ევროპული საბჭო მტკიცედ გმობს მხეცობას, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებში ჩაიდინეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უზენაესი პოლიტიკური ორგანოს განცხადებაშია ნათქვამი.
„მტკიცებულებები მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა და დაჭრილთა უზარმაზარი რაოდენობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევის შესახებ ჭეშმარიტ სახეს აჩვენებს ამ სასტიკი, აგრესიული ომისა, რომელსაც რუსეთი უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. მასობრივი მკვლელობები ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში ევროპულ მიწაზე ჩადენილი მხეცობების სიაში შევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპულს საბჭოში მიიჩნევს, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი რუსეთის მთავრობაა, რომელიც დანაშაულების ჩადენის მომენტში კიევის ოლქის ქალაქებს აკონტროლებდა და დამნაშავეები პასუხს აგებენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ომი.
ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას „დადგმული“ უწოდა.