პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მიზანი რეალური კრიტიკის გამოთქმა არ არის, მიზანია, საქართველოში მათთვის სასურველი პოლიტიკური რეჟიმის მოყვანა.
ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბარში გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის დაბარებას გამოეხმაურა.
„ევროკავშირის ელჩს ვკითხე, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი რატომ არ მოგვანიჭეს. მიპასუხა – რიტორიკის ტრაექტორია არის შეცვლილიო. მათ კონკრეტული მაგალითი არასოდეს მოჰყავთ, რასთან დაკავშირებით არის პრობლემა. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, როცა საუბარია, რომ ვიღაცა ციხეშია, რატომ არ უნდათ იმის გარკვევა, რომ ციხეში მოხვედრა მათი პოლიტიკური არჩევანი იყო და არა „ქართული ოცნების“ რაიმე რეპრესიული მოქმედება. ეს ყველაფერი კანონში მარტივად წერია, რომელიც 1999 წელს არის მიღებული. როცა კანონი შეიქმნა, მასში ჩაიწერა, რომ კომისიის სხდომაზე არგამოცხადება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. ამიტომ, აქ ზედმეტი საუბარი არც არის საჭირო. რაც შეეხება ჟურნალისტებზე ზეწოლას, საქართველოში მედიაზე ზეწოლა არ ხდება. აქ იგივე წესი და რეგულაციებია, რაც ბრიტანეთში, რადგან ჩვენ კანონმდებლობაში პირდაპირ BBC-ის სტანდარტი გადმოვიტანეთ. ღიმილის მომგვრელია, რომ ამას ის ქვეყანა აპროტესტებს, რომლის კანონმდებლობაც გადმოვიტანეთ და სამაგალითოდ ითვლებოდა. საქართველოსთან დაკავშირებით მათი მიზანი არ არის რეალური კრიტიკის გამოთქმა, მიზანია – საქართველოში მათთვის სასურველი პოლიტიკური რეჟიმის მოყვანა. ეს უკვე ღიად და დაუფარავად ჩანს. ჩვენთან ურთიერთობაში პრაგმატული მიდგომის არჩევა სჯობს, რადგან ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ასეთი შიშველი შეტევა იწვევს ევროპული პოლიტიკის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას, რაც ევროკავშირის კვლევებით გამოჩნდა. რატომ? – ადამიანები ხედავენ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გარკვეული ქმედებების განხორციელება ხდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.