ადამიანებმა ბრალი დაგვდეს, ახლა კეთილი ინებონ და მტკიცებულებაც წარმოადგინონ, რადგან სხვაგვარად წარმოუდგენელია, – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებას.
საუბარია განცხადებაზე, სადაც კულებამ აღნიშნა: „ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოსგან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები არ იქნება საკმარისად დამაჯერებელი“.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, ვინმეს რაიმე კითხვა თუ აქვს, სახელმწიფო წარმომადგენლებისა და შესაბამისი დაწესებულებების განცხადებებს უნდა გაეცნონ.
„რაღაც დაგაბრალონ და შემდეგ შენ საპირისპირო ამტკიცო, ეს არ ვარგა. კარგია, რომ ამ თვალსაზრისით რიტორიკა ცოტა შერბილდა, განმარტებები მოჰყვა და ითქვა, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი ნამდვილად არ აქვს. ახლა საუბარი და სიმძიმის ცენტრი გადადის იმაზე, რომ ჰიპოთეტურად შეიძლება თუ არა, საქართველოში არსებობდეს ასეთი რისკები. თუ ვინმეს რაიმე კითხვა აქვს, გაეცნონ სახელმწიფო წარმომადგენლებისა და შესაბამისი დაწესებულებების განცხადებებს, სადაც ყველა კითხვაზე პასუხს იპოვიან. როცა ამბობენ, რომ ვინმეს რამეში ბრალს დებენ, ამას მტკიცებულებებიც სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი სიტყვაც უფასურდება, რაც არ ვარგა. ამიტომ ჩვენს მეგობარ ხალხს არ ვუსურვებ, რომ იქიდან ასეთი განცხადებები ისმოდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, განცხადება გაავრცელა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა, რომლის მიხედვით „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.