მოწვევა, რომელიც ნოტით არის გამოგზავნილი, რასაკვირველია მოწვევას არ ჰგავს - ეს უფრო არის ნიშნის მოგებით გაკეთებული არა მოწვევა, არამედ იმ ადგილას დაბარება, სადაც თვითონ მიაჩნათ საჭიროდ, რომ ვინმე უნდა ჩავიდეს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან უკრაინის ქალაქ ბუჩაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევაზე საუბრისას გააკეთა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ნოტით არ იწვევენ, მეტი კონკრეტიკისგან კი, თავი შეიკავა.
“მოწვევას, რომელიც შალვა პაპუაშვილის მიმართ მივიღეთ, მოწვევას ვერ დავარქმევდი. უკრაინის ოფიციოზის, ცალკეული პიროვნებების, მათ შორის უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ძალიან არამეგობრული განცხადებები გაკეთდა. შედგენილი იყო მთელი წერილი, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას აყენებდა როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე საზოგადოების დიდ ნაწილს.
უკრაინის ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას პოლიტიკოსთა დიდი რაოდენობა ითხოვს, ვინც არ შეუერთდა რეზოლუციას, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის უფლებამოსილებას აჩერებს. ასევე ქვეყნები არ შეუერთდნენ განაცხადს ტრიბუნალზე, უკრაინაში რუსეთის ქმედებების შესაფასებლად. არცერთი ქვეყნიდან არ მომხდარა ელჩების გაწვევა. ასეთი დამოკიდებულებების პირობებში ეს არ შეიძლება მოწვევად ჩაითვალოს - ეს არის არადიპლომატიური, დაპატიჟების საკმაოდ უხეში ფორმა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს არ ეკადრება - მით უფრო საქართველოს, რომელმაც პოლიტიკურ ასპარეზზე საკმაოდ სერიოზული, მძლავრი ნაბიჯები გადადგა და თავად ძლიერ დაზიანებულმა და საფრთხის ქვეშ მყოფმა ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რათა უკრაინას პოლიტიკურ მხარდაჭერა ჰქონდეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
აქვე ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ეს მოწვევა არ არის ის, რასაც ჰქვია მეგობრული ჟესტი და მეგობარი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევა მეგობარი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ“.