და წინაშე ჩვენი ქვეყნისა, რომლის მსახურება უმთავრესი მოვალეობაა“ („ჯვარ-პატიოსანი“).