ორი დღის წინ, უკრაინულმა მედიამ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია გავრცელებისთანავე კატეგორიულად უარყვეს.
მეორე დღეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც უპასუხა უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და უკრაინულ მხარეს მოსთხოვა შესაბამისი მტკიცებულებები მოაწოდონ. "წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა, წარმოადგენს უკიდურესად არამეგობრულ და პროვოკაციულ ნაბიჯს და მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას, რომელიც ნებსით, თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს", - განაცხადეს სუს-ში.
იმის გასარკვევად, რას ემსახურება მსგავსი განცხადება, ვის ინტერესებში უნდა შედიოდეს ის, რა ზიანის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის და როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, ამ კითხვებზე ambebi.ge - ს ექსპერტები პასუხობენ.
თენგიზ ფხალაძე, პოლიტოლოგი:
"ეს არ არის სათამაშო და სახუმარო თემა, რადგან გვიყენებენ უსერიოზულეს ბრალდებას, რომლის მსგავსი საქართველოსთვის არავის დაუბრალებია და რაც ძალიან აზიანებს ქვეყნის იმიჯს და მომავალს. ამიტომ, ცხადია, ამას სჭირდება სერიოზული რეაგირება. როდესაც ვრცელდება ამ ტიპის ბრალდება, მას უნდა მოჰყვეს შესაბამისი ინფორმაციის გაზიარება - რას ეფუძნება ეს ბრალდება. ჩვენ - საქართველო და უკრაინა ვართ პარტნიორი ქვეყნები და გვაქვს პარტნიორობის ფორმატები, შესაბამისად, ამ ფორმატებში უნდა იყოს განხილული ის, თუ რაზეა ლაპარაკი. ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არის სწორი იმიტომ, რომ მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ ასე არ ხდება, ამ თემას ვერ დახურავს. ერთია, უნდა მოვითხოვოთ ის, თუ რას ეფუძნება ეს ყველაფერი და მეორე - თუ კი სადმე რაიმე ეჭვი არსებობს, ამისთვის არის პარტნიორობის როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი (არა მხოლოდ უკრაინასთან) მონიტორინგის მექანიზმები, რომლების ამოქმედებაც მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს ჩვენი სასაზღვრო და საბაჟო პუნქტების დაცულობას და კონტრაბანდასთან ბრძოლას. ეს ყველაფერი არც სპეკულაციისთვის და მანიპულაციებისთვის სივრცეს აღარ დატოვებს. კარგია, რომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადაიდგა და კიდევ უნდა გაგრძელდეს მუშაობა. დღეს საქართველოსა და უკრაინის წაკიდება ვის ინტერესში შედის, ამას დიდი გამოცნობა არ სჭირდება, ეს რუსეთია. უპირველესი ამოცანაა გაირკვას, რაზე დაფუძნებით იყო ეს ყველაფერი ნათქვამი. ეს ხომ არ ყოფილა რომელიმე პოლიტიკოსის განცხადება, იყო სერიოზული უწყების ინფორმაცია, ამიტომ აქ სერიოზული სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი არა მხოლოდ უკრაინასთან. ვიმეორებ, გადაიდგა სწორი ნაბიჯები და ეს კარგია და იგივე უნდა მოჰყვეს უკრაინის მხრიდან. თუ არ მოჰყვება, მაშინ უნდა ახსნან, რაზე დაფუძნებით გაკეთდა ეს განცხადება, მერე უკვე უნდა გავყვეთ, ვინ და რატომ შეიყვანა ის მხარე შეცდომაში. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს რეაგირებაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ სწორ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, მაშინ ეს ჩვენზე ძალზე უარყოფითად იმოქმედებს. ამიტომ საჭიროა ნაკლები რიტორიკა და მეტი საქმე“.
დავით კუხალაშვილი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში:
"რეალურად, ეს არ არის პროვოკაცია, მტკიცებულებების გარეშე აღნიშნული ხასიათის ინფორმაცია წარმოადგენს სადაზვერვო ხასიათის დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სახელმწიფოს და მისი ხელისუფლების კომპრომეტაციას. სახელმწიფოები, რომლებიც ამის ორგანიზებას აკეთებენ, იმ ქვეყანაში, სადაც დეზინფორმაცია ვრცელდება, დაინტერესებულნი არიან დაიწყოს მადესტაბილიზირებელი ქმედებები, მათ შორის ანტისახელისუფლებო გამოსვლები და ა.შ. რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი რღვევა, ხელისუფლებაზე ზემოქმედებით საომარ კონფლიქტში ჩართვა, ან საომარი მოქმედებების ინსპირირება. ჩემი აზრით, ეს ცალსახად გახლავთ წმინდა სადაზვერვო ხასიათის აქცია მიმართული საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. მანამდე, ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი მტკიცებულებები, ამ მოსაზრებას არსებობის საშუალება აქვს და არის მეორე მიმართულება - ჩვენ სულ გავიძახით, რომ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ვიცით, რომ პარტნიორებს შორის მიმდინარეობს სადაზვერვო კოორდინაციაც, რაც თავის თავში ინფორმაციების გაცვლასაც გულისხმობს. არსებულ რეალობას თუ გავითვალისწინებთ, საქართველო მაღალ დონეზე იცავს სადაზვერვო კოორდინაციის პრინციპებს და ჯერჯერობით არ მომისმენია განცხადებები საქართველოს ხელისუფლებისგან, რომლებიც ძირს გამოუთხრიდა უკრაინის კონსტიტუციურ წყობილებას, უფრო მეტიც, ძალიან მაღალია მხარდამჭერი ქმედებები. ამიტომ ვერ გამოვრიცხავთ, რომ სახეზეა საქართველოს წინააღმდეგ სადაზვერვო აქტივობა და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ეს "ნაცმოს“ ხელით იქნება, საქართველოს მოქალაქეების ხელით თუ სხვა.
იმ შემთხვევაში, თუ უკრაინულ მხარეს ექნება მტკიცებულებები, ვფიქრობ, აუცილებლად დაიწყება სამართლებრივი რეაგირება. თუ მტკიცებულებები არსებობს, რა თქმა უნდა, ამაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, მაგრამ ეს კიდევ დასასაბუთებელია, რამდენად იყო ის ჩართული ამაში. კონტრაბანდის შედინება-გადინება, ზოგადად, ისეთი პროცესია, ამისგან არცერთი სახელმწიფო არაა დაცული. ამის გაკონტროლება სრულად რომ იყოს შესაძლებელი, მაშინ ჩვენ არ გვექნებოდა ამ დონის მასშტაბები, მათ შორის ნარკობიზნესის თვალსაზრისით. ვიცით, რომ ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად ყველა სახელმწიფოს აქვს. ფაქტის დამტკიცების შემთხვევაშიც კი აუცილებელია დადასტურდეს ამ ფაქტთან ხელისუფლების პირდაპირი ან ირიბი კავშირები".