„ევროპა საქართველოში პოსტსააკაშვილის პერიოდისთვის ემზადება“

„ევროპა საქართველოში პოსტსააკაშვილის პერიოდისთვის ემზადება“

[გეგა ბერიძე]
საქართველოში უკვე სტარტი აქვს აღებული დაუნდობელ პოლიტიკურ ბრძოლას პოსტსააკაშვილისეული ეპოქისთვის. ამ ეტაპზე სახელისუფლებო მზის ქვეშ მსუყე ადგილის მოსაპოვებლად ყველაზე აქტიურად ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ალასანია იბრძვიან. ალბათ ამ მიზანსცენაზეც შეიძლება ითქვას – ნინო და ირაკლი იბრძოდნენ, ბჭობდნენ, ხოლო ყასაბი გიგი იცინოდაო.

ირაკლი ალასანიას შეფასებით, ევროპა და შეერთებული შტატები სააკაშვილის შემდგომი პოლიტიკური ეპოქისთვის ნიადაგს ამზადებენ და სწორედ მის პოლიტიკურ გუნდში ხედავენ ძალას, რომელიც მომავალი არჩევნების შემდეგ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობას აიღებს. ნინო ბურჯანაძე კი ამბობს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ირაკლი ალასანიას გუნდი კომფორტულ ოპოზიციად ხელისუფლების გადაბარების დაპირების სანაცვლოდ აქცია. ბურჯანაძის თქმით, სააკაშვილი იმავეს პირდებოდა მასაც 2008 წლის 3 მარტს, ხოლო დღეს სხვას ატყუებს, როცა ეუბნება მომავალი ხელისუფალი იქნებიო.

საკუთარ ძალას „კომფორტულ ოპოზიციად“ არ მიიჩნევს პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, რომლის განცხადებითაც, ევროპა საქართველოში პოსტსააკაშვილის პერიოდისთვის ემზადება. ეს განცხადება არასაპარლამენტო ოპოზიციონერმა ლიდერმა კავკასიის ტელე-მედია კლუბში ევროპელი მაღალჩინოსნების საქართველოში გახშირებული ვიზიტების მიზეზებზე საუბრისას გააკეთა.

„ევროპელი სტუმრების საქართველოში გახშირებული ვიზიტების ერთ-ერთი მიზეზი, ჩვენი შიდა პოლიტიკის მიმართ ინტერესია, თუმცა არის კიდევ რამდენიმე მიზეზი, მათ შორის ის, რომ საქართველო ნელ-ნელა ისევ ბრუნდება პარტნიორების ინტერესებში, რისი დაკარგვაც თავის დროზე პრეზიდენტ სააკაშვილის არასწორმა ქმედებებმა განაპირობა. ჩვენს მიმართ ისევ გაჩნდა ინტერესი, რაც თავის მხრივ, საქართველოს მომავლის პერსპექტივებს უჩენს. გარდა ამისა, ევროპა პოსტსააკაშვილის პერიოდისთვის ემზადება და ევროპელი ლიდერებიც ხვდებიან იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებსაც ხედავენ როგორც მომავალ არჩევნებზე ხელისუფლების ხელში აღების პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურ ძალებს“, – აცხადებს ალასანია.

რაც შეეხება ოფიციალური ვაშინგტონის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, ირაკლი ალასანიას აქაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვს. მისი განცხადებით, „აშშ ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ხედავს ძალას, რომელიც მზად არის, მომავალი არჩევნების შემდეგ, პასუხისმგებლობა აიღოს ქვეყნის მართვაზე“.

აქვე ალასანია იმ პოლიტიკურ ძალებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც საქართველოსთვის მაცოცხლებელი მზის ამოყვანას ისევ ჩრდილოეთიდან ცდილობებ. პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ეეჭვება, რომ ქართველი ოპოზიციონერები მოსკოვში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოგვარების ფონის შესაქმნელად დადიოდნენ.

ამის შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციონერმა ლიდერმა იმავე კავკასიის ტელე-მედია კლუბში სტუმრობისას განაცხადა.

„რუსეთთან ურთიერთობების მოგავრება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა მოლაპარაკებები ხელისუფლებებს შორის უნდა გაიმართოს და არა ოპოზიციასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციონერი ლიდერების მოსკოვურ ვოიაჟებს, ეჭვი მეპარება, ისინი რუსეთში მომავალი მოლაპარაკებების ფონის შესაქმნელად დადიოდნენ“, – აცხადებს ალასანია.

შეგახსენებთ, რომ „დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, იგი მოსკოვში იმ მოლაპარაკებების ფონის შესაქმნელად დადის, რომელიც საქართველოს გაერთიანების მიზნით, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოსკოვსა და თბილისს შორის უნდა გაიმართოს.

ირაკლი ალასანიას განცხადებით კი, საზოგადოება მალე დაინახავს, ქვეყნის როგორ განვითარებას უჭერს მხარს ნინო ბურჯანაძე. როგორც ალასანიამ კავკასიის ტელე-მედია კლუბში სტუმრობისას განაცხადა, მისმა პოლიტიკურმა გუნდა ხელისუფლების არჩევნების მეშვეობით შეცვლის გზა აირჩია, თუმცა არიან ლიდერები, რომელთა გეგმებშიც ეს გზა არ შედის.

„იაროს ბურჯანაძემ იმ გზით, რომელიც თავად აირჩია და საზოგადოება დაინახავს, ქვეყნის როგორ განვითარებას უჭერს მხარს იგი. ჩვენ კი ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას ვცდილობთ და ქვეყნისა და ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხებზე ვკამათობთ და ვმსჯელობთ“, – აცხადებს ალასანია.

პოლიტიკურ ვალში არც ნინო ბურჯანაძე რჩება. „დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას გუნდი კომფორტულ ოპოზიციად ხელისუფლების გადაბარების დაპირების სანაცვლოდ აქცია.

ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ასევე კავკასიის მედია ჯგუფში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა და არც ის დაუმალავს, რომ თავის დროზე, მსგავსი დაპირება სააკაშვილისგან თავადაც მიიღო.

„2008 წლის 3 აგვისტოს, როდესაც სააკაშვილს ვესაუბრე, მეუბნებოდა, შენ ხარ მომავალ ხელისუფალი და ყველაფერი კარგად იქნებაო, ასე იქცვეა დღესაც მისთვის კომფორტულ ოპოზიციასთან მიმართებაშიც. ამ სიტყვებში რა თქმა უნდა, ალასანიას ვგულისხმობ. მასაც ისევე ატყუებს, როცა ეუბნება, რომ ის იქნება მომავალი ხელისუფალი. „ნაცმოძრაობისთვის“ კი ხელისუფლების ჩანაცვლება ნიშნავს იმას, რომ შეიცვლება სააკაშვილი, ხოლო ადეიშვილი, მერაბიშვილი და სხვები კვლავ დარჩებიან ხელისუფლებაში“, – აცხადებს ბურჯანაძე.

მისივე თქმით, „ხელისუფლებისთვის კომფორტულად ქცეულმა ოპოზიციამ კარგად იცის, რასაც აკეთებს, თუმცა იმედი აქვს, რომ ვიღაც მისით ჩაანაცვლებს ხელისუფლებას“.