ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახური (BBC Russian) აქვეყნებს მასალას სათაურით - „ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი გვაფრთხილებს: არსებობს ბირთვული დარტყმის რისკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში განცდილი წარუმატებლობის გამო“.
გთავაზობთ პუბლიკაციას:
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA - ცსს) დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში გამარჯვების იმედს დაკარგავს და სასოწარკვეთა დაეუფლება, მაშინ მოსკოვის მხრიდან ტაქტიკური ან მცირე სიმძლავრის მქონე ბირთვული საბრძოლო იარაღის გამოყენების საფრთხის რისკი მკვეთრად მატულობს.
თუმცა აშშ-ის საგარეო დაზვერვის უფროსმა იქვე ხაზი გაუსვა, რომ ჯერჯერობით მას ხელთ არ აქვს ჯარების გაშლის ან სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ისეთი მონაცემები, რომლებიც ასეთ გეგმებს დაადასტურებს. „ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დაკვირვებით ახორციელებს სიტუაციის მონიტორინგს“, - აღნიშნა უილიამ ბერნსმა.
„აშშ-ის პრეზიდენტის - ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სერიოზულად უყურებს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით - არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და რუსეთის ხელმძღვანელობას, თუ მხედველობაში მივიღებთ [მათ მიერ ბოლო ხანებში განცდილ] სამხედრო წარუმატებლობებს, სასოწარკვეთილება დაეუფლოთ“, - ხაზი გაუსვა ცსს-ის დირექტორმა.
ტაქტიკური ბირთვული იარაღი ისეთი, შედარებით ნაკლებად დამანგრეველი ძალის მქონე საბრძოლო იარაღია, რომლის გამოყენება ბრძოლის ველზეა გათვლილი. რუსეთი ასეთი იარაღის დიდ არსენალს ფლობს.
უილიამ ბერნსმა მკაცრად დაგმო რუსეთის ჯარების მხეცური მოქმედება უკრაინის სხვადასხვა ადგილში (მათ შორის - ქალაქ ბუჩაშიც) და მათი ქცევა „საშინელ დანაშაულად“ შეაფასა. ცსს-ის დირექტორმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ ომის შემდგომი ეტაპი [უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში] ძალიან სისსხლისმღვრელი იქნება.
უილიამ ბერნსმა დაგმო პეკინის მიერ გატარებული კურსი უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ და ჩინეთის ხელმძღვანელს სი ძინპინს „პუტინის აგრესიის მდუმარე პარტნიორი“ უწოდა.
უილიამ ბერნსი რუსეთში აშშ-ის ელჩად 2005-2008 წლებში მუშაობდა, იგი თავისუფლად ლაპარაკობს რუსულ, ფრანგულ და არაბულ ენებზე. იგი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი თანამშრომლებიდან რუსეთის ხელმძღვანელებს ყველაზე ხშირად ხვდებოდა და ესაუბრებოდა.
სულ ბოლოს უილიამ ბერნსი მოსკოვში 2021 წლის ნოემბერში იყო ჯო ბაიდენის დავალებით, რათა გაეფრთხილებინა ვლადიმერ პუტინი - ამერიკის დაზვერვამ რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრის გეგმები იცისო.
როგორც „ბი-ბი-სის“ ერთ-ერთი წყარო ამბობდა, ზოგიერთმა რუსმა მაღალი თანამდებობის მქონე ჩინოვნიკმა სწორედ აშშ-ის დაზვერვის მეშვეობით გაიგო, რომ რუსეთი შეიძლება უკრაინას თავს დაესხას და ომი დაიწყოსო.
გუშინ უილიამ ბერნსმა, ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გამოსვლისას, განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან გასული წლის ნოემბრის შეხვედრამ მასზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა: „მართალია, მაშინ ჯერ კიდევ არ ჩანდა, რომ მას უკრაინაში შეჭრაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, მაგრამ იგი ამისკენ დემონსტრაციულად იხრებოდა - ალბათ, იმიტომ, რომ იგი ხედავდა: კრემლის შანსები უკრაინის პოლიტიკური ორიენტაციის შესაცვლელად მცირდებოდა“, - თქვა უილიამ ბერნსმა.
ცსს-ის დირექტორი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინის არმიის სწრაფ კაპიტულაციას და რუსეთის არმიის სწრაფ გამარჯვებას (მინიმალური დანაკარგებით) ელოდებოდა, მაგრამ მოტყუვდა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ვერ გაითვალისწინა ევროპის მკაცრი სანქციები და თვლიდა, რომ დაგროვილი ვალუტის რეზერვები საკმარისი იქნებოდა რუსეთის ეკონომიკის დასაცავად დასავლეთის ეკონომიკური სანქციებისაგან.
ვლადიმერ პუტინის ყველა გათვლა უსუსური აღმოჩნდა, - ხაზი გაუსვა უილიამ ბერნსმა, - შვიდი კვირა გავიდა ომის დაწყებიდან და უკრაინელი ხალხის ნებისყოფა გაუტეხავი რჩება, რუსეთი კი კოლოსალურ დანაკარგებს განიცდის, უარესდება მისი რეპუტაციაც. წყარო