მაია სანდუ სანქციებზე: თუ ენერგორესურსების გარეშე დავრჩით, ამით არავის დავეხმარებით: არც მოლდოვას, არც უკრაინას, არც დასავლელ პარტნიორებს

მაია სანდუ სანქციებზე: თუ ენერგორესურსების გარეშე დავრჩით, ამით არავის დავეხმარებით: არც მოლდოვას, არც უკრაინას, არც დასავლელ პარტნიორებს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ქვეყანა ენერგორესურსების მხრივ რუსეთზეა დამოკიდებული, რის გამოც ამ დროისთვის კიშინიოვი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება.

სანდუს თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მოლდოვა უკრაინული, ბელარუსული და რუსული ბაზრის გარეშე დარჩა.

„შეგვიძლია თუ არა დღეს ქვეყანა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დავტოვოთ? არა, არ შეგვიძლია. ეს შეეხებოდა როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე 100 000 უკრაინელ ლტოლვილს, რომელთა შორის 50 000 ბავშვია“, - განაცხადა მაია სანდუმ.

მისივე განცხადებით, მიუხედავად ამისა, მოლდოვას დასავლეთის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ომი შეწყდეს. თუმცა არსებობს რაღაცები, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის უნდა უზრუნველვყოთ. თუ ენერგორესურსების გარეშე დავრჩით, ამით არავის დავეხმარებით: არც მოლდოვას, არც უკრაინას, არც დასავლელ პარტნიორებს“, - აღნიშნა სანდუმ.