თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი ქეით ბედინგფილდი აცხადებს, რომ აშშ ჯერ არ არის მზად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბროს.
„ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვესაუბრებით უკრაინელებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაში, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს ვიტყვი“, - აცხადებს ქეით ბედინგფილდი.
კითხვაზე, რომელიც უკრაინისთვის პოლონური სამხედრო თვითმფრინავების გადაცემას ეხებოდა, თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი არ აპირებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რამაც შეიძლება რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი სამხედრო კონფრონტაცია გამოიწვიოს.
„როდესაც პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას იმაზე, თუ რა გადაეცეს უკრაინას, ის ორ ფაქტორს ითვალისწინებს. პირველი ფაქტორია სამხედროების შეფასებები იმასთან დაკავშირებით, თუ რისი მიწოდება იქნება ყველაზე ეფექტური უკრაინული ჯარისთვის. მეორე ფაქტორია ის, რომ ბაიდენი ცდილობს, არ დაუშვას ამერიკელი და რუსი სამხედროების პირდაპირი კონფლიქტი“, - აღნიშნა ქეით ბედინგფილდმა.