ჩვენს ოპოზიციას უნდა, რომ მერე ხელისუფლებისთვის დასაყვედრებელი ჰქონდეს, რომ თქვენს გამო კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთო, თუ სტატუსი მოგვცეს, ასეთი საბაბი არ ექნება. ამიტომ ყოველმხრივ ეცდება, რომ სტატუსი არ მოგვცენ. როგორი პასუხი მოვა, გამოჩნდება - ამის შესახებ „რეზონანსთან" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია შანსს არ ტოვებს და შესაძლოა კითხვარის შევსების მომენტიც ისეთივე ჭიდაობის საგანი გახადოს, როგორიც უკრაინაში ვიზიტი იყო.
„ჩვენ ისეთ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე, რომელიც შანსს არ სტოვებს, უკრაინაში წასვლის სცენაც კი ჭიდაობის საგანი გახდა. რა თქმა უნდა ესეც წინაღობის საგანი გახდება, თუმცა გასაჯაროვების მოთხოვნა რამდენად სამართლიანია, არ ვიცი. ანალოგიური ტიპის დოკუმენტების გასაჯაროვების პრაქტიკა არის თუ არა, ამაზე საუბარი მიჭირს.
„თუმცა ამასაც თავისი ფუნქცია უნდა ჰქონდეს, მაშინ დოკუმენტი რეფერენდუმზე უნდა გამოდიოდეს, ამ შემთხვევაში გასაჯაროვებას აზრი აქვს. ისე გასაჯაროვებას კი რა აზრი აქვს, გაუგებარია. პარლამენტის წევრები პოლიტიკოსები არიან და პოლიტიკოსებს კი ამ დოკუმენტთან ხელმისაწვდომობა და თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალება ექნებათ. მეჩვენება, რომ ამ მიზეზების გამო შექმნილი პრობლემა მეტ-ნაკლებად ხელოვნურია, ასეთი ხელოვნური პრობლემების გაჩენა კი ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციაში ბუნებრივია.
„ჩვენს ოპოზიციას უნდა, რომ მერე ხელისუფლებისთვის დასაყვედრებელი ჰქონდეს, რომ თქვენს გამო კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთო. თუ სტატუსი მოგვცეს, ასეთი საბაბი არ ექნება. ამიტომ ყოველმხრივ ეცდება, რომ სტატუსი არ მოგვცენ. როგორი პასუხი მოვა, გამოჩნდება," - განაცხადა საყვარელიძემ.
საპარლამენტო ოპოზიციამ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილი მისწერა, სადაც აღნიშნავენ, რომ აღმასრულებელი უწყებების მიერ ევროკავშირის კითხვარზე პასუხის მომზადების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად, მათ მთავრობას მოთხოვეს კითხვარის გასაჯაროება, მთავრობა კი თავს არიდებს ამას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით კი კითხვარი გასაჯაროვდება. ამის შესახებ მან თქვა ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომის შემდეგ, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.
მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, ქართული მხარე კითხვარს დროულად დაამუშავებს, სწრაფად და ეფექტიანად წარმართავს შევსების პროცესს, რომელიც ყველა უწყების ჩართულობით სამუშაო ჯგუფების ფორმატში წარიმართება, და ამას პირადად გააკონტროლებს პრემიერ-მინისტრი.
„ჩვენ მოვითხოვეთ, მთავრობას გადმოეცა კითხვარი საზოგადოებისთვის, როგორც ხალხის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესის გათვალისწინებით. აქამდე მთავრობა თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება. ჩვენ გვესმის, რომ ევროკავშირის ინფორმირების შემდეგ მიმღებ მხარეს, ე.ი. საქართველოს მთავრობას აქვს დისკრეცია, ევროკავშირის კითხვარი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენ ვითხოვთ თქვენს დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში. თუ ევროკავშირის რომელიმე პროცედურული წესი ხელს უშლის მთავრობას აღნიშნულის გაკეთებაში, ჩვენ ასევე მადლობელი ვიქნებით ინფორმირებულები ვიყოთ ამის შესახებ," - ვკითხულობთ წერილში.
„ჩვენ 3 მარტს გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, გავაძლიეროთ ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. დღეს შეკრებაზე ევროკომისიის მიერ 11 აპრილს გადმოცემული კითხვარის შესავსებად გასატარებელ ღონისძიებებს განვიხილავთ. საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგში პირადად შეხვდა ევროკომისარ ვარჰეის, რომელმაც მას ეს კითხვარი გადასცა. შევიკრიბეთ, რომ ვიმსჯელოთ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა გავატაროთ ყველამ ერთად. საჭიროა ყველა უწყების ჩართულობა, მაქსიმალური კოორდინაცია, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად და სწრაფად შევავსოთ და დროულად დავუბრუნოთ შევსებული დოკუმენტი", - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, ქართული მხარე ევროკავშირისგან მიღებულ კითხვარს დროულად დაამუშავებს და ევროპელ პარტნიორებს გადასცემს, ხოლო ევროკომისია დასკვნას ივნისის ბოლოს წარადგენს. კითხვარის სწრაფად და ეფექტიანად შევსების პროცესს, რომელიც ყველა უწყების ჩართულობით, სამუშაო ჯგუფების ფორმატში წარიმართება, პირადად გააკონტროლებს პრემიერ-მინისტრი.
მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კითხვარის გასაჯაროებაზე გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს. მისივე თქმით, მთავარია, ოპოზიცია იყოს კონსტრუქციული, ხელისუფლების გვერდის ავლით წერილებით მიმართვა კი უადგილოა.