„რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას იმპერატივად ხდის“ - ასეთი სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Newsweek-ი „ჯეიმსტაუნის ფონდის“ უფროსი მკვლევრის, იანუშ ბუგაჟსკის სტატიას.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც საერთაშორისო სანქციები რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარ ზიანს აყენებს, კრემლი შესაძლოა სულ უფრო მეტად სასოწარკვეთილი გახდეს მის საზღვრებთან დასავლეთის ეკონომიკური ინტერესების მიმართ. ერთ-ერთი მთავარი მოწყვლადი სფერო ენერგეტიკული არტერიები და სატრანსპორტო მარშრუტებია, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით კასპიის აუზს ევროპასთან აკავშირებს.
„ნავთობისა და გაზის ძირითადი მილსადენები საქართველოს უმეტეს ნაწილზე გადის. საქართველო აშშ-ის სანდო მოკავშირე, ნატოს პარტნიორი და ევროკავშირის ასპირანტი ქვეყანაა, რომლის ტერიტორია უკვე ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ და რომელსაც დასავლეთის მხრიდან უფრო მეტი დაცვა უნდა მიეცეს“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო ევროპის ქვეყნებში არარუსული ნავთობისა და გაზის ძირითადი სატრანზიტო ქვეყანაა, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენები და სამხრეთ გაზის დერეფანი. ეს მნიშვნელოვანი მილსადენები საფრთხის ქვეშაა, რადგან რუსეთის ძალები, რომლებიც ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას ახდენენ, სწრაფად შეძლებენ მათ ხელში ჩაგდებას, აღმოსავლეთ-დასავლეთის სასიცოცხლო მნიშვნელობის მაგისტრალის გაწყვეტასა და საქართველოს ფაქტობრივად დაყოფას.
„დასავლეთის ქვეყნები რუსეთის ნავთობსა და გაზზე ყოვლისმომცველი ემბარგოსკენ მიდიან, რათა მოსკოვს ჩამოართვან შემოსავლები, რომელიც ხელს უწყობს მის ომს უკრაინის წინააღმდეგ. საქართველო ღიად უჭერს მხარს უკრაინას, საერთაშორისო სანქციების რეჟიმს შეუერთდა მაშინაც კი, როდესაც მას რუსეთის არმიისგან განახლებული საფრთხე ემუქრება, რომელიც უკვე აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ს და ტანკები ჰყავს განთავსებული საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში“, - წერს სტატიის ავტორი.
სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში შეჭრის შემდეგ, მოსკოვი არ დაექვემდებარა დასავლურ სანქციებს მაშინაც კი, როდესაც რუსეთმა ევროკავშირის მიერ მოლაპარაკებული სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვია. რუსეთის აგრესიის ფონზე, დასავლეთის წარუმატებლობამ კრემლი გაათამამა, რათა უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმები დაეგეგმა.
„თბილისს ნებისმიერ დედაქალაქზე უკეთ ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სანქციების დაწესება აგრესიის შეჩერების მიზნით. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მნიშვნელოვანი ფინანსური სანქციების შესაბამისად იმოქმედებს. მთავრობა საერთაშორისო დონეზე უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, მხარი დაუჭირა რუსეთის გარიცხვას ევროპის საბჭოდან და იმ 38 ქვეყანას შორის არის, რომლებიც ომის დანაშაულების გამოძიებას ითხოვენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC). დღეისათვის, საქართველომ უკრაინას დაახლოებით 140 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ უცვლელ მიზნად რჩება და საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ უზრუნველყო მისი კონსტიტუციაში ჩაწერა.
„თუმცა, ეკონომიკური განვითარების საფუძველი ეროვნული უსაფრთხოებაა და საქართველოს თითოეული მთავრობა ალიანსთან უფრო მჭიდრო კავშირებით ცდილობს ნატოს წევრობისკენ გზის გაკაფვას. აშშ-ისა და ნატოსთვის აუცილებელია არ დაუშვან მოსკოვის მიერ ახალი რეგიონული კონფლიქტების გაჩაღება და საქართველო წარმოადგენს იდეალურ შესაძლებლობას მოსკოვის შეკავების მიზნით, ქვეყნის თავდაცვის მიმართ უფრო ძლიერი ვალდებულებების აღების გზით. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო გააძლიერებს აშშ-თან 2009 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე ახალი ინიციატივა, მათ შორის საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და საქართველოს უფრო აქტიური მხარდაჭერა დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის კუთხით“, - წერს სტატიის ავტორი.